ლაშა ბაქრაძე: გულში რას მღეროდა ქალბატონი ბესელია, მე რა ვიცი? - კვირის პალიტრა

ლაშა ბაქრაძე: გულში რას მღეროდა ქალბატონი ბესელია, მე რა ვიცი?

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს 17 მაისის ხელმოწერებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. მისი თქმით, ხელმოწერებთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა საფუძვლიანი არ არის, რადგან ორგანიზატორებს ამის გაკეთების არავითარი ინტერესი არ ჰქონდათ...

- როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, ხელმოწერების შემოწმება პრიმიტიული მცდელობაა იმისა, რომ ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. მაგრამ, მაგალითად, გიორგი გაბედავას ხელმოწერა გაყალბებული იყო და არა მარტო მისი. ამაზე რას იტყვით?

- მე მას არ ვიცნობ, მაგრამ გიორგი გაბედავამ, როგორც ჩანს, რამდენადაც მისთვის დამახასიათებელია, ხელმოწერები არ შეამოწმა და მოიტყუა, რადგან პროვოცირება უნდოდა. ჩვენ ამას მივხვდით, როცა გაბედავას ხელმოწერა ვნახეთ. იმ 12 000 ხელმოწერას შორის, რომელიც პარლამენტს გადავეცით, გაბედავა თავის თავს ვერ იპოვის! ძალიან ბევრი ხელმოწერა ზუსტად იმ მიზეზით წავშალე, რომ საეჭვოდ გვეჩვენა, ნამდვილი იყო თუ არა. 2 000-იდან 3 000-მდე ხელმოწერა ამოვიღეთ. ამის გამო ბევრი უკმაყოფილოც კი იყო, წერილებიც გამოაგზავნეს, სადაც ეწერა, რომ ისინი ნამდვილად აწერდნენ ხელს. აინტერესებდათ, სად გაქრა მათი ხელმოწერები.

- თქვენ ამბობთ, რომ ამჟამად ვერ აღმოვაჩენთ ისეთ ხელმოწერას, რომელიც ნამდვილი არ არის?

- ეს თეორიულად სრულიად დასაშვებია, მაგრამ ასეთი 0,01% რომ იყოს, ეს საერთო რაოდენობას დიდად ხომ არ ცვლის?

- რამდენიმე ადამიანის ხელმოწერის გაყალბებას უმნიშვნელოდ თვლით?

- სიტყვა "გაყალბება" ნიშნავს, რომ ორგანიზატორებს ხელმოწერების გაყალბებით რაღაც მიზანი აქვთ. მაგრამ, როდესაც გაბედავას მსგავსი ადამიანის ხელმოწერა ჩნდება, ხომ შეუძლებელია, ორგანიზატორების სურვილი იყოს?! ეს იმ ადამიანების სურვილია, რომელთაც უნდათ, ამასთან დაკავშირებით შემდგომ გნიასი ატეხონ. რაში გვჭირდებოდა მისი ხელმოწერა, როდესაც ვიცით, რომ 17 მაისს გაბედავა ქუჩაში ყიჟინით დარბოდა. სწორედ ამან გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება. ზუსტად ამიტომაცაა, ალბათ, "ფეისბუქზე" მიაქცევდით ყურადღებას, რომ უამრავი ადამიანი თავის თავის სურათს იღებს და წერს იმ ნომერს, რომლითაც ის არის რეგისტრირებული. იმედია, გაბედავა და ბესელია ამ სურათებს ნახავენ და საკუთარი ბრალდების აბსურდულობას დაუფიქრდებიან.

- კომიტეტს რაც შეეხება; ხელმომწერები იმის გამო იყვნენ უკმაყოფილოები, რომ ორგანიზატორები არ მიიწვიეს; სამაგიეროდ, გიორგი გაბედავა იქ იყო. როგორც ეკა ბესელია ამბობს, დასასწრებად არც ერთი მხარე არ იყო მიწვეული და იქ გაბედავა და მისი მხარდამჭერები შემთხვევით მოხვდნენ...

- ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ კომიტეტზე გაბედავა შემთხვევით ხვდება? როდესაც ასეთ თემებთან დაკავშირებით იმართება კომისიის ღია სხდომა, ელემენტარული კულტურის ამბავია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს, დაპატიჟონ. ეს კულტურის მინიმუმია. თუმცა, შემთხვევით თუ მოხვდნენ, ღმერთმა ხელი მოუმართოს ბესელიასაც და გაბედავასაც. ძალიანაც კარგი, თუ არ ითვალისწინებს.

- თქვენ, როგორც ერთ-ერთი ინტერვიუდან გამომდინარე დავასკვენით, ბესელიას ერთი განცხადება არ მოგეწონათ: "კომიტეტის დასკვნა არ სცილდება პატრიარქის შეფასებას". როგორც ბესელიამ შემდეგ თქვა, მან მხოლოდ გარკვეული მონაკვეთი იგულისხმა. ამ შემთხვევაში კვლავ ჩნდება კითხვები?

- საიდან უნდა ვიცოდე, ეკა ბესელია რას გულისხმობდა. რაც დაიბეჭდა, ზუსტად იმაზე გავეცი პასუხი. განცხადება ცოტათი უცნაურია. ალბათ, უნდა დაეკონკრეტებინა, რა შუაში იყო პატრიარქი. გულში რას მღეროდა ქალბატონი ეკა, მე რა ვიცი?

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)