"პრეზიდენტობას კი არა, რიგით პოლიტიკოსობასაც არ ვაპირებ"
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" თავის საპრეზიდენტო კანდიდატად პოეტ დავით მაღრაძესა და მეცნიერ გია დვალსაც განიხილავს. დავუკავშირდით ბატონ დავითს და შევეცადეთ გაგვერკვია, შეეფერება თუ არა ეს ინფორმაცია რეალობას.
- ბატონო დავით, როგორც ამბობენ, საპრეზიდენტო კანდიდატად თქვენც განგიხილავენ "ქართულ ოცნებაში…"
- არ ვიცი, საიდან მოდის ეს ინფორმაციები. რა მაქვს დასამალი, მსგავსი არაფერი ხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. მე როგორც გავიგე, "ქართულ ოცნებაში" უკვე დაასახელეს თავიანთი სავარაუდო კანდიდატები: ვახტანგ ხმალაძე, სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი ალასანია, დანარჩენ ორს ვერ ვიხსენებ.
- ეს ოფიციალურად ჯერ არ თქმულა, გამოდის, თქვენ კულუარულ ინფორმაციას ფლობთ...
- არა, რას ამბობთ, ოჯახის წევრებისა და მეზობლებისგან გავიგე. როგორც მითხრეს, პრემიერს ჯერ არ უთქვამს თავისი სიტყვა, თუმცა კანდიდატები უკვე დასახელდაო, მეგონა, ოფიციალურად გამოაცხადეს უკვე. გამოდის, რომ ესეც მედიის ვარაუდია, როგორც ჩემს შემთხვევაში. ვფიცავ ყველაფერს, ნამდვილად არაფერი ვიცი, ჩემთან ამაზე არავის არაფერი უთქვამს. ამ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც სულ პირველად დამისვეს ამის თაობაზე შეკითხვა, მაშინ ვივარაუდე, რომ ამ ჭორის საფუძველი იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადება, როდესაც თქვა, - შეიძლება პრეზიდენტობის ჩვენი კანდიდატი საზოგადოების წარმომადგენელი იყოს და არა პოლიტიკოსიო. მან ეს ზოგადად თქვა, მე კი არ ვუგულისხმივარ. ახლა რაღა მოხდა, არ ვიცი. მე უკვე ვთქვი, რომ პრეზიდენტობას კი არა, რიგით პოლიტიკოსობასაც არ ვაპირებ.
- ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში მახსოვს მითხარით, მე რომ პოლიტიკაში კიდევ მომიწიოს დაბრუნება, არ ყოფილა არც ჩემი და არც ჩემი სამშობლოს საშველიო…
- მე პოლიტიკაში მხოლოდ მაშინ ვერთვები, თუ პოლიტიკა ყაჩაღივით შინ მივარდება, როცა ადამიანის უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას ლახავენ, როდესაც ვხედავ, რომ ღირსებას ჰყრიან ადამიანს და სამართლის პოვნის შანსს არ უტოვებენ. მომავალშიც თუ ასეთი საფრთხე დადგა, კვლავაც ხმამაღლა ვილაპარაკებ ამაზე. საზოგადოება მუდმივად უნდა ფხიზლობდეს და ეს აღარ დაუშვას.
- შეიძლება კოალიცია თქვენი ინფორმირების გარეშე განიხილავდეს თქვენი პრეზიდენტობის საკითხს?
- ძალიან მეეჭვება. ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი.
- მაინც რომ შემოგთავზონ ამგვარი რამ, შეიძლება დათანხმდეთ?
- (იცინის) სრულიად გულწრფელად გეუბნებით, რომ ნამდვილად არ ვაპირებ პრეზიდენტობას. მე ჩემი საქმე მაქვს, მშვენივრად მიდის ჩემი საქმეები. ვფიქრობ, პოლიტიკას ჩემ გარეშეც მშვენივრად გართმევენ თავს.
- ერთ-ერთ კანდიდატად გია დვალიც დასახელდა, რას იტყვით მასზე, ან თუ გყავთ თქვენი ფავორიტი საპრეზიდენტო კანდიდატი?
- გია დვალს შორიდან ვიცნობ, ვიცი, რომ თავისი საქმის პროფესიონალია. საერთოდ, ამ საპრეზიდენტო კანდიდატების განხილვაში სულ არ მინდა რომ ჩავერიო. ამ თემაზე არც მიფიქრია, დაველოდოთ დაასახელონ და მერე შევეცდები, მხარი დავუჭირო "ქართული ოცნების" კანდიდატს.
ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)