"მერაბიშვილის დაპატიმრების სამართლიანობის აღდგენად გამოცხადება უკიდურესი კრეტინობაა"
ცოტა ხნის წინ გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვლი და ჯანდაცვის ექს-მინისტრი, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. ჩვენ ამ ფაქტის შეფასება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს - ნუგზარ წიკლაურს ვთხოვეთ:
- ესაა უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაკვეთა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროკურატურაში დაბარება შეწყდება მხოლოდ მაშინ, როცა პარტია შეწყვეტს პოლიტიკურ აქტივობას. ივანიშვილს აღიზიანებს ერთადერთი და ძლიერი ოპოზიციური ძალის არსებობა და მიზანმიმართულად ცდილობს, გაანადგუროს. სასაცილოა, როდესაც ქვეყანაში იკარგება ათიათასობით სამუშაო ადგილი და პიროვნებებს იჭერენ იმის გამო, რომ სამუშაო ადგილები შექმნეს. ესაა დიქტატურა და ყველა ქვეყანაში დიქტატურა სავალალოდ ამთავრებს თავის არსებობას. ამიტომ, "ნაციონალური მოძრაობის" ამოცანაა, შევაჩეროთ რუსეთიდან მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება და მეორე მხრივ - ავლაგმოთ ქვეყანაში ის ანარქია, რაც სუფევს.
- უმცირესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება შეეცადა, საზოგადოების ყურადღება 17 მაისის მოვლენებიდან ამ დაჭერაზე გადაეტანა.
- სავსებით შესაძლებელია, მაგრამ მე შეიძლება ამ ფაქტს უფრო ფართოდაც შევხედოთ. მე ვფიქრობ, რომ აგონიაში მყოფ ხელისუფლებას, რომელიც ვერავითარ დაპირებას ვერ ასრულებს, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება დარჩა - პოლიტიკური დევნა.
- "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობთ, რომ მერაბიშვილი უკანონოდ დააკავეს. ერთგვარი პროტესტის ნიშნად ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ დაპატიმრებულ მერაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებთ?
- არ შემიძლია ამაზე პასუხის გაცემა. ეს არის უშულოდ მერაბიშვილის გადასაწყვეტი და რა თქმა უნდა, პარტიის მსჯელობის საგანი.
- რა ფორმით აპირებთ მოქმედებას?
- ყველა იმ საშუალებით, რაც სამართლებრივად მიღებულია, იქნება ეს საპარლამენტო მუშაობისადმი პროტესტი, თუ ქუჩის აქციები. ეს დეტალები გაირკვევა პარტიის შეკრებაზე და მერე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
- უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ის, რაც დღეს მოხდა, სამართლიანობის აღდგენაა.
- მერაბიშვილის დაპატიმრების სამართლიანობის აღდგენად გამოცხადება უკიდურესი კრეტინობაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაუკვეთა ბიძინა ივანიშვილმა და ამ დაკვეთას ასრულებს პროკურატურა. ასეთ რამეს ყველაზე დაბალგანვითარებულ ქვეყანაშიც არ განაცხადებენ. თუმცა, ივანიშვილი არის ის, ვინც არის და საქართველოს მართავს იმ ერთადერთი მეთოდით, რომელიც იცის - ავტორიტარული დიქტატურის მეთოდით.
- სხვათა შორის, თქვენმა ხელისუფლებამაც დააკავა თქვენი წინამორბედი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, თუმცა მაშინ არ გაგჩენიათ კითხვები, რომ ეს შეიძლება არასამრთლიანი ყოფილიყო.
- როდესაც მაშინ მაღალჩინოსნებს აკავებდნენ, კარგად მახსოვს, რომ ზოგს - 15 მილიონი, ზოგს - ათი და ზოგსაც ოცი მილიონი ჰქონდა. ერთადერთი კითხვა, რაც მაშინ საზოგადოებას უჩნდებოდა, იყო ის, თუ საიდან ჰქონდა მინისტრს ამდენი ფული, როდესაც მისი ხელფასი 150 ლარს შეადგენდა.
- ბატონო ნუგზარ, გამოძიება მიმდინარეობს და შეიძლება, ამაზე მეტი ფული ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილსაც აღმოაჩნდეთ.
- მომავალში რა იქნება, კაცმა არ იცის, თუმცა მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ვინმეს "ნაციონალური მოძრაობიდან" ამდენი ფული ჰქონდეს. ერთი წუთით დააკვირდით: მაშინ ქვეყნის ბიუჯეტი იყო შვიდასი მილიონი, იმიტომ, რომ უსინდისო ჩინოვნიკები ბიუჯეტიდან იპარავდნენ ფულს, ჩვენ დროს კი ბიუჯეტი 7 მილიარდს შეადგენდა, კორუფციის დონე მინიმალური იყო და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების შედარება იმ უსინდისო ჩინოვნიკებთან, ვინც ათეულ მილიონებს იხდიდნენ თავიანთ თავისუფლებაში, ცოტა არ იყოს უხერხულია.
- როგორც უკვე ვთქვით, გამოძიება მიმდინარეობს, რამდენად ენდობით ამ გამოძიებას?
- ამას გამოძიებასაც ვერ დავარქმევ, ესაა პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული ფარსი.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)