”ავტოსიგიჟე” – გიორგი თევზაძის უკანასკნელი ინტერვიუ... - კვირის პალიტრა

”ავტოსიგიჟე” – გიორგი თევზაძის უკანასკნელი ინტერვიუ...

ინტერვიუ ცნობილი მრბოლელის და ექსტრემალის, გიორგი თევზაძის ავტოსაავარიო შემთხვევაში დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაიწერა. თევზაძე ბათუმში, 23 ივნისს გარდაიცვალა. მანქანა, რომელსაც მისი მეგობარი მართავდა, ხეს შეეჯახა.

ვისთვის ჩვეულებრივი ”ავტოხულიგნები” არიან, ვისთვის - ”კამიკაძეები”, ახალგაზრდა ავტომოყვარულებისთვის კი - მისაბაძი ადამიანები... ქართველი კაცის სისწრაფით ან საჭის მარჯვედ ტრიალით გაკვირვება ძნელი საქმეა, თუმცა... მოკლედ, თავად ნახეთ, ოღონდ, იუთუბ-ზე ატვირთულ ვიდეორგოლებზე გაკეთებულ გაფრთხილებას დაუჯერეთ და გამეორებას ნუ შეეცდებით. თვითონაც აღიარებენ - ქალაქში ასე სიარული არ შეიძლება, რამდენიმე ვიდეო კი მხოლოდ ყურადღების მისაქცევად ატვირთეს. ”ასე სიარული” კი დრიფტის, სტრიტრეისინგის, რისკისა და ადრენალინის ნაზავს, ანუ ქალაქის ქუჩებში გიჟურ რბოლას ნიშნავს... needfordrive.com (need for drive. სიტყვასიტყვით - ”დრაივის”, ანუ მართვის მოთხოვნილება. - ავტ.) ავტომოყვარულებისა და ავტომფლობელებისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელია, სადაც მომხმარებელი საკუთარ ავტომობილთან ერთად რეგისტრირდება. ქსელის დამფუძნებელი, გიორგი თევზაძე, გვარს სრულად ამართლებს და საჭესთან ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. თბილისის ქუჩებში მის ”ფრენას” ცნობილი ბრიტანული გამოცემა დეილი მეილიც კი გამოეხმაურა, გიორგის მონაწილეობით გადაღებულ ვიდეორგოლებს კი, იუთუბ-ზე 2 მილიონამდე მნახველი ჰყავს. საქართველოში ჩატარებული რამდენიმე შეჯიბრება მოუგია, 2010 წელს ”დრიფტის მეფეც” გახდა; ”ბეემვეშნიკად” მიიჩნევენ, თუმცა, ქუჩაში საკოლექციო ”მერსედესითაც” შენიშნავთ...

- needfordrive.com წევრების რამდენიმე კატეგორიას აერთიანებს. უმაღლესი კატეგორიაში, ე.წ. ”თიმში” მხო-ლოდ უნიკალური მონაცემების მქონე რამდენიმე მძღოლი ვართ გაერთიანებული. ისინი, ვისაც ავტომანქანის ”ზებუნებრივად” მართვა, ისეთი რაღაცების გაკეთება შეუძლია, პროფესიონალი მრბოლელების უმეტესობას რომ არ ძალუძს. ეს არის დრიფტისა და სტრიტრეისინგის ერთგვარი ნაზავი. წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა მართვის უნიკალური, კომბინირებული სტილი, რომელსაც მხოლოდ ტრეკზე ვერ აჩვენებ. ეს არის ავტომობილის ექსტრემალური მართვა ექსტრემალურ ვითარებაში.

- და ეს ყველაფერი ქუჩაში ისწავლეთ?

- სპეციალურად გამოყოფილი ადგილების არქონის გამო, ფაქტობრივად, ქუჩაში დავხელოვნდით, რასაც ცუდი ფაქტებიც ბევრჯერ მოჰყვა. ქალაქში ასე მოძრაობა არ შეიძლება და უკვე აღარც დავდივართ. გვინდა, ეს ყველაფერი ტრეკზე ან ისეთ ადგილას გადავიტანოთ, სადაც ჟინსაც მოვიკლავთ და არც სხვებს შევუქმნით საფრთხეს.

- თქვენს ატვირთულ ვიდეოემასალასაც აქვს წარწერა, რომ მნახველებმა იმავეს გამეორება არ სცადონ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ დაგიჯერებენ?

- არავის ვურჩევ, რადგან თბილისში არათუ ავტომობილის ასე მართვა, სწრაფად სიარულიც ცეცხლთან თამაშია. რუსთავის ტრეკი უმაღლესი დონისაა და უმჯობესია, ოსტატობის გამოვლენა იქ სცადოთ.

