ქეთი დოლიძე: დარწმუნებული ვარ, მიშა ამ ყველაფერს უყურებდა და პათოლოგიურად ტკბებოდა - კვირის პალიტრა

ქეთი დოლიძე: დარწმუნებული ვარ, მიშა ამ ყველაფერს უყურებდა და პათოლოგიურად ტკბებოდა

19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალა აჩვენეს. ადამიანთა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალა რეჟისორ ქეთი დოლიძეს არ უნახავს, თუმცა იგი ამტკიცებს, რომ ისედაც კარგად იცოდა, რაც ხდებოდა ქვეყანაში და როგორც სჩვევია, თავის რადიკალური დამოკიდებულების გამოხატვას ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ არც ახლა ერიდება...

- საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა გუშინ და შეშფოთება გამოთქვა? - დღესაც რომ პრეზიდენტია და დაწანწალებს აქეთ-იქეთ, შეიძლება ქვეყანაში ასეთი ამბები ხდებოდეს და პრეზიდენტმა არ იცოდეს?! დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი ამ ყველაფერს უყურებდა და პათოლოგიურად ტკბებოდა.

- არა მხოლოდ პრეზიდენტი, ვანო მერაბიშვილიც აღშფოთებულია...

- რას ლაპარაკობთ, ვანო მერაბიშვილი აღშფოთდა!?... საცავებში შეიძლება კიდევ უარესი რამეები იმალება, ვიდრე ჩვენ ვიცით. სააკაშვილის და მერაბიშვილის გარეშე ფოთოლი არ ვარდებოდა ხიდან და შეშფოთება გამოთქვეს მაგ უსინდისოებმა?! ჩვენ გასტროლებით რომ ვიმყოფებოდით პარიზში, იქედან დოკუმენტურად ვიცი, თუ სად ცხოვრობდნენ ვანო მერაბიშვილის ცოლი და მისი დაქალები. გადასარევად ვიცი, ათვარსკვლავიან სასტუმროებში და რესტორნებში რა დროსაც ატარებდნენ. თაკო სალაყაია, ახლა რომ მოკრძალებით იქცევა. სადაც უნდოდა იქ ”გრიალებდა”. მთელი ევროპა ჰქონდა თავზე წამოცმული და რასაც უნდოდა იმას სჩადიოდა. ახლა მიდის მსჯელობა, კადრები უნდა ნახოს თუ არა საზოგადოებამ. რას ქვია, არ ვნახოთ?! - ჩემ ნერვებს უფრთხილდებიან? საქართველოში უამრავი ხალხია, რომლებიც ტვინგადმობრუნებული არიან და წინა ხელისუფლების გულშემატკივრები. მათ დასანახად უნდა გავიდეს ეს კადრები, - ერთბაშად ვინმეს გრძნობები არ შეილახოს რა!.. როდესაც ჩირქია ორგანიზმში, მას მხოლოდ ქირურგიული ჩარევა შველის!

- რატომ ხართ დარწმუნებული რომ მაღალჩინოსნებმა იცოდნენ რაც ხდებოდა?

- დარწმუნებული ვარ!... რა თქვენ გჯერათ, რომ ეს უშიშროების საბჭოს მდივანმა - გიგა ბოკერიამ, ან თუნდაც მისმა პათოლოგიურმა ცოლმა - თამარ ჩერგოლეიშვილმა არ იცოდნენ ამ კადრების შესახებ!? ჩერგოლეიშვილი ახლა რომ მოჩვენებით ხან სააკაშვილს ლანძღავს და ხან ვის, ამისიც გჯერათ ალბათ. ბოკერია და მისი ცოლი ერთ სულ და ერთ ხორც არიან, ზუსტად ერთნაირები და თურმე ამ ქალმა არ იცოდა არაფერი?! თუ ეს ხალხი სამაგალითოდ არ დაისაჯა, საქართველოში მსგავსი რამ ყოველთვის განმეორდება... ერთი რამ კი ხაზგასმით დაწერეთ! - გვეყოფა ჩვენ ვიღაცეებთან მორიდება. როგორც შენ დააყენებ შენს საქმეს, მაგიდაზე მუშტს დაკრავ და იტყვი, ჩემს ქვეყანაში ასე უნდა ვიცხოვრო, ისეთს მიგიღებს ამერიკაც და ყველა სახელმწიფოც. არავინ არ უნდა მასწავლოს მე როგორ ვიცხოვრო, რადგან თვითონ უკეთესად ვერ იქცევიან. არავინ მჭირდება ჩემს ქვეყანაში მაკონტროლოს, როგორ ვიცხოვრო!

- წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ რომ ასეთები სხვა ქვეყანაშიც ხდება მაგრამ სახელმწიფოს საჯაროდ არ გამოაქვს...…

- ვინ ამბობს ამას, ნიკა რურუა? - ნიკა რურუა არის დამნაშავე ადამიანი! 90-იანი წლები დაავიწყდა, დანაშაულს რომ ჩადიოდა?! - მთელმა საქართველომ იცის, რასაც ჩადიოდა და ახლა აქ ჩვენ ”გვიქოქავს პატეფონებს”?!... ამერიკამ არ გამოაქვეყნა რაც მოხდა გუანტანამოს ციხეში?! არცერთ ქვეყანაში დამალულა მსგავსი რამ, ქვეყნის გადატრიალებები ხდებოდა ასეთ ფაქტებზე. რას მიედ-მოედება ნიკა რურუა, თავის თავს მიხედოს!

- ანუ მიიჩნევთ, რომ პირველ რიგში მაღალჩინოსნები უნდა დაისაჯონ.

- შეუძლებელია უშიშროების საბჭოს წევრებმა ის უბედურებები არ იცოდნენ, რაც ქვეყანაში მასიურად ხდება. უარესსაც გეტყვით - დარწმუნებული ვარ, ზოგიერთმა უცხოელმაც იცოდა, რომელიც აქ მოღვაწეობს. ციხე-სიმაგრეებივით საელჩოები რომ აქვთ, შიგნით მსხდომნი რას მიკეთებენ?! - ზუსტადაც იცოდნენ ყველაფერი და ”უპრავებდნენ” ყველაფერს ამ ბანდიტებს. ოპოზიციას რომ ხვდებოდნენ, იქედან არ იცოდნენ ეს ამბები? - ამერიკის საელჩოში იციან ყველაფერი ჩემზე და თქვენზე უკეთ!

- ბუნებრივია ფიქრობთ რომ ეს სისტემური დანაშაული იყო...

- ციხის კადრები რომ გავიდა, ეჭვი არ შემპარვია, რომ ერთი-ორი შემთხვევა იყო ასეთი და სისტემურ დანაშაულთან არ გვქონდა საქმე... თურმე ეს სისტემური იყო შეგნებულად! როდესაც კითხეს ერთ-ერთ ნაციონალ მაღალჩინოსანს (კატეგორიულად არ მსურს მისი დასახელება, მაგრამ ახლაც იგივე თანამდებობა უჭირავს) ასე რატომ აკეთებდითო, უპასუხა, ასე რომ არ მოვქცეულიყავით ძალაუფლებას ვერ შევინარჩუნებდითო... ეს ყველაფერი ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ დაიწყო (რა თქმა უნდა - მკვლელობიდან!) და გაგრძელდა შემდეგ სისტემურად. განსაკუთრებულად აღვირახსნილები გახდნენ 2007 წლის შემდეგ. ბოროტებას ლოგიკა არ აქვს, ბოროტება არის ბოროტება და ამაში ხედავდნენ ძალაუფლებას. ეგონათ მუდმივად იქნებოდნენ. მე ყველაზე მთავარი კითხვა ისევ უცხოელების მიმართ მაქვს - ვენებგადაჭრილი რატომ იცავენ ამათ?!... აქ რას აკეთებენ? ნებისმიერი ელჩი, ნებისმიერი საელჩო ქვეყანაში იმისთვის არის, რომ მიმდინარე მოვლენებს თვალყური ადევნოს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)