ელენე თევდორაძე - მხოლოდ ბაჩოზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი! - კვირის პალიტრა

ელენე თევდორაძე - მხოლოდ ბაჩოზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი!

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ელენე თევდორაძე აცხადებს, რომ ის მუდმივად აფრთხილებდა ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას, რომ ეს დრო დადგებოდა, თუმცა, პასუხად, მერაბიშვილისგან ირონიანარევ ხუმრობას იღებდა, ახალაიასგან კი – საქმეს სჭირდება ასე და დავალებას ვასრულებო...…უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ "ნაციონალებს" პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვთ.

– საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ: – ადრე, ჩემი აზრით, 2008 წლამდე, პატიმრების ასეთ დონეზე წამება ციხეებში არ ხდებოდა. თუმცა კი, მას შემდეგ, რაც ახალაია წავიდა და სისტემის ხელმძღვანელად დიმიტრი შაშკინი მივიდა, პატიმრები ამბობდნენ, რომ ბაჩოს ხელმძღვანელობის ბოლო პერიოდი ენატრებოდათ. მერე კი მივიდა ხათუნა კალმახელიძე და ხდებოდა ის, რაც ხდებოდა. ის ქალი იყო მარიონეტი. მას არავინ არაფერს ეკითხებოდა და სულ მიკვირდა, ეს ქალი ხმას რატომ არ იღებს-მეთქი.

– სანამ შედიოდით ციხეში, პატიმრები ამის შესახებ არ გელაპარაკებოდნენ?

– არა, შეშინებული იყვნენ. თან მუდმივად მანიშნებდნენ, რომ ჩვენს საუბარს ვიდეოთვალი აკონტროლებდა. მინიშნებით რაღაცას კი მეუბნებოდნენ, თუმცა გაუპატიურება მაინც არ ხდებოდა. ამას ადასტურებს შალვა რამიშვილიც, რომელიც იმ წლებში იხდიდა სასჯელს.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ ბაჩო ახალაიას ეს დავალებული ჰქონდა...

– დიახ, მაგრამ არა მგონია, პირდაპირი მითითება ყოფილიყო, – მიდი და გაუუპატიურეო, მაგრამ იმის მითითება ნამდვილად იყო, ჩვენება გვჭირდება და როგორც გინდა, ისე დააწერინეო. ხოლო ის, თუ რა გზებით აღწევდნენ ისინი ამას, ეს უკვე ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეა. ვიცი, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში სიკვდილით დასჯა მოქმედებდა, ხომ იყვნენ ისეთი ადამიანები – "პალაჩები", რომლებიც ამ დავალებას ასრულებდნენ. ყველა ვერ აკეთებდა, მაგრამ იყვნენ ისეთები, ვისაც განაჩენი სისრულეში მოჰყავდა, ანუ ესროდა. შემდეგ ისინი სახლში მიდიოდნენ და ოჯახის წევრებსა და შვილებს ეფერებოდნენ. ასე ხდებოდა ამათი ხელისუფლების პირობებშიც, ასეთი "პალაჩები" მათაც ჰყავდათ.

– ძნელი გასარკვევია, დახვრეტა ჯობია თუ ის, რასაც ისინი პატიმრებს უკეთებდნენ...

– დიახ, გეთანხმებით, მაგრამ სამეგრელოში ნაპოვნი კადრებიდან ირკვევა, ეს საშინელებები მხოლოდ ციხეში კი არა, პოლიციის განყოფილებაშიც ხდებოდა... არადა, როდესაც მიშა ხელისუფლების სათავეში მოვიდა (მაშინ ბაჩო ახალაია სოზარ სუბარის მოადგილე იყო), მრგვალი მაგიდა მოიწვია და კატეგორიულად მიმართა ყველას, "კაპეზეში" პატიმრების წამება შეწყდესო. რაღაც პერიოდი მართლაც შეწყდა... შემდეგ კი ვნახეთ, რაც მოხდა, – 12 წელი ადამიანის უფლებათა დამცველად ვიმუშავე და ჩემს თვალს არ გამოპარვია, რომ ამ ახალგაზრდების ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მოკლე პერიოდში პატიმარების რაოდენობა 16 ათასამდე გაიზარდა. გიგა ბოკერიას ვკითხე, რა ხდება-მეთქი, კოლეგები ვიყავით, მან მიპასუხა, მათი რაოდენობა 24 ათასამდე თუ გავზარდეთ, დიდ გრანტს მივიღებთ, რომ ახალი ციხეები ავაშენეთო.

– დაკავების შემდეგ ესაუბრეთ ბაჩო ახალაიას?

– არა, მინდოდა მისი მონახულება, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს. იმედია, შევძლებ და გავესაუბრები. იცით, ის, რაც მოხდა, ერთი და ორი კაცის ავტორობით არ ხდებოდა. მხოლოდ ბაჩოზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი. ადრე, როდესაც ვეკითხებოდი, რა ხდება ციხეებში-მეთქი, მეუბნებოდა, ასეთი დავალება მაქვსო, თუმცა არ ამბობდა ვისგან. ამიტომაც მინდოდა მენახა, რომ მეთქვა – მარტო ის არ იყო ამ სისტემაში დამნაშავე...

– ზურაბ ჟვანიას დაღუპვის შემდგომ, თქვენ პირველი იყავით, ვინც ეჭვი გამოთქვა, რომ ის მოკლული იყო. რა გარემოებამ წარმოშვა ეს ეჭვი?

– ეჭვი ბევრმა მიზეზმა გააჩინა... მე ჩემს ვარაუდს გამოვთქვამ. ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციამ მომმართა და მკითხა, გვინდოდა თუ არა – ევროსაბჭოში შექმნილიყო კომისია, რომელიც ზურაბ ჟვანიას სიკვდილს გამოიძიებდა. მაგრამ როგორც გაირკვა, ბიურომ ეს წინადადება არ მიიღო. იქ იყო ბოკერია და არ ვიცი, რა ილაპარაკა, მაგრამ ეს საკითხი ბიუროზე არ გასულა.

– "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს. შესაძლოა, პროტესტის ნიშნად, საპრეზიდენტო არჩევნებშიც არ მიიღონ მონაწილეობა. თქვენი აზრით, ეს ტაქტიკური უკანდახევაა?

– მათი გადასაწყვეტია, რას იზამენ. ისე, მათი მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატურის დასახელებისგან თავის შეკავება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა... მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება, ჯერ კიდევ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. შემდეგ იყო, ბუტა რობაქიძე და ის სამი ბიჭი, რომელიც დიდუბეში დათა ახალაიამ მუხლებზე დაჩოქილი დახოცა. ეს კადრები რამდენიმე დღის წინ რომელიღაც ტელევიზიითაც ვნახე... მაშინ ამის შესახებ მერაბიშვილსაც ვუთხარი, რაზეც მიპასუხა: სანამ ასეთ 200 კაცს მიწაში არ ჩავაწვენ და თქვენც ზედ არ მიგაყოლებთ, ვერ მოვისვენებო. შეიძლება, მინისტრმა ეს სიტყვები ხუმრობით თქვა, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ იყო...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)