"ვაკეში უკვე აუტანელი სიტუაციაა" - ლალი მოროშკინას გადაწყვეტილი აქვს, სოფელში იცხოვროს - კვირის პალიტრა

"ვაკეში უკვე აუტანელი სიტუაციაა" - ლალი მოროშკინას გადაწყვეტილი აქვს, სოფელში იცხოვროს

"ლალი მოროშკინა გაქურდეს"- ამ ინფორმაციამ ერთბაშად მიიპყრო ყველას ყურადღება. ქალბატონ ლალისთან საუბარი ამ უსიამოვნო თემით დავიწყეთ და არანაკლებ მძიმე საკითხებზე მსჯელობით დავასრულეთ, თუმცა ეს არ არის გასაკვირი - ის ხომ სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველია:

- ქალბატონო ლალი, ამ ამბის გავრცელების შემდეგ ისიც თქვეს, ამნისტირებული პატიმრები გაქურდავდნენო.

- თითქმის დარწმუნებული, ვარ, რომ ეს ამნისტირებული პატიმრების ჩადენილი არ არის იმიტომ, რომ მე ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის მათ გამოშვებაში და ყველა მადლობელია ჩემი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყველა ძალიან დიდი მადლიერების გრძნობით მირეკავს, მირეკავენ მათი მშობლები. თუმცა, ათასობით პატიმარს შორის შესაძლოა ერთი-ორი უკმაყოფილოც იყოს. სულ ვამბობდი, რომ სოზარ სუბარმა ჩაიბარა ყველაზე მძიმე წარსულის მქონე სისტემა, ამ სისტემაში რაც უნდა კარგი გააკეთო, ერთი ცუდიც რომ მოხდეს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება, რაც უკვე არაერთხელ მოხდა.

- უფრო რომ დავაკონკრეტოთ, სად არის თქვენი აგარაკი?

- მცხეთის რაიონში, სოფელ ძეგვში. ალბათ იცით, რომ წარმოშობით რუსი ვარ და მინდოდა საქართველოში მიწა მქონოდა. ამიტომ, იქ შევიძინე პატარა ნაკვეთი და გადავწყვიტე, რომ იქვე ვიცხოვრო. თანასოფლელები, ჩემი მეზობლები ძალიან შეწუხებული არიან ამ ფაქტით, ყველა გვერდით მიდგას. ვინც ნამყოფია ჩემთან, კარგად იცის, რომ არც ძეგვის და არც თბილისის სახლში ანტიკვარები და ძვირფასი ნივთები ნამდვილად არა მაქვს, ყველაზე ძვირფასი იქ ჩემი შვილები არიან. ამ შემთხვევაში ლაპარაკი მორალურ ზიანზე უფროა, მით უმეტეს, რომ მე იქ ცხოვრებას ვაპირებ. სულ ვამბობ, რომ ვაკეში უკვე აუტანელი სიტუაციაა, შეუძლებელია ადამიანის ცხოვრება და დიდი სურვილი მაქვს სამსახურშიც მცხეთიდან ვიარო.  ჩემი ხელფასით ნაყიდი ნებისმიერი აგურიც კი ჩემთვის ძალიან ღირებულია და ძალიან ვწუხვარ, რომ წაღებულია სამშენებლო მასალები, ნივთები, ტექნიკა, რის გამოც მშენებლობა გაჩერებულია.

- ადრე თქვენ ამბობდით, რომ სასჯელაღსრულების სისტემიდან წასვლას აპირებდით, შეიცვალა სიტუაცია, თუ გადაიფიქრეთ?

- სიტუაცია მართლა შეიცვალა და აგიხსნით რატომ: როდესაც ამ სისტემაში მოვედი, ციხეებში 25 ათასამდე პატიმარი იყო. ძალიან ცუდ პიროებებში მიწევდა მუშაობა: სახლში ყოველთვის ღამის სამ საათზე ვბრუნდებოდი, სისტემატურად მიწევდა დასწრება ოპერაციებზე - პატიმრები იმდენად იყვნენ შეშინებულნი, რომ მხოლოდ ჩემი თანდასწრებით იკეთებდნენ ოპერაციებს. ყოველდღე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი და ეს იყო უმძიმესი ტვირთი, რის გამოც ლამის ნერვულ აშლილობამდე მივედი. შვილები უყურადღებოდ მყავდა მიტოვებული მთელი სამი თვის განმავლობაში, თანაც, უმცროსი 14 წლისაა და მას ახლა სჭირდება დედის ხელი. ამიტომ იყო პერიოდი, როცა ვფიქრობდი - ხომ არ ჯობდა შედარებით მსუბუქ სფეროში გადავსულიყავი, თუმცა დღეს მოხარული ვარ, რომ გადავწყვიტე და ბოლომდე დავრჩი იქ, სადაც ვარ.

