რა ინტერესები აქვს მიხეილ ხუბუტიას საქართველოში? - ექსკლუზიური ინტერვიუ "ქართველთა კავშირის" პრეზიდენტთან - კვირის პალიტრა

რა ინტერესები აქვს მიხეილ ხუბუტიას საქართველოში? - ექსკლუზიური ინტერვიუ "ქართველთა კავშირის" პრეზიდენტთან

როცა ჩვენს რუბრიკაში მოსაწვევთა, ე. წ. "ნოვიე გრუზინების" სიას გადავხედეთ, აღმოჩნდა, რომ ზოგი ქართველი, "სამშობლოზე დარდითა და ფიქრით ნამეტნავად გადაღლილი", საზღვარგარეთის ფეშენებლურ კურორტებს აფარებს თავს. აქედან გამომდინარე, "კვირის პალიტრა" დილემის წინაშე დადგა, ან ყველა ქართველი, განურჩევლად სტატუსისა თუ მდგომარეობისა, უნდა მოგვეწვია სტუმრად რუბრიკაში ან არც ერთი... რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვამჯობინეთ.

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარია ქართველი ბიზნესმენი, ორგანიზაცია "ქართველთა კავშირი რუსეთში" პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია. იგი წლებია რუსეთში ცხოვრობს. როგორც ამბობენ, მისი ქონება რამდენიმე მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ბიზნესმენი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, ვიზიტის მიზეზად კი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა დასახელდა, რომლის ინიციატორი, როგორც თავად განაცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყოფილა, მაგრამ უშედეგოდ. ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. განაწყენებული ხუბუტია მოსკოვში დაბრუნდა, საიდანაც თავისი შეხედულებები ქვეყნის განვითარებისა და საინვესტიციო გეგმების შესახებ პრემიერს ღია წერილით აახლა. სამწუხაროდ, ნაყოფი ვერც ამ წერილმა გამოიღო.

"კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა, პრემიერის დუმილის მიზეზი ბატონ მიხეილ ხუბუტიასთან გაერკვია.

ცნობისათვის: მიხეილ ხუბუტია ქ. ზუგდიდში 1966 წლის 30 მაისს დაიბადა, ჰყავს მეუღლე ეკა ჯანაშია და 2 შვილი - ილია და ნიკოლოზი. 20 წლისა მოსკოვში დასახლდა და როგორც თავად ამბობს, პირველი "ბიზნესიც" დაიწყო, - მტვირთავად მუშაობდა სადგურში. სამაგიეროდ, თავისი მარიფათიანობის წყალობით 32 წლისამ მოსკოვის ოლქში მრეწველობის მინისტრის პოსტამდეც მიაღწია. ეს წარმატება კი გრომოვთან მის მეგობრობას მიაწერეს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ხუბუტიას ბიზნესის აღმასვლა, რაც მოიცავდა სამშენებლო ბიზნესს, სასტუმროებს, სამონადირეო კომპლექსებს, იარაღებისა და სხვა პროფილის მაღაზიების, რესტორნების ქსელებს და ა.შ. ამ უკანასკნელს მისი მეუღლე ეკა ჯანაშია განაგებს.

გარდა ბიზნესისა, როგორც თავად ამბობს, ბევრი სასიკეთო საქმეც უკეთებია როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. კერძოდ, ორგანიზაცია "ქართველთა კავშირი რუსეთის" ეგიდით 12,5 მლნ დოლარზე მეტი ჰქონია ქართველების ქველმოქმედებაში დახარჯული. თუმცა, არც მაგინებელი აკლია. როგორც ამბობენ, სააკაშვილთან ყოფილა შეკრული, მის ინტერესებს ატარებდა, ახლა კი პოლიტიკაში მოსვლას ლამობს რუსების ინტერესების გასატარებლადო და ა.შ.

"კვირის პალიტრა" მიხეილ ხუბუტიას მოსკოვში, ქართულ რესტორან""გენაცვალეში" შეხვდა. აქ ის შვილის, 13 წლის ილიას დაბადების დღეს აღნიშნავდა:

- მართლა თქვენ თქვით: - თურმე ოქტომბრის არჩევნების მერე საქართველოში სფეროების გადანაწილებას იწყებთ და ვიფიქრე, არიქა, ეგებ პატარა "კუსოკი" მეც შემხვდეს-მეთქი და ჩამოვედი-ო?

