”იმ ”ჯიპებში”, სამღვდელოებას რომ დაურიგეს, მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული” - კვირის პალიტრა

”იმ ”ჯიპებში”, სამღვდელოებას რომ დაურიგეს, მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული”

მოგეხსენებათ, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხუთმა წევრმა ე. წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი მოინახულა. ”მე ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხედავ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას, თუ არა პოლიტიკურს”, - განუცხადა ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის მონახულების შემდეგ ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა. მანვე მერაბიშვილის ოჯახთან შეხვედრის საკითხიც გააპროტესტა. ”მე 6 კვირის წინ მოვინახულე მერაბიშვილი. მან წონაში საკმაოდ დაიკლო და ვფიქრობ, ის ექიმებმა უნდა შეამოწმონ. კარგი იქნება, თუ ვანო მერაბიშვილს ოჯახის მონახულების უფლებას მისცემენ, ან მათგან წერილს მიიღებს”, - განაცხადა ლისეკმა. ინტერვიუ პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილთან, სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- ის, რომ მერაბიშვილმა წონაში დაიკლო, კანონს ნამდვილად არ ეწინააღმდეგება. მას სასმელ-საჭმელი, სიგარეტი და მოვლა არ აკლია, ტელევიზორიც აქვს. ისე, ყველა პატიმარი იკლებს წონაში, ამას როგორც ყოფილი პატიმარი გეუბნებით. ვანო მერაბიშვილმა რომ წონაში დაიკლო, ამის გამო საქართველოს მოსახლეობა ვერ იგლოვებს, მით უფრო, რომ ეს მისთვის სასარგებლოცაა, ბოლო ხანს აშკარად ჭარბი წონა ჰქონდა. ახლა იმაზე ვილაპარაკოთ, რა თქვეს ევროპარლამენტარებმა. მათ არ უთქვამთ, რომ ვანო მერაბიშვილი ცუდ პირობებშია, ან მას ვინმე უკანონოდ ექცევა. ისე, მე რაღაც არ მახსოვს, ევროპარლამენტარები დაინტერესებულიყვნენ იმ პირთა მდგომარეობით, რომელთაც ათიათასობით აპატიმრებდა მერაბიშვილი. სხვათა შორის, თავის დროზე, მერაბიშვილმა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრიც ჩასვა ციხეში და არც მისი ბედით დაინტერესებულან, არც მოლაშვილის ან მირცხულავას მდგომარეობა შეუსწავლიათ.

- ევროპარლამენტარმა ლისეკმა განაცხადა: პოლიტიკურის გარდა სხვა ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ ვამო მერაბიშვილის დაპატიმრებისაო.

- ჩვენც ასევე ვერ ვხედავთ პოლიტიკურის გარდა სხვა მიზეზს იმისა, რასაც ლისეკი აცხადებს. ის წარმოადგენს EPP-ს, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობა” ამ პარტიის წევრია. ძალიან კარგი და პატივსაცემი კაცია ეს ლისეკი, მაგრამ რას ხედავს და რას ვერა, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. მერაბიშვილის პატიმრობის საფუძველი დაინახა ქართულმა სასამართლომ, რომლის გადაწყვეტილებაც ლისეკის ”მხედველობაზე” მნიშვნელოვანია.

- პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ალასანიამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა მას მერე გააუქმეს, რაც მათ ვანო მერაბიშვილი მოინახულეს.

- ამის საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრს მათთან შეხვედრა არც ჰქონია დაგეგმილი. რაც არ ყოფილა დაგეგმილი, როგორ გაუქმდებოდა? რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ყველამ ვნახეთ, რომ მას სტუმრად სომეხი კოლეგა ჰყავდა. საქართველოს პრეზიდენტი რომ ტყუილებს ამბობს, ეს აღარავის უკვირს.

- ცნობილია, რომ წინა ხელისუფლების დროს ფარულად ჩაწერილი ვიდეოფირების რიცხვი 17 ათასს ასცდა. როგორ ფიქრობთ, თვალთვალის ობიექტები შეიძლება ყოფილიყვნენ უცხოელი დიპლომატები და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებული პოლიტიკოსები?

