შონზო: "დიდ შეცდომას უშვებს ის, ვინც ფიქრობს, რომ გიგა ნასარიძეს ვეთანხმები." - კვირის პალიტრა

შონზო: "დიდ შეცდომას უშვებს ის, ვინც ფიქრობს, რომ გიგა ნასარიძეს ვეთანხმები."

"შონზო", იგივე ზურა გაჩეჩილაძე, რომელიც ახლა ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატია და ადრე კი ნაციონალურ მოძრაობაში ირიცხებოდა, ამბობს, რომ მისი პარტიიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი ხალხის არჩევანი გახდა. მისი თქმით, სამეგრელოში აღმოჩენილ კადრებში დაფიქსირებული ფაქტები სისტემური დანაშაულია და ყველა დამნაშავე შესაბამისად უნდა დაისაჯოს

- პირველ რიგში, საინტერესოა, თუ რა იყო ნაციონალურ მოძრაობაში ჯერ თქვენი მისვლის, შემდეგ კი - წასვლის მიზეზი?

- იმ დროისთვის, როცა მივედი, ვფიქრობდი, რომ კურსი, რომელიც ნაციონალებს არჩეული ჰქონდათ, სწორი იყო. ვიყარე კენჭი, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერე შემოთავაზება მივიღე ამ პარტიისგან და უარი არ განვაცხადე, რადგან იმ პერიოდში მესიმპათიურებოდა.

- შემდეგ რა შეიცვალა, რის გამო წამოხვედით?

- ბოლო, 2012 წლის არჩევნების დროს ხალხმა უფრო დიდი ნდობა მეორე ძალას გამოუცხადა. საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის სახელით ყოფნა, მივიჩნიე, რომ ხალხის, ასე ვთქვათ, დაკვეთის შესრულება არ იქნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ მანდატი ხალხისგან მქონდა მიღებული, გადავწყვიტე, ხალხის ნებას დავმორჩილებოდი.

- რაიმე შემოთავაზება სხვა პოლიტიკური ძალებისგან ხომ არ მიგიღიათ, მაგალითად, რაც ყველაზე საინტერესოა, "ქართული ოცნებისგან"?

- აბსოლუტურად არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა, რადგან თავიდანვე ვიძახდი იმას, რომ საკრებულოში ჩემი მოსვლა არ იყო დაკავშირებული რომელიმე პარტიაში შესვლასთან, მხოლოდ ჩემი საქმის კეთება მინდოდა. შეიძლება, ვინმემ ეს არ დაიჯეროს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა, მათი პრობლემების მოგვარება გამომდის.

- გოგა ხაჩიძემ მაშინ "ფეისბუქზე" დაწერილ სტატუსში "ვირთხად ქცეული მეგობრები" ახსენა. როგორც ამბობდნენ, ასეთ უხეშ გამოთქმაში თქვენს იყავით ნაგულისხმები...

- ამ შეკითხვით, ალბათ, გოგა ხაჩიძეს უნდა მიმართოთ და თავად ის იტყვის, ჩემზე ამბობდა თუ არა. ამ ადამიანთან ისეთი ურთიერთობა არ მაქვს, რომ თუ რამეს ვფიქრობ მასზე, საზოგადოების გასაგონად განვაცხადო. სათქმელს პირდაპირ ვეუბნები ხოლმე და ვთვლი, რომ არ არის საჭირო, ერთმანეთთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები ხმამაღლა გავახმოვანოთ. მეგობრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ძალიან სასარგებლოა. ჭეშმარიტება კამათში იბადება. ჩვენ თუ ერთნაირი შეხედულებები არ გვაქვს, ეს მეგობრობისთვის კარგია. გოგა ჭკვიანია, რის გამოც ჩემი მეგობარი გახდა და ზუსტად ამიტომ მიხვდება ყველაფერს და დამეთანხმება კიდეც. არ მინდა, ხალხს ეგონოს, რომ ერთმანეთს ისე ვუყურებთ, როგორც მტრები.

- შსს-ს მიერ გავრცელებულ არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებს სისტემას მიაწერთ თუ კონკრეტული პირების დანაშაულად აფასებთ?

- თუ ვიტყვით, რომ ყველაფერი ვიდეოკადრების გადამღებისა და გამავრცელებელის ბრალია, არასწორი იქნება. შეიძლება, უშუალოდ შემსრულებელი კრიმინალს სჩადიოდა და აუცილებლად უნდა იქნას დასჯილი, მაგრამ ყველა პასუხისმგებელი ადამიანი, ვისაც არ უნდა დაეშვა ეს, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელია ამ კადრების გამო.

- წამების ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ,თქვენი მეგობარი გიგა ნასარიძე ვანო მერაბიშვილს ამართლებს და ამბობს, რომ ყოფილ მინისტრს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ამ განცხადებაზე და საერთოდ, მასზე რას იტყვით?

- გიგა ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია, ისევე, როგორც გოგა. მის მოსაზრებას პატივს ვცემ, რადგან ჩამოყალიბებული ადამიანია და საკუთარი პრინციპები გააჩნია. აქვს პოლიტიკური ხედვა და ვიზიარებ თუ არა მის პოზიციას, ეს ჩვენს ურთიერთობებზე არ მოქმედებს. დიდ შეცდომას უშვებს ის, ვინც ფიქრობს, რომ გიგას ვეთანხმები. საერთოდ არ ვეთანხმები, მაგრამ მის აზრს პატივს ვცემ.

- ზოგადად, თქვენთვის რამდენად მისაღებია პრინციპი, რომ არსებობენ არა მუდმივი მეგობრები, არამედ - მუდმივი ინტერესები და ადამიანები უფრო ამ ინტერესებს მისდევენ, განსაკუთრებით, პოლიტიკაში?

- გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის, 3 წელია, პოლიტიკაში ვარ, ნელ-ნელა ვუღებ ალღოს და ვეჩვევი თამაშის წესებს. სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინები, რომ აქ თამაშის სუფთა წესები იქნებოდა და ადამიანის გულწრფელობა დაფასდებოდა, არ მქონია. მაგრამ გაცილებით უფრო მეტი ცუდი დავინახე ამ პერიოდში, ვიდრე კარგი და აქედან გამომდინარე, დიდი სურვილი, რომ ამ სფეროს მივყვე და ჩემი ენერგია, ცოდნა იმას მოვახმარო, რომ შონზო საუკეთესო პოლიტიკოსად ვაქციო, არ მაქვს. მინდა დავაფიქსირო, რომ მეგობრობა ჩემთვის პირველ ადგილზე დგას და შემდეგ მოდის ინტერესები. ამიტომ, ჩემთვის ეს პრინციპი მისაღები არ არის.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)