- თუმცა, თავად მაინც ქუჩას ამჯობინებთ...

- მაგალითად, სპეციალურად კენ ბლოკისთვის (ცნობილი დრიფტერი და კასკადიორი. - ავტ.) სან-ფრანცისკოს მთავარი ქუჩებიც კი გადაკეტეს. არ ვითხოვ, რომ მთელი თბილისი გადაკეტონ, მაგრამ საქართველოში ბევრია ისეთი ადგილი (თუნდაც, გომბორზე ან სვანეთში), დროებით რომ ჩაიკეტოს, საოცარი შოუს ჩატარება შეიძლება. შეგვიძლია ხრამის პირას ისე ვიაროთ, მნახველს შიშისგან ძარღვებში სისხლი გაეყინება. რაც მთავარია, ეს დადგმული კი არა, რეალური ექსტრიმი იქნება.

- რა არის საჭირო ავტომანქანის ექსტრემალურ სიტუაციაში მართვისთვის?

- მხოლოდ პრაქტიკა არ კმარა. თეორიულადაც კარგად უნდა იცოდე, ავტომანქანის რომელ ნაწილს რა ევალება. რაც მთავარია, არ უნდა დაიბნე და გადაწყვეტილებაც წამის მეათედებში მიიღო. ყველაზე ცუდია, როცა მძღოლი ზედმეტად აფასებს საკუთარ და ავტომობილის შესაძლებლობებს. მონადირეების არ იყოს, ისეთ ზღაპრებს მოჰყვებიან ხოლმე საკუთარ თავზე, ბოლოს თავადაც იჯერებენ და ინდომებენ მანევრის გაკეთებას, რომელსაც ვერც თავად გაართმევენ თავს და ვერც მათი მანქანა.

- ”გიჟურად” მოძრაობა ქალაქის ქუჩებში, სადაც ყველა გზაჯვარედინზე ვიდეოთვალია დამონტაჟებული, ნიშნავს, რომ ჯარიმების გადასახდელადაც მზად ხარ...

- ვიდეოჯარიმები ძალიან ხშირად მომდის და ყველას პატიოსნად ვიხდი. თუმცა, როგორც გითხარით, იუთუბზე ატვირთული კადრები ყურადღების მისაქცევად გადავიღეთ და ”ქუჩური ხულიგნობის” გაგრძელებას აღარ ვაპირებთ. სპონსორების დაინტერესების შემთხვევაში, შეგვიძლია ისეთი პრომოვიდეოს დამზადება, მსოფლიოში არავის რომ არ გაუკეთებია. ჰოლივუდის ფილმებშიც კი, ყველა რბოლა მხოლოდ სპეცეფექტებზეა აგებული, ჩვენს გუნდს კი შეუძლია რეალურად ექსტრემალური ეპიზოდები დაგეგმოს და გადაიღოს!

- თუ ატვირთული ვიდეოფირებით ვიმსჯელებთ, თქვენი საყვარელი მარკა BMW უნდა იყოს...

- მთლად ასეც არ არის. მყავს ”მერსედესის” ძალიან იშვიათი მოდელიც - ”S600L 7.0 AMG”, Pagani Zonda-ს ძრავით... "ბმვ"-ს კონკრეტული მოდელი კი იმიტომ მომწონს, რომ ძნელად ”დასამორჩილებელია” და მასთან ერთად ბევრი ტრიუკის გაკეთება შეგიძლია. M5-ის ახალი მოდელი გაცილებით სწრაფია, მაგრამ იმდენი დამცავი სისტემა აქვს, გიჟობისა და იმპროვიზაციის უფლებას არ გიტოვებს. მე კი თავისუფლება მიყვარს და არ მომწონს, როცა ჩემი და ავტომანქანის ურთიერთობაში რომელიმე ელექტრონული სისტემა ერევა...

- როგორია სხვა მძღოლების რეაქცია, როცა თქვენს ექსტრემალურ მანევრებს ხედავენ? თუ ასეთ დროს ამ ყველაფრის დანახვას ვერც ასწრებ?

- პირიქით, ყველაფერს ვამჩნევ და ვალდებულიც ვარ, ძალიან ყურადღებით ვიყო. ავტომანქანას ისე უნდა გაასწრო, რომ მისი მძღოლისთვის მაქსიმალურად შეუმჩნეველი დარჩე, ბუნებრივი რეაქციისთვის ცოტა დრო დაუტოვო, რადგან შეიძლება დაიბნეს და არასწორი მანევრი გააკეთოს.

რატი შელეგია (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები გიორგი თევზაძის მონაწილეობით:

თბილისის ქუჩებში გიჟურმა რბოლამ ბრიტანელი ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო

ქალი და მამაკაცი ავტომრბოლელები _ დაპირისპირება საჭესთან