- არაფრის გადანაწილებას არ ვაპირებთ. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ინვესტიციების ჩატანას ვგეგმავ და არა ბიზნესის წამოწყებას.

- ინვესტიცია უანგაროდ ჩამოგაქვთ?

- სამონადირეო მეურნეობის გაკეთება მინდოდა. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდოდნენ მდიდარი ადამიანები, მათ ლამაზ სანახაობას შევთავაზებდი და ფულის დაბანდების სურვილს გავუჩენდი.

- მერე, უარი გითხრეს?

- არ ვიცი.

- თქვენი და ივანიშვილის შეხვედრა რატომ არ შედგა?

- ივანიშვილს ჰკითხეთ.

- თქვენ როგორც განაცხადეთ, ამ ყველაფრის ორგანიზატორი პატრიარქი ყოფილა და რა გამოდის, ივანიშვილმა პატრიარქი "გადააგდო"?

- გადაგდება რა შუაშია, უწმინდესი შეხვედრის ორგანიზებას ცდილობდა და ვერ მოხერხდა. ეგაა და ეგ.

- ამბობენ, ივანიშვილმა ხუბუტია ვინ არის და რა კაცია, კარგად იცოდაო.

- მე როგორ გაგცეთ პასუხი? ალბათ, გარემოცვამ ცუდი როლი ითამაშა, რაღაც-რაღაცები ჩაულაპარაკეს.

- ამის მერე თქვენ ღია წერილიც მისწერეთ. პასუხი არ ჩანს?

- ძალიან საწყენია. ფულს ხომ არ ვთხოვდით, პირიქით, საქართველოში გვინდოდა ინვესტიციების განხორციელება...

- რად გინდათ ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა?

- პოლიტიკა რომ მნდომოდა, დიდი ხნის წინ ჩავერთვებოდი. საქართველოში ბიზნესის წარმოება კი არ მინდა, ინვესტიციების ჩამოტანა მინდოდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ამხელა ბიზნესის პატრონს, რომელსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვს საქართველოში, რა ბიზნესი უნდა მეწარმოებინა? ეს ხომ აბსურდია.

- "ქართველთა კავშირზე" ვისაუბროთ, რას აკეთებთ ქართველებისთვის?

- ვინც კი მოსულა, ყველას დავხმარებივარ.

- როგორ?

- დაწყებული ადმინისტრაციული რესურსითა და დამთავრებული ფულადი დახმარებით. დღეს 1000-მდე იძულებით გადაადგილებულ პირს ვუკეთებ ბინადრობის უფლებას, რაც მათთვის დიდი შეღავათია; გავხსენით 2 ქართული სკოლა და ქართული ბაღი. ეკლესიაც გავწმინდეთ, ე. წ. გაუგებარი ადამიანებისგან. დღეს იქ წირვას მამა ვახტანგი ატარებს, რამაც მრევლი ერთი-ორად გაზარდა

- ამბობდნენ, მოსკოვში ქართული ეკლესია კუდ-ის და სოდ-ის დანამატი განყოფილებააო და დღეს რა ვითარებაა? ისიც გავიგე, ერთ-ერთი კოლეჯი ეკლესიას შენობას ედავებაო. ამაზე რას იტყვით?

- ეს საკითხი მოლაპარაკების სტადიაშია, კერძოდ, კოლეჯისთვის შენობის ყიდვას ვაპირებთ და უახლოეს მომავალში დავიწყებთ მათ გაყვანას, იქ კი უწმინდესის ლოცვა -კურთხევით პატრიარქის რეზიდენციას გავაკეთებთ. საქართველოში ორი ეკლესიის ასაშენებელად და სპოტრსკოლისთვის მიწები უკვე ვიყიდე, უახლოეს მომავალში აშენებასაც დავიწყებ. სპორტსკოლა ზუგდიდს უნდა ვაჩუქო.

- როგორ ამბობენ, წინა ხელისუფლებასთან მეგობრობდით.

- მე საერთო ენას ყველასთან ვპოულობ, ეს კი მეგობრობას არ ნიშნავს! 2008 წლის მერე კი ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა.

- ალბათ, თქვენი ძმის დაპატიმრების მერე?

- ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყო. სხვა ბევრი მიზეზიც არის. მთავარი პრობლემა კი რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მცდელობაა. ყოველთვის ვცდილობდი, პოლიტიკური სიტუაცია დამერეგულირებინა, რადგან საამისო რესურსი მაქვს. დღესაც მზად ვარ საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მედიატორის როლი შევასრულო. რუსეთის ხელისუფლების თითქმის ყველა პირველი პირისთვის შემიძლია ხმის მიწვდენა და ეს რესურსი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.

- ბატონ ზურაბ აბაშიძესთან, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, კონფლიქტი გქონიათ.

- კონფლიქტი არა, გაუგებრობა მოხდა. ერთხელ მისი ელჩობის დროს საელჩოსთან ჩავიარე და უამრავი ადამიანი იდგა რიგში. დავუკავშირდი ბატონ ზურაბს და ვკითხე, რაშია საქმე-მეთქი. მითხრა, კომპიუტერები გვაკლიაო. ვკითხე, რამდენი თანხაა საჭირო-მეთქი. მიპასუხა, ჩემი მოადგილე გააკეთებს ხარჯთაღრიცხვას და გამოგიგზავნითო. მართლაც გამოგზავნეს და მეც რამდენიმე ათასი ჩავურიცხე საელჩოს. გამოხდა ხანი და კვლავ საელჩოსთან ჩავიარე და ჩემდა გასაოცრად უფრო დიდი რიგი დამხვდა. დავურეკე ზურაბს და ვკითხე, ეს რა ჯანდაბაა-მეთქი? თურმე კომპიუტერები არ უყიდიათ. მე, რა თქმა უნდა, ბატონ ზურაბს არაფერს ვაბრალებ. ალბათ, მისმა მოადგილემ გადადგა არასწორი ნაბიჯები.

- ამას მოჰყვა კონფლიქტი?

- აკი გითხარით, ეს უბრალოდ უსიამოვნო ფაქტი იყო. ამას კიდევ ერთი რამ დაემატა, - ორი წლის წინ ჩემმა მოადგილე ნოდარ მეძმარიაშვილმა და მე გადავწყვიტეთ, გამოგვეცა წიგნი "100 ქართველი უცხოეთში"." დავუკავშირდი ბატონ ზურაბს და ვთხოვე, შეეკრიბა მეცნიერთა გუნდი, რომელიც საარქივო მასალას მოამზადებდა. წიგნი რუსეთში მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით უნდა გამოცემულიყო. ეს პროექტი სრულად მე დავაფინანსე. არადა, ისე მოხდა, რომ წიგნი გამოიცა საქართველოში, საკმაოდ დაბალი ხარისხის, ზედ "მაკდონალდსის" ლოგოთი და რაც მეტად საწყენი იყო, მეძმარიაშვილის გვარი არსად იყო ნახსენები. შეურაცხყოფილი დავრჩი, წიგნზე "100 ქართველი უცხოეთში" "მაკდონალდსის" ლოგოს რა უნდოდა? გაბრაზებულმა წერილი მივწერე ბატონ ზურაბს. პასუხიც მომივიდა, თურმე იმ პოლიტიკურ ფონზე ჩემს გვარს ვერ ახსენებდა, რომ მოლაპარაკება არ ყოფილა, რომ მხოლოდ ჩემს ფულს გამოიყენებდა. როცა ზურაბი მოსკოვში ჩამოვიდა, ვილაპარაკეთ და მითხრა, ფულს დაგიბრუნებო. არადა, ფული რა შუაში იყო? ფაქტი იყო უსიამოვნო.

- ახლა, როცა ბატონი ზურაბი პრემიერის წამომადგენელია რუსეთში, თქვენი მედიატორობა როგორ წამოგიდგენიათ?

- მე ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამოვალ და პირადი ურთიერთობები არაფერ შუაშია.

მიუხედავად წყენისა, ხუბუტია იმედოვნებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა აუცილებლად დარეგულირდება. დიალოგის დასრულების შემდეგ, რესპონდენტმა შემომთავაზა, თუ არ გეჩქარებათ, ჩემს მეუღლესაც გაგაცნობთო. სიამოვნებით დავთანხმდი.

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ მილიარდერი ხუბუტია ერთი დაცვის წევრითა და ერთი მანქანით დადის ე.წ "კრიმინალების" ქალაქში.

