ელენე თევდორაძე - "ყველაფერი პროკურატურის ბრალია" - კვირის პალიტრა

ელენე თევდორაძე - "ყველაფერი პროკურატურის ბრალია"

მწამებლად შერაცხილი ბაჩო ახალაია შესაძლოა წამებულის სტატუსით დაუბრუნდეს საზოგადოებას. ალბათ, გამართლდება მერაბიშვილიც, სააკაშვილიც... ქართველი ერი კი თავს დაიდანაშაულებს, იყო თუ არა მართალი, როცა სააკაშვილის ხელისუფლება უარყო. ჩვენი სტუმარია "ნაციონალური მოძრაობის" თანაგუნდელი, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე:

- როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ ახალაია და სხვა მსჯავრდებულები გაამართლეს?

- რეალობა ის არის, რომ ვერაფერი დაუმტკიცეს ამ ხალხს. ვერ შევაფასებ მოსამართლის გადაწყვეტილებას, მაგრამ ახალაია ასე მარტივად ვერ გათავისუფლდება. მას აქვს კიდევ სხვა საქმეები, რომლის განხილვამდე აუცილებლად მოუწევს ციხეში ყოფნა. თუკი ისევ სუსტად იმუშავებს პროკურატურა, სხვა საქმეებზეც იგივე შედეგები დადგება.

პროკურატურა არ არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული, ვერ აგროვებენ მტკიცებულებებს. პროკურატურა დამოკიდებული იყო ადეიშვილზე, მის გარეშე ვერაფერს გადაწყვეტდნენ, საპროცესო შეთახმების დროსაც კი ადეიშვილთან წყდებოდა საქმე. პროკურორები უეცრად დამოუკიდებლები გახდნენ და აღმოჩნდა, რომ ისევ ვიღაცას უყურებენ ხელებში, მათგან მოელიან გადაწყვეტილებების მიღებას...

- როგორც ვიცი, თქვენც დაგკითხათ პროკურატურამ ბუნტის საკითხთან დაკავშირებით. რა მოხდა სინამდვილეში იმ ღამეს?

- მეკითხებოდნენ, იყო თუ არა ციხეში დაუმორჩილებლობა. ბუნტი ნამდვილად იყო დაწყებული. გვიან ღამით პატიმრებმა დამირეკეს, ციხე ავიღეთ, მაგრამ სპეცრაზმი შემოიყვანეს და თუ არ გვესვრიან, კამერებში დავბრუნდებითო. მერაბიშვილს ვუთხარი, შევალ და პატიმრებს საკნებში დავაბრუნებ-მეთქი. თავიდან მე და სოზარს მოგვცეს ამის უფლება, მერე გადაიფიქრეს და შტურმი დაიწყეს, რასაც 7 პატიმარი ემსხვერპლა. არ ვიცი, ვის სჭირდებოდა ამ ხალხის დახოცვა, ჩვენ შეგვეძლო პრობლემის უსისხლოდ გადაჭრა...

- ბაჩო ახალაია ამ დანაშაულისთვის აგებს პასუხს?

- ამბობენ, რომ ყველაფერს ის განაგებდა და შტურმის ბრძანებაც მან გასცა. თუმცა, მთავარი ორგანიზატორები მერაბიშვილი, ადეიშვილი და ბოკერია გახლდნენ. ბაჩო სულ სადღაც გარბოდა, რაღაცებს ავალებდნენ, ის შემსრულებელი იყო.

- გამოდის, ბაჩო ახალაია "პატიოსანი" ყოფილა და ამ ბრალდებითაც შეიძლება დაუძვრეს პროკურატურას.

- ის იყო ხელმძღვანელი, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მისი მინისტრობის დროს საშინელება ხდებოდა სასჯელაღსრულების უწყებაში. ბაჩოს სულ ვაფრთხილებდი სისასტიკეზე, რასაც სჩადიხარ, პასუხს მოგთხოვენ-მეთქი. მოვუყვანე მეხუთე იზოლატორის და ქუთაისის ციხის დირექტორების მაგალითები. ისინი დაუნდობლად ექცეოდნენ პატიმრებს და როცა მოხსნეს, ორივე მოკლეს-მეთქი. არ ესმოდა... ჯერ ციხეშია, არავინ იცის, რა ელის, როცა გამოვა.

- კონკრეტულად, რაზე უთითებდით?

- სპეცრაზმით შევარდებოდა და სცემდა პატიმრებს. ე.წ. ავტორიტეტები წლების განმავლობაში სარდაფებში ჰყავდათ სიბნელესა და უჰაერობაში გამოკეტილი.

- თენგიზ გუნავაც შეიწყალა პრეზიდენტმა, ვინ უწყობს ხელს მათ "გასუფთავებას"?

- 18 წელია ამ სფეროში ვარ და მსგავსი რამ არ მინახავს, როცა 18 დღის შემდეგ პატიმარმა შეწყალებით დატოვა საპატიმრო. თუმცა პრეზიდენტს უფლება აქვს, შეწყალების კომისიის გარეშე შეიწყალოს პატიმარი, თუ განაჩენი გამოტანილია. ვიმეორებ, პროკურატურის ბრალია ყველაფერი.

- მერაბიშვილზე რას იტყვით?

- ახალაიებსაც და მეგის ქარდავასაც მერაბიშვილი მფარველობდა. სამეგრელოში პარლამენტარ ბეჟან გუნავას რომ სცემა ქარდავამ, მაშინ ვთქვი, ქარდავა მკვლელია-მეთქი. ამის გამო მერაბიშვილმა გამკიცხა.

- წლებია სააკაშვილის გუნდთან ერთად მუშაობთ, როგორ შეაფასებდით მიშას პრეზიდენტობამდე და პრეზიდენტობის შემდეგ?

- რევოლუციამდე სააკაშვილი მართლა უყვარდა ხალხს, მან თავისი შეცდომებით მოახერხა შეეძულებინა თავი იმავე ამომრჩევლისთვის, რომელიც ენდობოდა. მიშა დღეს ეზიზღებათ და ალბათ, აქვთ ამის მიზეზიც.

- ჟვანიას საქმეზეც მინდა გკითხოთ. გჯერათ, რომ უბედური შემთხვევის მსხვერპლია?

- მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ეჭვქვეშ დავაყენე ოფიციალური ვერსია და ვთქვი, რომ ზურაბი მოკლულია. მაშინ ეს ამბავი რატომღაც რუსებს დავაბრალე, რადგან ყველაფერს მათ ვაბრალებდით ისედაც. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ზურასთან სამსახურში მივედი. პრეზიდენტთან იყო ასული. როცა ჩამოვიდა, ცუდ ხასიათზე იყო. რამე ხომ არ მოხდა-მეთქი? ალბათ, ჩემს ოჯახს მოვკიდებ ხელს და საქართველოდან წავალო. მას მერე ზურა აღარ მინახავს...

უტა ბიწაძე (სპეციალურად საიტისთვის)