კობა დავითაშვილი - ეს არის გუნდი?! გუნდში ყველა თანაბარი უნდა იყოს! - კვირის პალიტრა

კობა დავითაშვილი - ეს არის გუნდი?! გუნდში ყველა თანაბარი უნდა იყოს!

კობა დავითაშვილისთვის თანაგუნდელების არაკომპეტენტურობაში მხილება, შეიძლება ითქვას, ტრადიციად იქცა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სულ ცოტა ხნის წინ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტზე გამართულ დავას სისულელე უწოდა, მანამადე კი საკუთარი პოლიტიკური გუნდის წევრი, მინისტრი ღარიბაშვილი უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა...…დავითაშვილმა საკუთარი თანაგუნდელების კრიტიკისთვის პრემიერისგან შენიშვნა ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგენკო კერძო სადაზღვეო კომპანიების ლობირებაში საჯაროდ დაადანაშაულა. ამჯერად რა პრეტენზიები აქვს მას საკუთარ თანაგუნდელებთან, კიდევ ვის მხილებას გეგმავს და აპირებს თუ არა ოპოზიციაში გადასვლას ამის გარკვევას თავად დავითაშვილთან საუბრისას შევეცადეთ.

- ბატონო კობა, იზიარებთ თუ არა პრემიერ ივანიშვილის პოზიციას იმის შესახებ, რომ თქვენი ქმედებები გუნდური თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება?

- ადამიანის მიერ საკუთარი აზრის გამოხატვა გუნდური მუშაობის პრინციპებს რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს? მე გუნდსა და ჯოგს შორის განსხვავებას ვხედავ. ჯოგურად არასდროს მიმუშავია და არც ვაპირებ. გუნდური მუშაობა გუნდის წევრებს შორის კონსულტაციებს, ერთმანეთის ინფორმირებას და ურთიერთშეთანხმებას ნიშნავს და არა იმას, რომ მთავრობა მღეროდეს და პარლამენტი ბანს აძლევდეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებდა, ირაკლი ღარიბაშვილმა არ ამიხსნა, რატომ დაარბია "ლაბორატორია 1918"-ის მიერ მოწყობილი აქცია, როდესაც ზუსტად ისეთივე კანონდარღვევა "ნაციონალებს" ხახვივით შეარჩინა? რატომ ამყოფებენ "ნაციონალებს" სტუდენტებზე უპირატეს მდგომარეობაში?

- ბატონო კობა, საკუთარი ქმედება თუ შეუთანხმეთ ვინმეს, ქუთაისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს რომ დაუპირისპირდით და მათ არადაამიანები უწოდეთ?

- უკაცარავად, აქციის მონაწილეებს არა, რამდენიმე ადგილობრივ "ნაციონალს" დავუპირსპირდი და რაც ეკუთვნოდათ, ის ვუთხარი. ეს სხვა რამეა. მინისტრმა ღარიბაშვილმა თვალი დახუჭა იმაზე, რომ "ნაციონალებმა" კანონი დაარღვიეს, ზუსტად იგივე საქციელის გამო კი სტუდენტები დაარბია. მაინტერესებს რატომ მოხდა ასე. სხვათა შორის, მე ვერ დავინახე გუნდური მიდგომა იმ დღეს პარლამენტში, როდესაც მე აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი წარვადგინე. ჩემმა თანაგუნდელებმა მეორე მოსმენაზე გამომიცხადეს, თურმე მათთვის არათუ ცალკეული მუხლი, ზოგადად მთელი კანონპროექტია მიუღებელი. ეს არის გუნდი?! გუნდში ყველა თანაბარი უნდა იყოს, მათ თუ დასჭირდებათ, კობამ გუნდურად უნდა ითამაშოს, მე თუ დამჭირდება ქუდი უნდა დაიხურონ და განზე გადგნენ.

- ე.ი. თანაგუნდელებს საჯაროდ იმიტომ აკრიტიკებთ, რომ მათზე განაწყენებული ხართ?

