ნიკა რურუა - "დღეს უკვე აღარ ვიცი, ვინ არის სტურუა..." (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ნიკა რურუა - "დღეს უკვე აღარ ვიცი, ვინ არის სტურუა..." (ექსკლუზივი)

ამონარიდი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიური ინტერვიუდან":

ნიკა რურუა:

- თქვენ კულტურის მინისტრი ბრძანდებოდით და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ამ სამინისტროსთან ბევრი შეკითხვები არსებობდა...

- ხელისუფლების ცვლილება ყველაზე რთულად კულტურის სამინისტროში მოხდა. ყველაზე მეტი სკანდალი, რეალური თუ ნამდვილი - მანდ იყო.

- თქვენ ხართ მინისტრი, რომელმაც თანამდებობიდან გაათავისუფლა მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი - რობერტ სტურუა. არ გაშინებდათ ის სირთულეები, რაც ასეთი დონის რეჟისორის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოჰყვებოდა?

- დღესაც მიმაჩნია, რომ რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს არ იყო არანაირად მისთვის ტკივილის მიყენების მცდელობა. ეს სიგნალი იყო სახელმწიფოს მხრიდან, რომ ქსენოფობია (ამ შემთხვევაში არმენოფობიური განცხადებები, მანამდე იყო რაღაც კიდევ ნათქვამი ზანგებზე, თურქებზე) არ შეიძლებოდა ასეთი ცნობილი ადამიანისგან. არ შეიძლებოდა სახელმწიფოსგან მწვანე შუქი, მით უმეტეს ჩემგან, რადგან პირდაპირ ურთიერთობაში ვიყავი რობიკო სტურუასთან და თვალებს ვერ დავხუჭავდი, ძალიან ცუდი ტონია ადამიანების ეროვნების გამოყენება სალანძღავ, საგინებელ სიტყვად. ბატონმა სტურუამ ეს ძალიან კარგად იცის და დღეს ასეთ ინტერვიუებს აღარ იძლევა. ძალიან საშიშია, ჩვენს ქვეყანაში ასეთმა ცნობილმა სახეებმა ქსენოფობიური გამონათქვამები ნორმალურ მოვლენად აქციონ.

- რობერტ სტურუაზე, როგორც რეჟისორზე რა წარმოდგენის ხართ?

- უდიდესი რეჟისორი იყო და დღეს უკვე აღარ ვიცი, ვინ არის... ბოლო დროს აღარ მინახავს მის მიერ შექმნილი რამე საინტერესო. ”ნადირობის სეზონი” არ მომეწონა და ასევე ბოლო სპექტაკლებიც აღარ მომწონს. ძალიან მომწონს ”რიჩარდ მესამე” და ”კავკასიური ცარცის წრე”.

- მართლა უწოდეთ ლუარსაბ თათქარიძე თუ ჭორია?

- ასეთი რამ არ მახსენდება... რუსთაველის თეატრში ყოფნისას ვთქვი, ლუარსაბ თათქარიძის კარ-მიდამოს ჰგავს აქაურობა - მეთქი და ალბათ ეს გამონათქვამი დაამახინჯეს. რუსთაველის თეატრის შენობა ძალიან მოუვლელი მომეჩვენა, არ მომეწონა ინფრასტრუქტურა, მაშინ როდესაც თეატრს საკმაოდ მაღალი ბიუჯეტი ჰქონდა.

- ბაგრატის ტაძარზე წლებია კამათი არ წყდება...

- ბაგრატის ტაძარი სხვა შემთხევაში დაინგრეოდა. რაც შეეხება სახურავის ფერზე დავას, ახლაც ვნახეთ დავით კაკაბაძის გამოფენაზე, გელათს რომ ზუსტად იმ ფერის სახურავი აქვს და ამ ნახატმა ბევრს გასცა პასუხი. ასევე არქეოლოგიურად ვიპოვეთ ბაგრატის კრამიტის ნამსხვრევი, რომლის მიხედვითაც ფერი დადგინდა. კრამიტის ერთი ნამსხვრევი საპატრიარქოშია და ერთიც ძეგლთა დაცვის სააგენტოს აქვს. ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია სურდა ეკლესიას, მრევლს და სახელმწიფოს. ანდრეა ბრუნო ერთ-ერთი საუკეთესო რესტავრატორია მსოფლიოში და არჩევანი მასზე ამიტომ შეჩერდა. გავა ცოტა ხანი და ბაგრატის ტაძარი უსაყვარლესი იქნება ქართველთა უმეტესობისთვის. ძველი ძალიან კარგად არის შენარჩუნებული და ახალს ეტყობა რომ ახალია.

- თქვენი კულტურის მინისტრობის პერიოდში იმართებოდა ძვირად ღირებული კონცერტები, მიუზიკლები, ჯაზ-ფესტივალები, რაც ახლა ხშირად არის წამოძახების მიზეზი...

- სრული სისულელეა.. ანდრეა ბოჩელის ჩამოყვანას თუ შევეხებით, უდიდესი ვარსკვლავია მსოფლიოში და ასეთი დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იაფი არ ჯდება. სტინგის მოწვევას მილიონები სჭირდება, თითო ტურნეში 5-6 მილიონს იღებს, მაგრამ ჩვენ მეათედ ფასად ჩამოვიყვანეთ. რაც შეეხება ჯაზ-ფესტივალებს, ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ჩვენი დანარჩენ სამყაროსთან საუბრისათვის. ძალიან კარგია ეკონომიკისთვის, ტურიზმისთვის, აჭარისთვის, ქვეყნის ზოგადი იმიჯისთვის და ჩვენ დღეს საკმაოდ კარგი ”დიპლომატები” გვყავს ჯაზურ სამყაროში. ბექა გოჩიაშვილის, ბაჩანა მძინარიშვილის და სალიოს (სალომე კორკოტაშვილი) მსგავსი ვარსკვლავები ჩვენზე დიდ ქვეყნებსაც არ ჰყოლიათ... ამიტომ არ შეიძლება ჯაზ-ფესტივალების და ასეთი ღონიძიებების ”მოკვლა”.

- ახლანდელი კულტურის სამინისტროს მიმართაც ბევრი კრიტიკა ისმის, მიუხედავად იმისა, რომ არ არიან შოუებით და ძვირად ღირებული კონცერტებით გატაცებული...

- ეს ნამდვილად არ მიხარია, რადგან ბატონ გურამ ოდიშარიას პირადად ვიცნობ. მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს - გადაიხედოს ჯაზ-ფესტივალის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან კარგი ინვესტიცია საქართველოს კარგი იმიჯის განმტკიცებაში და ტურიზმის მხრივ... რაც შეეხება ბოლო დროს ნიკოლოზ რაჭველის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაჭველი უნიჭიერესი შემოქმედია და ადამიანურად მხარს ვუჭერ. ჩემი აზრით, სამინისტროს საქმე არ არის არტისტის გატაცებები. შემოქმედებითი თავისუფლება ისეთი რამაა, რომ არავის ჩარევა მასში არ შეიძლება.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ორშაბათს, 8 ივლისს.