დიმიტრი კოპალიანი - "წინ მძიმე შრომა მელის... ქუთაისს ქალაქის იმიჯიც არ აქვს" (ექსკლუზივი)
ქუთაისის მერობისთვის მებრძოლი 69 კანდიდატიდან დიმიტრი კოპალიანმა გაიმარჯვა. ის ჯერ კიდევ დანიშვნამდე მოექცა მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ამერიკაში საუკეთესო განათლებამიღებული და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებში სერიოზული სამუშაო სტაჟის მქონე კოპალიანს მეტსახელად "დიმიტრი გელოვანიც" შეარქვეს. ამასთან, ბოლო დღეებში მის შესახებ უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა. ამბობდნენ, თითქოს მანანა კობახიძის ფავორიტია და მის მერად დანიშვნას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლობირებსო.
ელექტრონული მედიით გავრცელდა დეზინფორმაცია დიმიტრი კოპალიანის თითქოსდა დიდი სახელფასო მადის შესახებ. გადაუმოწმებელი წყაროს ინფორმაციით, ქუთაისის მერობის კანდიდატს მერის პოსტზე დამტკიცების შემდეგ, ყოველთვიურად 17 000 ლარის მიღება მოუთხოვია. ზოგმა მედია საშუალებას დაუჯერა და მერე რაო, თუ გვინდა, რომ პროფესიონალი გვყავდეს მერად და საქმე გააკეთოს, ანაზღაურებაც საკადრისი უნდა ჰქონდესო. ზოგმაც, ჩვენს ხარჯზე მოინდომა აშენებაო? ისიც ითქვა, ნეტავ ამერიკიდან, იმ დაწყობილი ქვეყნიდან რა მოარბენინებსო. ამ საკითხებზე დიმიტრი კოპალიანმა "კვირის პალიტრასთან" გულახდილად ისაუბრა.
ქუთაისის ახლანდელმა მერმა დაამთავრა უელსის და მიჩიგანის უნივერსიტეტები ინფორმაციული სისტემების სპეციალობით. ლოურენსის უნივერისიტეტში დაიცვა სადოქტორო ხარისხი. ამასთან, სხვადასხვა დროს მუშაობდა კომპანია QEK Global Solutions-ში პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერად, Hamilton Group Services-ში წამყვან დეველოპერად და ა.შ. ჰყავს სამი შვილი და ამერიკელი მეუღლე. სამშობლოში ის ოჯახით დაბრუნდა.
- ბატონო დიმიტრი თქვენზე ამბობენ, რომ ამერიკაში წასვლის წინ გროშები გედოთ ჯიბეში და წარმატების მისაღწევად დიდი შრომა დაგჭირდათ. გვიამბეთ თქვენს შესახებ.
- ქუთაისელი ვარ, აქ დაბადებული. მეცხრე საშუალო სკოლა დავამთავრე. გახლავართ 43 წლის და ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მართლაც უცხოეთში გავატარე. 20 წელია ვმოღვაწეობ აშშ-ში. 2005 წლიდან უკვე დოქტორის ხარისხით მიჩიგანის უნივერსიტეტში თვითონ ვასწავლი სტუდენტებს. ამერიკის უნივერსიტეტებსა და მსოფლიოში ცნობილ კომპანიებში დანერგილია ჩემი პროექტები და პროგრამები. სურვილი მაქვს, ის განათლება და გამოცდილება, რაც მივიღე მსოფლიოში ცნობილი მეცნიერებისა და პროფესიონალების გვერდით, გადმოვიტანო ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში.
- ბევრს უკვირს, რომ აქეთ წამოსვლა გადაწყვიტეთ. დალაგებულ ამერიკას როგორ ტოვებს და არეულ ქუთაისში, მერის მოჯადოვებულ სკამზე როგორ მოდისო?
- გასაკვირი რა არის ჩემს საქციელში? აქ მყავს მშობლები, მეგობრები, სახლი. ქუთაისელი ვარ და მომენატრა სამშობლოში ყოფნა. სადაც არ უნდა მეცხოვრა და რამდენ ხანსაც, მაინც ქუთაისელად დავრჩებოდი. ამიტომაც გადავწყვიტე, წამოვსულიყავი, ბავშვებიც ისეთ ასაკში არიან, რომ ახლა იწყება მათი პიროვნებებად ჩამოყალიბება. დიდი გავლენა აქვთ ინგლისური ენის. მინდა მშობლიური ენა ისწავლონ. ქართულ ტრადიციებზე გაიზარდონ.