- ქალბატონო ლალი, თქვენ უკვე თქვით - როცა ათასობით პატიმართან გიწევს ურთიერთობა, შეიძლება მათგან ერთი, ან ორი უკმაყოფილოც იყოსო. რას გვეტყოდით პატიმარ ირაკლი კაშიაზე, რომლის დედაც სოზარ სუბარსაც და თქვენც უყურადღებობაში გადანაშალებთ?

- უკვე ვთქვი, რომ მე ახლა შედარებით მშვიდი სფერო მეხება. ამ ქალბატონმა პარასკევს, ღამის 12 საათზე დამირეკა. მახსოვს, 12-ს ოთხი წუთი აკლდა, როდესაც თავს უფლება მივეცი ჩემი შვილები წამეყვანა და კაფეში დავმსხდარიყავით. ვინ იცის, უმცროსი შვილი რამდენ ხანს მთხოვდა, წავიდეთ სადმე და დავილაპარაკოთო. მოკლედ, ჩემს შვილებთან ერთად ვარ ძალიან მძიმე სამუშაო კვირის მერე და ამ დროს ისტერიული ტონით მირეკავს ეს ქალბატონი და მეუბნება, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მშვიდად, ნორმალური ტონით ავუხსენი, შეგიძლიათ სამუშაო დღეებში მობრძანდეთ-მეთქი. თანაც, აქვე უნდა გითხრათ, რომ მე არანაირად არ მეხება ჯანმრთელობის პრობლემები, ჩვენს დაწესებულებაში 24 საათის განმავლობაში მუშაობს მორიგე ჯგუფი, რომელსაც ასეთ დროს უნდა მიმართონ, მაგრამ თითქმის ყველა პრობლემაზე ჩემთან რეკავენ. კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს არ არის ჩემი საქმე. მე უფლება არა მაქვს ღამის 12 საათზე დავურეკო ჯანდაცვის დეპარტამენტს და რაღაც ვთხოვო იმიტომ, რომ გამოვა, რომ ეს ჩემი პირადი ინტერესია. ერთხელ უკვე დავისაჯე, როცა მოსამართლეს დავურეკე და ვითხოვე კორესპონდენცია მოეცა, როცა ასე გამწარებული დედა მირეკავდა - მაშინ 2500 ლარით დამაჯარიმეს. მე არა მაქვს უფლება, ჩემს კომპეტენციას გავცდე. ადრე ასეთი საქმის გამო სახლიდან გამთენიისას წავსულვარ, მაგრამ მაშინ სხვა რეჟიმი იყო და მე ეს ფუნქციაც შეთავსებული მქონდა.

- თუმცა, ქალბატონო ლალი, ამ პატიმარს ალბათ ყურადღება უნდა მიექცეს, თუ ასეთი რთული მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობის მხრივ.

- მას ძალიან ბევრი თვითდაზიანება აქვს მიღებული, ბოლოს "კუსაჩკა"გადაყლაპა (!) ასეთ დროს ვერავინ აგებს პასუხს პატიმრის ჯანმრთელობაზე, რადგან ეს პრაქტიკულად თვითმკვლელობის მცდელობაა. კარგი იქნება თუ დედა-შვილურად აუხსნიდა თავის შვილს და ჰკითხავდა - რატომ ყლაპავს ნივთებს?! სხვათა შორის, მე დავინტერესდი მისი ჯანმრთელობის ცნობით და გავიგე, რომ გადაყლაპული აქვს თერმომეტრები, მაკრატლები და სხვადასხვა ბასრი საგნები. ვსვამ შეკითხვას - ადამიანს, რომელიც ასეთ თვითდაზიანებას მიიყენებს, როგორ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, რომ სისტემა არ მკურნალობს? - სისტემა კი მკურნალობს, მაგრამ შედეგი არ ჩანს. აბა სცადეთ და გადაყლაპეთ თუნდაც ხურდა ფული, როგორ იქნებით. ამ შემთხვევაში კი წვეტიან ნივთებზე ვსაუბრობთ. თუ გნებავთ თქვენც ნახეთ მისი ჯანმრთელობის ცნობა და ყველაფერში თავად დარწმუნდებით...

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)