"ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს!
კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატად თავად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს. როგორც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ელისო ჩაფიძე ამბობს, საზოგადოების დიდ ნაწილს პრეზიდენტობის კანდიდადატად ბიძინა ივანიშვილის ხილვა სურს. შესაძლოა, კანდიდატის ვინაობა დღესვე გახდეს ცნობილი. ამ წუთებში კოალიციის პოლიტსაბჭო ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში სწორედ ამ საკითხზე მსჯელობს. ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არჩევანი ერთ-ერთ მინისტრზე შეჩერდებოდა. სახელდებოდა კონკრეტული გვარებიც - განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, მათთან ერთად განიხილებოდა, ასევე ვახტანგ ხმალაძის, არმაზ ახვლედიანის, სალომე ზურაბიშვილის, გია დვალისა და დავით მაღრაძის კანდიდატურებიც. საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ უფრო დეტალურად ქალბატონი ელისო გვესაუბრება.
- ქალბატონო ელისო, შესაძლოა თუ არა, რომ კოალიციამ პრეზიდენტობის კანდიდადატად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს?
- არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ საზოგადოების მხრიდან მართლაც ძალიან დიდი მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატობაზე ბატონმა ბიძინამ იყაროს კენჭი. თუმცა მე არ ვიცი, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კოალიციური საბჭო. სხვათა შორის, კოალიციაში ჩემი პარტიიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა არის წარმოდგენილი, ისევე როგორც კოაილიციაში შემავალი სხვადასხვა პარტიების პირველი პირები, მაგალითად, ირაკლი ალასანია, ზვიად ძიძიგური, გუბაზ სანიკიძე და ა.შ. მე ნებისმიერ კანდიდატს დავუჭერ მხარს, რომელსაც კოალიცია აირჩევს. იმიტომ რომ ყველა ადამინი, ვინც კი პრეზიდენტობის კანდიდადტად განიხილება, ღირსეული პიროვნებაა და არ შემიძლია რომელიმე მათგანი პოზიტიურად არ დავახასიათო. ის ფაქტი, რომ საზოგადოება ძალიან ბევრ კანდიდატზე მსჯელობს, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრი ვარსკვლავი გვყავს.
- გია დვალს თუ იცნობთ?
- სამწუხაროდ, მას ჯერ მხოლოდ ტელევიზიით ვიცნობ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ უახლოეს ხანებში ერთმანეთს შევხდებით, რადგან განათლების კონცეფციაზე მუშაობს, მე კი განათლების კომიტეტის წევრი გახლავართ. თუ მის კანდიდატურას დააყენებს კოალიცია, მე მისი გამარჯვებისთვის ისევე ვიბრძოლებ, როგორც ვბრძოლებდი კახი კალაძისთვის. ეს ადამიანი არჩევნების დროს ყველაზე მეტად დამიდგა მხარში. გამონახა დრო, ჩამოვიდა ტყიბულში და უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ჩემს მხარდამჭერ კომპანიაში.
- ე.ი. მას მხარს მადლიერების გამო დაუჭერთ?
- არამხოლოდ მადლიერების გამო. ძალიან დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი ყველა ჩემი თანამემამულის მიმართ, რომლებიც მსოფლიო ასპარეზზე დიდ წარმატებებს აღწევენ და საქართველოს სახელს წარმოაჩენენ.
- ფიქრობთ, რომ ის პრეზიდენტის პოსტზეც შეძლებს საქართველოსთვის სარგებლის მოტანას?
- ვნახოთ, რა იქნება. თუ კოალიციის პოლიტიკური საბჭო მიიღებს გადაწყევტილებას, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ის იყოს, მე მას მხარს დავუჭერ.
- ერთ დროს კოალიციის პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად ირაკლი ალასანია მოიაზრებოდა. შეცდომა, რომელიც მან დაუშვა და რისთვისაც პრემიერის საყვედური მიიღო, საბედისწერო აღმოჩნდა, თუ კიდევ აქვს შანსი?
- ის უაღრესად ღირსეული, ჭკვიანი და გაწონასწორებული ადამიანია და მასაც გულწრფელად ვუგულშემატკივრებ. სხვას ჯერ ვერაფერს გეტყვით.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)