- დიახ, იმ ჩანაწერებში არიან უცხოელი დიპლომატებიც, პოლიტიკოსებიც, მათ შორის ევროპარლამენტარებიც. შეგიძლიათ ჰკითხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვფიქრობ, დაადასტურებს. სააკაშვილის რეჟიმს დაწესებული ჰქონდა ტოტალური თვალთვალი და ეს სისტემა სწორედ ვანო მერაბიშვილის დახმარებით დანერგა. ეს იყო სისტემური დანაშაული, უსმენდნენ ერთმანეთსაც, ოჯახის წევრებსაც... უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სასულიერო პირებს. იმ ”ჯიპებში”, სამღვდელოებას რომ დაურიგეს, მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული.

- საქართველოს პარლამენტმა მუშაობის ერთი ეტაპი დაასრულა, როგორ შეაფასებთ მის მუშაობას, რა იყო წარმატება, რა შეცდომა და იქნებ ის კანონპროექტებიც გავიხსენოთ, რომელთაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

- მიმაჩნია, რომ ეს პარლამენტი გაცილებით კვალიფიციურია, ვიდრე წინა იყო. ეს განაპირობა იმან, რომ ახლა მიმდინარეობს დებატები, არსებობს განსხვავებული პოზიციები, გვყავს ოპოზიცია, რომელიც რეალურად ოპოზიციაა და არა ე. წ. კონსტრუქციული. უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად მივიჩნევ იმ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს მიტაცებული უფლებები დაათმობინა, ასევე საგარეო კურსის თაობაზე მიღებულ ერთობლივ რეზოლუციას. იყო ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი კანონიც, თუმცა საზოგადოების ყურადღების გამახვილება ზოგჯერ ისეთ თემებზე ხდებოდა, მაინცდამაინც მნიშვნელოვანი სულაც რომ არ იყო და ამას უმცირესობიდან ჩემი კოლეგებიც უწყობენ ხოლმე ხელს, რათა ისე ეჩვენებინათ, რომ თითქოს პარლამენტი უსაქმურების თავყრილობაა. ასე მოხდა ე. წ. პრეზერვატივების თემაზე, როდესაც საკითხის ისეთი აჟიტირება მოხდა, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არც იცის, რა ეწერა იმ კანონპროექტში. არიქა, პრეზერვატივებს კრძალავენო, ავკრძალეთ? ვინმე ვერ შოულობს? თუ ასეა, შემიძლია, დავეხმარო. ახლა კობა დავითაშვილის განცხადება აიტაცეს, არიქა, სერიალები იკრძალებაო. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად გაითვალისწინებს პარლამენტი. ასე იქნება ამ სერიალებზეც. რაც შეეხება ეროვნულ სამოსს, მე ლიბერალი ვარ და ეს საკითხი მაინცდამაინც არ მიმაჩნდა მნიშვნელოვნად და არც მიმიცია ხმა, მაგრამ კონსერვატორებს ეს მნიშვნელოვნად მიაჩნდათ და ეს პრობლემა ნამდვილად არ არის. რაც შეეხება შეცდომებს, რა თქმა უნდა, გვქონდა, მაგალითად, პროცედურულ საკითხებს დიდ დროს ვანდომებდით, ხშირად საკითხის განხილვის გასაჯანჯლებლად ”ნაცმოძრაობის” წევრები სიტყვით გამოდიოდნენ ისეთ საკითხებზეც კი, რაც არათუ არ იცოდნენ, არც აინტერესებდათ. პრობლემაა ისიც, რომ პარლამენტი იკრიბება იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. საოცარ პირობებში გვიწევს მუშაობა. მე მიყვარს ქუთაისი და ქუთაისელები, მაგრამ პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს.

- მაინც როდის იგეგმება პარლამენტის თბილისში დაბრუნება?

- ახალ წელს საქართველოს პარლამენტი თბილისში, თავის შენობაში შეხვდება. ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)