გია ხუხაშვილი - ლეგენდა ლეგენდაზე იქმნება ჩემზე, ახლა უკვე სარეკლამო ბიზნესსაც ვეპატრონები - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილი - ლეგენდა ლეგენდაზე იქმნება ჩემზე, ახლა უკვე სარეკლამო ბიზნესსაც ვეპატრონები

რატომ დაიბარეს სარეკლამო კომპანიები პრემიერის კანცელარიაში და რაზე ისაუბრეს მათთან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა კოკა ყანდიაშვილმა და პრემიერის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა? - ბოლო ორი დღეა ეს კითხვა გაჩნდა ჩვენს საინფორმაციო სივრცეში. ასევე გაჩნდა ვარაუდები, რომ ახლა უკვე სარეკლამო ბიზნესის კონტროლით დაინტერესდა გია ხუხაშვილი. მოგეხსენებათ, ყოველივეს ამ უკანასკნელზე გავრცელებული არაერთი მითი უძღვოდა წინ. მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მიერ წაყენებული ბრალდებები, რომელთა საპასუხოდაც გია ხუხაშვილმა განაცხადა: ,,მე მივიღე "ნაციონალური მოძრაობის" გამოწვევა, ძალიან არ მინდა, მაგრამ კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი". რა აქვს სათქმელი და რა უთხრა სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს, ამას ბატონ გიასთან ინტერვიუდან შეიტყობთ:

- დასაწყისშივე უნდა გითხრათ, რომ იმ ბრალდებებზე, რასაც მე ზოგ-ზოგიერთი მიყენებს, კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. მოგეხსენებათ, მივმართე საგამოძიებო ორგანოებს და მოვითხოვე ყველა იმ საკითხის გამოძიება, რომელთან მიმართებაშიც ჩემი გვარ-სახელი დასახელდა, ახლა ველოდები გამოძიების შედეგებს. რაც შეეხება იმას, რომ "ნაცმოძრაობის" გამოწვევას ვიღებ და უახლოეს მომავალში მათი მმართველობისას ჩადენილ ძალიან ბევრ უცნობ ფაქტს მოეფინება ნათელი, დიახ, აუცილებლად ვაპირებ ამაზე ლაპარაკს, ოღონდ როცა ამის დრო დადგება.

- მაინც რა სახის დანაშაულზე მიანიშნებთ?

- ხომ აცხადებდნენ, რომ საქართველოში კორუფცია ნაციონალურმა რეჟიმმა სრულიად აღმოფხვრა? ჰოდა, უამრავი მეწარმეა საქართველოში, რომელსაც ესენი ფულს სძალავდნენ, სწორედ პარტიული სალაროს შევსების მიზნით. კონკრეტულ საქმეებზე ჯერ ვერ ვლაპარაკობ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდა რამენაირად ამ საქმეების სამართლებრივ წარმოებას შევუშალო ხელი. თანაც მოგეხსენებათ, ჩვენი კანონმდებლობით ქრთამის ამღებიც ისჯება და ქრთამის მიმცემიც. უამრავი ფაქტია, როდესაც ქრთამის მიცემას ხელისუფლება პირდაპირ აიძულებდა ადამიანებს. ბიზნესმენებმა უნდა მიიღონ გარანტიები იმისთვის, რომ არ დაისჯებიან, უნდა მოხდეს მათი ამნისტირება და მხოლოდ ამის მერე შეიძლება ხმამაღლა ლაპარაკი. პროკურატურაში შესული ათასობით საჩივრის ნაწილი უკვე ძიებაშია, ნაწილზე კი წინასწარი მოკვლევა მიმდინარეობს და მალე აღიძვრება საქმეები.

- დავით კეზერაშვილს "ნაცმოძრაობის" მოლარე უწოდეთ, ბევრ საქმეში ფიგურირებს მისი გვარ-სახელი?

- ის ძალიან ბევრ ბინძურ საქმეშია გარეული. თუმცა, კეზერაშვილი მარტო არ ყოფილა. პროკურატურამ უნივერსალური მექანიზმები შექმნა ბიზნესის რეკეტისთვის. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მე არ ვმუშაობ კერძო ბიზნესებთან, როგორც ამაზე ლეგენდა შეიქმნა. მე უბრალოდ ვცდილობ, რომ სახელმწიფო რესურსი, ის, რითაც უნდა სარგებლობდეს სახელმწიფო, მაგრამ სარგებლობენ კერძო პირები , სახელმწიფოს დავუბრუნო.

- ბატონო გია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანცელარიაში თქვენ და კოკა ყანდიაშვილმა დაიბარეთ სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლები, მავანთა აზრით, თქვენ უკვე სარეკლამო ბიზნესის კონტროლს ცდილობთ…

- ეს არის სრული აბსურდი. დიახ, ყანდიაშვილთან ნამდვილად იმყოფებოდნენ სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლები. როგორც მე ვიცი, ეს შეხვედრა სწორედ მათი ინიციატივით შედგა, აინტერესებდათ ამ მიმართულებით სახელმწიფო ტენდერების პროცედურა და სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულების მენეჯმენტი.

- თქვენ არ დასწრებიხართ შეხვედრას?

- ამ შეხვედრაზე შევედი ორიოდე წუთით. მე იქ მიმდინარე დისკუსიაში მონაწილეობა არ მიმიღია და საერთოდ, არც ვიცი, კონკრეტულად რაზე იყო ლაპარაკი. შევედი ერთადერთი მიზნით - როგორც ხედავთ, პირდაპირ ლეგენდა ლეგენდაზე იქმნება ჩემ შესახებ, შესაბამისად, ჩემამდეც მოვიდა ხმები, რომ ვიღაც ცდილობს, ახლა სარეკლამო ბიზნესის დაპატრონება დამაბრალოს. სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ არავის დაუჯერონ და თუ ჩემი სახელით ვინმემ სპეკულირება სცადა, მაშინვე შემატყობინეთ-მეთქი. სხვა არავითარი ურთიერთობა მე ამ სარეკლამო კომპანიებთან არ მქონია. ეს ხმებიც იმ ბინძური კამპანიის ნაწილია, რაც უკვე კარგა ხანია დაიწყო და მიმდინარეობს. რაღა დაგიმალოთ, ჩემზე განხორციელებული შეტევის მასშტაბურობა მეც კი მაკვირვებს. ამან უკვე სისტემატური ხასიათი შეიძინა. ხომ ცხადია, რომ ამის უკან სერიოზული ინტერესჯგუფი და ფული დგას. კილაძე და ამირეჯიბი მხოლოდ ინსტრუმენტები არიან ვიღაცის ხელში. ცხადია, მათ ვიღაც ალაპარაკებს. ახლა ვარკვევ, საიდან მოდის ეს ყველაფერი. ფაქტია, რომ ეს ცილისმწამებლური კამპანია კარგად არის დაფინანსებული, ფინანსების მოძრაობის გაკონტროლება კი არც ისეთი რთულია, მალე მივაკვლევ, ვინც არის ამ ყველაფრის უკან და ამას აუცილებლად გაიგებს საზოგადოებაც. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი ეჭვები და გარკვეულწილად ამის დამამტკიცებელი არგუმენტებიც, მაგრამ ვიდრე ბოლომდე არ გავარკვევ ყველაფერს, ხმამაღლა ამაზე ლაპარაკს მოვერიდები. საერთოდ არ ვაპირებდი ამ საკითხზე ინტერვიუს მიცემას, მაგრამ ხომ ხედავთ, მაინც მოახერხეთ.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)