- არა, ასე არ არის, გუნდური მუშაობის საშუალება რომ იყოს და თითოეული წევრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გუნდში ვმსჯელობდეთ, ასე არ იქნებოდა. მე პოსტ ფაქტუმ ვიგებ საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ. სხვათა შორის, ასეთ სიტუაციაში მხოლოდ მე არ ვარ, ზოგადად კოალიციაში გუნდური მუშაობის პრობლემა დგას.

- გუნდში არსებული პრობლემების შესახებ პრემიერს არაფერს ეუბნებით?

- აბა, ამ წუთში რას ვაკეთებ თქვენი საშუალებით?

- ვიდრე "აზარტული თამაშების შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენაზე გაიტანდით, თანაგუნდელებთან კონსულტაციები არ გაიარეთ?

- კი, როგორ არა, მე ვიცოდი, რომ პრემიერ-მინისტრი ამ კანონპროექტის წინააღმდეგი იყო. ამიტომ შევხვდი და ავუხსენი, რომ თამაშების აკრძალვას რადიკალურად არ ვითხოვდი და მხოლოდ რეკლამის აკრძალვაზე მქონდა საუბარი. საბოლოოდ მან მითხრა, რომ მე არ ჩავერევი, თუ გინდათ ეს კანონპროექტი მიიღეთო. მთავრობის წევრებთან მთელი ერთი თვის განმავლობაში მქონდა კონსულტაციები. ამიტომაც იყო, რომ პირველი მოსმენიდან მეორე მოსმენამდე ერთი თვე გავიდა. ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, თავის გარშემო მიმოიხედოს და თუ აზარტული თამაშებით გაუბედურებულ ოჯახს ვერ აღმოაჩენს, მაშინ ხელებს ავწევ.

- პრემიერმა ან "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებმა რა საბაბით არ დაუჭირეს მხარი ამ კანონპროექტს?

- ისინი ამბობენ, რომ ეს ბიზნესია და ბიზნესისთვის ხელისშეშლა არ სურთ. მე ეს მიზეზი არგუმენტად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ აზარტული თამაშების ბიზნესი ჩვეულებრივი საქმე არ არის, ეს არის ადამიანის სისხლზე, ცრემლებზე და უბედურებაზე დამყარებული ბიზნესი. კაზინოსა თუ ინტერნეტკაზინოს მოგება ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების წაგებას. მართლა არ მესმის, რა საჭიროა ბიზნესი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს წაგებაში ამყოფებს?

- ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებზე თქვენს მიერ საჯაროდ საუბრის შემდეგ პრემიერს, თქვენსა და მინისტრ სერგეენკოს შორის კონფიდენციალური შეხვედრა გაიმართა. რის შემდეგაც განაცხადეთ, რომ იმ კითხვებს, რომლებიც თქვენ გქონდათ პასუხი გაეცა. სერგეენკომ მართლაც გასცა თქვენს კითხვებს პასუხი, თუ თქვენ სამს შორის შეთანხმება შედგა?

- ხო, აბა, სულ წვრილად ჩამოგიკაკლავთ იმას, რაც კონფიდენციალურ შეხვედრაზე ვთქვით.

- წვრილად ნუ ჩამოგვიკაკლავთ, მხოლოდ არსებითი საკითხი გაგვაცანით.

- არა, არ გამოვა.

- გასაგებია, რაც შეეხება, კანონპროექტს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. რატომ იყო ამ საკითხზე დავა სისულელე?

- კანონპროექტი ძალიან დიდი ყურადღებით წავიკითხე და დავრწუნდი, რომ ეს დოკუმენტი არაფერს ცვლის, არც ჩვენი ევროკავშირში შესვლის თვალსაზრისით, არც ოსებთან, აფხაზებთან და რუსებთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით. ასევე ვერ ვხედავ, ნაციონალების მხრიდან წინააღმდეგობის მიზანს, ეს კანონპროექტი არც დაგვაქცევს და არც აგავშენებს, ფაქტობრივად არაფერს ცვლის. მართლა ვერ გავიგე რას მოჰყვა გააფთრებული დებატები. ამიტომაც იყო, რომ ამ ყველაფერს ვუყურებდი და მაგრად მეცინებოდა.

- ხომ არ არის შესაძლებელი, რომ მალე ოპოზიციაში გიხილოთ?

- თუ ასეთ რამეს გადავწყვეტ, გაგაგებინებთ.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)