- თქვენი ამერიკელი მეუღლე როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას?
- ის ნამდვილი მეგობარი და მეუღლეა, პატივს სცემს ჩემს გადაწყვეტილებებს. მართალია თავიდან გაგვიჭირდა გადაწყვეტილება მიგვეღო, მაგრამ შევთანხმდით, რომ ასე სჯობს ჩვენი შვილებისთვის. გვერდში მიდგას და ცდილობს ყველაფერში დამიჭიროს მხარი. ისიც ცდილობს ქართული ენა ისწავლოს.
- ხმები დადის, რომ თითქოს მანანა კობახიძის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის რჩეული იყავით.
- საერთოდ არ ვიცნობ ამ ქალბატონს და თუ ის მიიჩნევდა, რომ მე კარგი კანდიდატურა ვიქნებოდი მერობისთვის, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
- ამბობენ, რომ თურმე 17 ათასი ლარი მოგითხოვიათ ხელფასი.
- არ ვიცი საიდან მოდის ეს ჭორი. ასეთი ჭორები ეთიკური ნორმების დარღვევაა. ლაპარაკიც კი არ ყოფილა ხელფასზე. არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს. მიხარია, რომ მეძლევა საშუალება სამშობლოში დავბრუნდე და თან დავბრუნდე კარგად, პასუხისმგებლობის გრძნობით. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული ისიც, რომ მძიმე სამუშაო მელის, მაგრამ თუ გინდა შვილებისთვის მომავალი შექმნა, ამასთან, არ ვგულისხმობ მხოლოდ საკუთარ შვილებს, მძიმე შრომა აუცილებელია.
- რას აპირებთ, როგორც მერი?
- წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ქალაქში წყალი არ არის. გრაფიკით მიეწოდება მოსახლეობას. ნიკეას ქუჩაზე ნაგავსაყრელი რომ ვნახე, გავვოცდი. როგორ შეიძლება ნაგავი ქუჩაში იყოს დაყრილი და თქვა, რომ ადამიანების უსაფრთხო ცხოვრებაზე ზრუნავ?
- ქუთაისი ცნობილია როგორ სამრეწველო ქალაქი, სადაც დიდი ხნის წინ მოკვდა მრეწველობა, როგორ გესახებათ ინდუსტრიის გაცოცხლება?
- რომელ მრეწველობის გაცოცხლებაზეა ლაპარაკი, როდესაც ქალაქში ერთი უცხოური ბრენდის სასტუმროც კი არ არის შემოსული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქუთაისს იმიჯი არ აქვს ქალაქის. ბრენდი არ შემოდის იმის გამო, რომ ეკონომიკური მდგომარეობა არის მძიმე. შევეცდები, რომ ერთი ბრენდი მაინც შემოვიდეს ქალაქში, შევუწყობ ხელს მიმზიდველი პირობებით, რომ მას სხვებმა უკვე საკუთარი ინიციატივით მიბაძონ.
მე ვფიქრობ, რომ ქუთაისი უნდა განვითარდეს, როგორც საუნივერსტეტო და სამეცნიერო ქალაქი. განვითარდეს აკადემიური და სამეცნიერო კერები. ისტორიულად მას ჰქონდა ეს ფუნქცია. უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერი ტექნოლოგიური სკოლა. განხორციელდეს სტუდენტების და პედაგოგთა გაცვლითი პროგრამები აშშ- სთან და ევროპასთან. აუცილებელია კადრების კვალიფიკაციის ამაღებლების მუდმივი სისტემის შექმნა. ამერიკაში არის ადამიანური რესურსების მენეჯერის კულტი, რომელიც არეგულირებს კადრებს. როგორც შევატყვე აქ ეს დარგი არ არის განვითარებული და უნდა განვითარდეს. ასევე საშურია ადამიანების დასაქმების უზრუნველყოფისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მრეწველობის სფეროს რეანიმაცია და ა.შ. მსოფლიოს დიდ სადისტრიბუციო ქსელებთან დაკვშირება და ამ ქსელებში ქალაქის და რეგიონის ჩართვა. ერთი რამ ზუსტად ვიცი: ქუთაისელებს უნდა ეამაყებოდეთ მშობლიურ ქალაქში ცხოვრება.