მიშა, აჰა ჰალსტუხი და დავაი, დასვიდანია! - მოლდოვეთში პრეზიდენტს "გულთბილი" დახვედრა მოუწყვეს - კვირის პალიტრა

მიშა, აჰა ჰალსტუხი და დავაი, დასვიდანია! - მოლდოვეთში პრეზიდენტს "გულთბილი" დახვედრა მოუწყვეს

მიხეილ სააკაშვილის მოლდავეთში ვიზიტმა ადგილობრივების მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია. ვიზიტის გასაპროტესტებლად, კიშინიოვის რესპუბლიკურ სასახლესთან ასამდე ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეთა აზრით, სააკაშვილის ვიზიტმა შესაძლოა დამღუპველი გავლენა იქონიის დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტაზე, რომელიც ამჟამად ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ისინი თვლიან, რომ 2008 ში ომი რუსეთის წინააღმდეგ სწორედ სააკაშვილის გაჩაღებულია. "სააკაშვილი ნარზე!", "მიშა, აჰა, ჰალსტუხი და კარგად იყავი!", "სააკაშვილი - ნატოსა და აშშ-ს მოსამსახურე!", "სააკაშვილი არცხვენს საქართველოს!" - სკანდირებდნენ ისინი. "ჩვენ დიდი პატივისცემის გრძნობით ვართ გამსჭვალული ქართველი ხალხის მიმართ, მაგრამ ისეთი ლიდერები, როგორიც სააკაშვილია, ამ შრომისმოყვარე ხალხს ჩირქს ცხებენ. ჩვენი მთავრობა კი, რომელმაც სააკაშვილი მიიპატიჟა, ეტყობა იწონებს იმას, რაც სააკაშვილმა 2008 წელს სამხრეთ ოსეთში გააკეთა, ეტყობა მათაც იგივე ორიენტაცია აქვთ დნესტრისპირეთის კონფლიქტთან მიმართებაში. მინდა მოვუწოდო არა მარტო სააკაშვილს, არამედ ყველა პრეზიდენტს - სანამ ავტომატს სტაცებდეთ ხელს, დაფიქრდით, ვის წინააღმდეგ მიდიხართ! ეს ხომ თქვენი საკუთარი ხალხია, თქვენ კი ძმათა ომს იწყებთ! ნუ დაუჯერებთ, ნუ მიბაძავთ სააკაშვილს!" - განაცხადა პარტია "მოლდავეთის პატრიოტების" თავმჯდომარემ, მიხაილ გარბუზმა.

როგორც პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კიშინიოვში პრეზიდენტის ჩასვლასთან დაკავშირებით სხვა აქციებიც გაიმართა, მათ შორის სოლიდარობის გამომხატველიც:

”კიშინიოვში მიმდინარე სამიტის პარალელურად, რესპუბლიკის სასახლის წინ სხვადასხვა ჯგუფებმა აქცია გამართეს. ახალგაზრდების ერთი ნაწილი საქართველოში შერჩევით სამართალს გმობდა და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტასა და ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა. მეორე ჯგუფი კი, მიხეილ სააკაშვილის მოლდოვაში ვიზიტს აპროტესტებდა.

სამიტის სესიისა და პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოს პირველი პირი აქციის მონაწილეებს გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილს გარეთ აქციის მხოლოდ ის ნაწილი დახვდა, რომელიც სოლიდარობას უცხადებდა პრეზიდენტისა და მისი გუნდის კურსს. ქვეყნის პირველმა პირმა მხარდაჭერისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მეორე აქცია სამიტის სამუშაო სესიის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დასრულდა და იმ მონაწილეებთან ვერ შეძლო გასაუბრება, რომელთა პროტესტიც რუსეთის პოლიტიკური ძალების მიერ იყო ინსპირირებული.” - ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.