სანამ ბიზნესმენის მეუღლესთან საუბარს შემოგთავაზებდეთ, მინდა ერთ მნიშვნელოვან დეტალს ხაზი გავუსვა. ვიმედოვნებ, ეს მაგალითის მიმცემი იქნება ბევრი ქართველი ბიზნესმენისა თუ სახელმწიფო მოხელეებისთვის! კერძოდ, საქართველოში ქართველი ჟურნალისტები ბოლო 10 წლის განმავლობაში და სამწუხაროდ, დღესაც, ერთი და იმავე პრობლემის წინაშე ვდგავართ - არ და ვერ ვახერხებთ ვერც ერთ მათგანთან კომუნიკაციას! მიხეილ ხუბუტიას ყოველგვარი შუამავლების გარეშე შევხვდი. არც კი უკითხავს ჩემი მსოფლმხედველობა, თუ რომელ გუნდს წარმოვადგენდი, რაც საქართველოში ლამის სახელმწიფო საქმედ აქვთ აღიარებული, არც დაცვა გადამდგომია წინ.

- ეს ჩემი მეუღლეა, ეკა, ეს კი თეაა, ჟურნალისტი საქართველოდან.

- ძალიან სასიამოვნოა. ყავას დალევთ თუ ჩაის? ყავა ძალიან მიყვარს. ყავის ხათრით ვიღვიძებ. სადაც ყავას არ მასმევენ, იქ არ მივდივარ.

სანამ ქალბატონი ეკა ჩაის და ყავას ამზადებდა, მასპინძელმა ბიბლიოთეკა და იარაღების კოლექცია დამათვალიერებინა. მერე კი ვისაუბრეთ.

- ეკა, როგორია თქვენი ერთი დღე? გავიგე რესტორნების მმართველი ყოფილხართ.

- ორი სახის რესტორნების ქსელი გვაქვს "კალჩუგა" და "პორტო", რომელიც სერბებთან ერთად გავხსენით. "პორტო" თევზის რესტორანია. მმართველი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, უმეტესად მუქთა სტუმრებს ვმასპინძლობ. ჩემი მეგობრები, მიშას სტუმრები და მეგობრები, ბავშვების მეგობრები, სანაცნობო, საქართველოდან ჩამოსულები. …მერე ეს სტუმრობა სახლში გრძელდება და ასე ვცხოვრობთ (იღიმის).

- გამოდის, ნაღდი ქართველები ხართ.

- რა თქმა უნდა! შუაღამემდე ვჭორაობთ, მერე ოჯახის წევრებს ჭამა უნდებათ და ხშირად გვათენდება. ამისდა მიუხედავად, დილით მიშა ადრე მიდის, მერე ბავშვებს ვამგზავრებ და მერე ვიწყებ ჩემს საქმიანობას.

- როგორი მეუღლეა მიშა?

- უკონფლიქტო, ტყუილი და ღალატი მისგან შორსაა. უსიამოვნება ვის არ ჰქონია ოჯახში. ბოლოს და ბოლოს, მეც მეგრელი ვარ. ახალგაზრდობაში ვჩხუბობდით ხოლმე, მაგრამ მალევე ვრიგდებოდით. დედის მიმართ ძალიან ყურადღებიანია. თვითონ ყიდულობს მისთვის საჩუქრებს. ძალიან მინდა ჩემი შვილებიც ასეთები იყვნენ.

- თქვენ თუ გიკეთებთ საჩუქრებს?

- რა თქმა უნდა. რაც უფრო მეტ საჩუქარს მაჩუქებს, მით უფრო მეყვარება (იცინის).

- არის ისეთი რამ, რაც გაკლიათ?

- საქართველოს მონატრება შემომიტევს ხოლმე.

- და ბოლოს, ხუბუტიების წარმატების საიდუმლო რაში მდგომარეობს?

- ჩვენი წარმატების საიდუმლოს გასაღები ერთმანეთის სიყვარული, შრომისმოყვარეობა და ერთგულებაა.

P.S. აპირებს თუ არა ხუბუტია პოლიტიკაში მოსვლას, შეხვდება თუ არა ბიძინა ივანიშვილს და ითამაშებს თუ არა მედიატორის როლს საქრთველოსა და რუსეთს შორის, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოვლენებს დაველოდოთ.

თეა ღვანია