ალექსანდრე კვიტაშვილი: "არ მაქვს აკადემიური ხარისხი და არც არასდროს მიმაჩნდა ეს გადამწყვეტად" - კვირის პალიტრა

ალექსანდრე კვიტაშვილი: "არ მაქვს აკადემიური ხარისხი და არც არასდროს მიმაჩნდა ეს გადამწყვეტად"

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, სავარაუდოდ, თსუ-ს რექტორს - ალექსანდრე კვიტაშვილსაც შეეხება", - განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, უნივერსიტეტის რექტორისთვის აკადემიური ხარისხი აუცილებელია."ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს აკადემიური ხარისხის მატარებელი... ეს, სავარაუდოდ, ეხება სანდრო კვიტაშვილსაც. პირადად, არ შემისწავლია და არ გამომითხოვია მისი საკითხი. თუ ვინმეს მსოფლიოში აქვს ამაზე საკამათო, რომ უნივერსიტეტს უნდა მართავდეს აკადემიური ხარისხის მქონე პირი, მეკამათოს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლების მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის მტკიცებით, ახალი არაფერი მომხდარა, რადგან, როცა რეორგანიზაცია ხდება, საჯარო სამართლის იურიდიულ პირების მოვალეობის შემსრულებელს მთავრობა ნიშნავს, ასე იყო ყოველთვის..."უბრალოდ, ახლა კანონით ზუსტდება, რომ განათლების მინისტრის წარდგინებით, რექტორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. ამასთანავე გადავწყვიტეთ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების არც ერთ ხელმძღვანელს უფლებამოსილება არ შეუწყდეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მინისტრის სახელითაც შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი რექტორის შეცვლას არ ვაპირებთ"...

რეორგანიზაციის მოლოდინშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილიც.

- ბუნებრივია, საკანონმდებლო ცვლილებები მეც შემეხება, რადგან ახალი ინიციატივის თანახმად, უნივერსიტეტის რექტორობა მხოლოდ უმაღლესი აკადემიური ხარისხის მქონე ადამიანს შეუძლია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ადამიანის წარმატებულობას ძალიან ბევრი სხვა ფაქტორიც შეიძლება განსაზღვრავდეს. საბედნიეროდ, მაქვს შესაბამისი განათლებაც, უნარიც და ამ სფეროში მართვის 20-წლიანი გამოცდილებაც. ამას მოწმობს ჩემი მაგისტრის ხარისხიც. დიახ, არ მაქვს, აკადემიური ხარისხი, მაგრამ არასდროს მიმაჩნდა, რომ ეს გადამწყვეტი იყო. არ ვიცი, რამდენად იქნებოდა ჩემი, როგორც რექტორის წარმატებულობის გარანტი, ამ ხარისხის ქონა... ასევე შეცდომაა ის, რომ დოქტორანტს არ შეუძლია ასისტენტ-პროფესორად იმუშაოს, - ამ შემთხვევაში ახალი კადრის მოდინება შეწყდება, რადგან ინტერესი დაიკარგება. თუ ლექციის წაკითხვის გამოცდილება არ აქვს, დოქტორანტი პროფესორი ვერ გახდება, რაც სტიმულს კლავს. ამ ყველაფერზე ვღელავ, თორემ ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, მე ვიქნები აქ თუ სხვა, მთავარია, ამ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი აკადემიურმა საბჭომ აირჩიოს.

- თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ შემთხვევაში საბოლოო სიტყვას პრემიერ-მინისტრი ამბობს...

- ეს მათი პრობლემაა. ისე კი, რექტორი აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს და საზოგადოება და მთავრობაც მათ უნდა ენდობოდნენ.

- შესაძლოა, უნივერსიტეტის ავტონომიის გაუქმების საკითხიც დადგეს...

- კი ბატონო, და შედეგი ის იქნება, რომ მალე საბჭოთა მმართველობის პერიოდში დავბრუნდებით, რომელიც ვიღაცას არ მოსწონდა და ვიღაცა კი დღემდე გიჟდება. ის, რომ ჩვენ ევროპული განათლების ნაწილი ვართ და ყველა სასწავლებელი უამრავ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს და გრანტებს იღებს, წარსულს ჩაბარდება და ეს იქნება სახელმწიფოს ჩარევის შედეგი.

- დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რეორგანიზაციის დასრულებამდე ყველა ხელმძღვანელი თავის ადგილზე დარჩება...

- ბატონ ზურაბიშვილს ყოველთვის ვენდობოდი, მაგრამ მიუხედავად მისი განცხადებისა, რეალობა სულ სხვაგვარია... სხვების იმდენად არა, მაგრამ აი დათო ზურაბიშვილის მიკვირს, მას ძალიან კარგად ესმის, როგორი უნდა იყოს უმაღლესი განათლება.

- როგორ ფიქრობთ, ეს პროცესი პოლიტიზირებულია?

-  არჩევნები მიწევდა მომავალი წლის დეკემბერს და ეს ერთწლიანი ვადა რამდენად გადამწყვეტია, არ ვიცი. თუ მართლა ვიღაც ერთპიროვნულად დანიშნავს რექტორს, ისე, რომ ამაში აკადემიური საბჭო არ იქნება ჩართული, ამ ყველაფერში აშკარა პოლიტიზირების ნიშნები იკვეთება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ რექტორს და არა მოვალეობის შემსრულებელს საბჭო აირჩევს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)