დაუსრულებელი მარათონი?! - კვირის პალიტრა

დაუსრულებელი მარათონი?!

როდესაც ვნახე ფოტო, როგორ გარბის გალაღებული ანდერს ფოგ რასმუსენი "მშვიდობის ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორ მისდევს საპატიო მანძილზე საქართველოს რაგბის ნაკრებისმაისურიანი ჯანიანი ჯეელი (სავარაუდოდ, დაცვა), საქართველო-ნატოს ურთიერთობა გამახსენდა. უკვე წლებია, საპატიო მანძილზე ზუსტად ასე მისდევს საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და მანძილი არ მცირდება. ნატოს ლიდერები კი, იაპ დე ჰოოპ სხეფერიდან მოყოლებული, გვამშვიდებენ - კრიტერიუმებს თუ დააკმაყოფილებთ, გვერდიგვერდ ვირბენთო. საზოგადოებას კი, შიდა პროპაგანდის გადამკიდე (აი, მაპ-ზე უკეთესი რომ მივიღეთ, იმგვარის), გულწრფელად უკვირდა - ბოლოს და ბოლოს, რით ვერ დავაკმაყოფილეთ ეს კრიტერიუმებიო.

დასავლეთმა "დემოკრატიის შუქურა" გვიწოდა? - გვიწოდა; ევროკავშირისა თუ მსოფლიო ბანკის რეიტინგებში, ადამიანის უფლებების დაცვას, პოლიციის რეფორმასა თუ კორუფციასთან ბრძოლის მდგომარეობას რომ იკვლევდა, ვიყავით ლიდერები? - ვიყავით; ფრანგი ექსპერტები გადიოდნენ სტაჟირებას გლდანის ციხეში, რათა შემდეგ გამოცდილება თავიანთ სამშობლოში გამოეყენებინათ? - გადიოდნენ!

ზუსტად ასე ფიქრობდა ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც დისერტაციის დაცვასაც აპირებდა თემაზე - "ნატო და საქართველო". თუმცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პოლიციის რეფორმაც თავზე დაგვემხო და ელიტური კორუფციაც ისე ყვაოდა, თურქმენბაშს შეშურდებოდა, თქვა - ნატო კი არა, ახია ჩვენზე, რომ გაეროდანაც სამარცხვინოდ გაგვრიცხონო.

საბედნიეროდ, "დისტანციიდან არ მოგვხსნეს" და თბილისში მყოფმა რასმუსენმა კიდევ ერთხელ გვითხრა უკვე ათასჯერ გაგონილი - კრიტერიუმებს თუ დააკმაყოფილებთ, ალიანსის კარი თქვენთვის გაიღებაო. თუმცა ჩვენ ხომ მაინც ვიცით - ისე "ვაკმაყოფილებდით" წლების განმავლობაში ამ კრიტერიუმებს, რომ კარგა ხანი ისევე მოგვიწევს ალიანსის კუდში ძუნძული, როგორც ზემოხსენებული ჯეელი მისდევდა რასმუსენს. ნატოს გენმდივანმა "დაგვამშვიდა" კიდეც - საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში ალიანსის წევრობის ბილეთი არ არისო.

თუმცა რასმუსენის ვიზიტისას ვის ახსოვდა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივები (ივანიშვილის განცხადებებს თუ არ ჩავთვლით) - ყველა მხარეს თავისი სატკივარი ჰქონდა. მაგალითად, ნატოს გენმდივნის ვიზიტამდე, საზარელ ვიდეომასალებთან დაკავშირებით, "ნაცმოძრაობა", სააკაშვილის თამადობით, ნაცარში გორაობდა და გოდებდა - ვაი, ვაი, ეს რა დაგვემართა, არაფერი ვიცოდით, თუმცა ყველას ბოდიშს გიხდითო. რასმუსენის თბილისში ყოფნისას კი სააკაშვილსა და კამპანიას სულიერი სიმხნევე მოემატა. ალბათ, იმის გამო, რასმუსენმა სააკაშვილს რომ უთხრა, - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შენს შემცვლელსა და პრემიერთან ერთად ცნობილი იქნები, როგორც დემოკრატიის მშენებელიო. ან იმის გამო, რომ ნატოს გენმდივანმა განაცხადა - სერიოზული შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ყოფილი თანამდებობის პირების დაკავებასო. სხვათა შორის, რასმუსენის წასვლის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა - თარჯიმანი არბილებდა ნატოს გენმდივნის ნათქვამს, თორემ ის უფრო მკაცრი იყოო. ამაზე რამდენიმე წლის წინანდელი ამბავი გამახსენდა, როდესაც "ნაციონალურმა" არხებმა ჯეიმს აპატურაის ინტერვიუ დაამახინჯეს და სწორედ ამის შემდეგ შემოვიდა "მოდაში" უცხოელი დიპლომატების მიმართვების სუბტიტრებით გავრცელება. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, იწუწუნეს და იტირეს "ნაციონალებმა" რასმუსენის წინაშე, თუმცა გიგი უგულავას თანაგუნდელებს ამან არ უშველათ - ნატოს გენმდივნის წასვლის შემდეგ "მეორე წრეზე" მაინც დააკავეს.

მოკლედ, დასავლეთი თუ აღიარებს, რომ "დემოკრატიის შუქურა" ერთ დიდ ტყუილზე აგებული ხუხულა იყო, თავად გამოდის ამ ყველაფრის თანამონაწილე თუ არა, ხელშემწყობი მაინც. ამიტომაც, ჯერ კიდევ საკითხავია, კოაბიტაცია ვის სჭირდება ყველაზე მეტად - სააკაშვილს თუ ჩვენს უცხოელ მეგობრებს.

თუმცა დასავლეთი სწორედ იმიტომ არის სამაგალითო, რომ იქაური საზოგადოება, ადრე თუ გვიან, ობიექტურად შეაფასებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და თითოეულ პერსონას. ჩვენ კი უნდა ვცადოთ, ბოლოს და ბოლოს, მართლა დავაკმაყოფილოთ ნატოს ყბადაღებული კრიტერიუმები - ეს ისევ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება კარგი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, უახლოეს წლებში "ნატოელებმა" მაინც არ მოგვცენ მათ მხარდამხარ სირბილის უფლება.