შფოთვანი გივისანი ანუ "კვირის პალიტრის" პასუხი გივი თარგამაძეს
გასულ კვირას "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძესთან ინტერვიუ ჩავწერე. მისივე თხოვნით, შინ ვესტუმრე. მითხრა, აქ უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავსო. ინტერვიუს დროს დიდ სიფრთხილეს იჩენდა, თუმცა რუსების, ციხის კადრებისა და ოპოზიციური პარტიების შესახებ დასმულ კითხვებს ჩვეული ემოციური პასუხები გასცა. ყოველგვარი დამახინჯების გარეშე შევამცირე ორსაათიანი ინტერვიუ. სტატიაზე მკითხველის კომენტარებში კარგად ჩანს, რომ არავის გაჰკვირვებია მისი ემოციურობა. საინტერესოა, თავად რესპოდენტს რატომ ეუცხოვა საკუთარი ფრაზები, რომელსაც თამამად ისროდა ჩართული დიქტოფონის წინაშე?
როგორც ჩანს, ორშაბათის ნომერში გასული ინტერვიუ მისი გუნდის წევრებს არ ეპიტნავათ და გივი თარგამაძე შეახურეს. მასაც სხვა რა გზა ჰქონდა, თავი უნდა ემართლებინა, ადგა და მუსიკოს-პოლიტიკოს-ველოსიპედისტის, გოგა ხაჩიძის შუამავლობით ფეისბუქზე წერილი გამოგვიქვეყნა და "კვირის პალიტრას" კონტექსტის განზრახ დამახინჯებაში დასდო ბრალი. წერილში ნათქვამია: "ქვესათაური ჩემგან ართქმულ ფრაზას შეიცავს, ცალკე გამოტანილია კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადებები, თავად ინტერვიუში თითქმის სამსაათიანი საუბრიდან მოხვდა ერთმანეთთან დაუკავშირებელი, დანაწევრებული მცირე ფრაგმენტები, რომლებიც არასგზით არ ასახავს ინტერვიუს არც აზრს, არც ლოგიკურ მიმდინარეობას, არც სულისკვეთებას. ეს მოწმობს, რომ "კვირის პალიტრა" აგრძელებს ყვითელი პრესის წარმომადგენლის ფორმატით მუშაობას, რაც განსაზღვრავს შემდგომში ჩემს ამ გამოცემისადმი დამოკიდებულებას."
კარგი და პატიოსანი, მაგრამ ერთი რამ ავიწყდება ყოფილ ჟურნალისტს: რატომ ჰგონია, რომ ჩანაწერს მასალის მომზადებისთანავე ვშლი? მსგავსი გაურკვევლობა რომ არ მოხდეს, ყოველთვის ვინახავ აუდიომასალებს. რა თქმა უნდა, შენახული მაქვს ბატონ თარგამაძესთან ჩაწერილი ინტერვიუც. სხვათა შორის ამის შესახებ თავიდანვე ვუთხარი გივის და პრეტენზიების შემთხვევაში დავპირდი, რომ მასალას თავიდან ბოლომდე მოვასმენინებდი. სწორედ ამის გამო გავკადნიერდი და მესიჯი მივწერე:
"ბატონო გივი, წავიკითხე თქვენი წერილი და გავოცდი. საინტერესოა, რომელი ფრაზა არ გეკუთვნით თქვენ, ან სად არის აზრი დამახინჯებული?! ხელთ მაქვს აუდიოჩანაწერი და გადავამოწმოთ. მიკვირს, რომ მიწევს ყოფილ ჟურნალისტს ავუხსნა, თუ რას ჰქვია ამონარიდი და როგორ ხდება მისი გამოყენება: მთავარი გზავნილები ყველა გაზეთში ცალკე გამოაქვთ, ბუნებრივია, ჟურნალისტი მთელ სტატიას სათაურში ვერ გამოიტანს. ჩვენ სწორედ ის დავწერეთ, სათაურში თუ ქვესათაურში, რისი თქმაც რესპონდენტს სურდა. ვიმეორებ, თქვენ ჟურნალისტი იყავით და ეს ყველაფერი კარგად მოგეხსენებათ. მაგრამ რახან მთელ ქვეყანას გააგებინეთ, რომ მე ცუდი ჟურნალისტი ვარ, ბოროტი "კვირის პალიტრა" კი არასწორად მოგექცათ, გთავაზობთ ერთად მოვისმინოთ ჩანაწერი.
კარგა ხანია ისე არაფერი გამკვირვებია, როგორც პასუხი, რომელიც თარგამაძისგან მივიღე: "მე თქვენ არც გამიკრიტიკებიხართ. თუ დააკვირდით, არავინ გამილანძღავს. იმასაც ვაფასებ, რომ შენს სამსახურს იცავ. ვეთანხმები ახლა რაც დაწერეთ." ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. შე კაი დედმამიშვილო, თუ ყველაფერს ეთანხმები, არ მაკრიტიკებ და ისიც მოგწონს, საკუთარ სამსახურს რომ ვიცავ, რაღას გამოდიხარ მთელი ქვეყნის გასაგონად და გაჰყვირი?! არავინ გამილანძღავსო, რომ მწერ, "ყვითელი პრესის ტრადიციების გაგრძელება" თქვენი ჟურნალისტობის პერიოდში, რა, კომპლიმენტად აღიქმებოდა?!
ბოლოს მინდა ვთქვა, ადამიანურად ჩემთვის სრულიად გასაგებია "ნაციონალური მოძრაობის" უკმაყოფილება და გივის შფოთვანიც, რადგან ძნელია, სიმართლეს თვალი გაუსწორო. ალბათ ძნელი ასატანია ისიც, რომ ვეღარ გრძნობთ იმ მონურ მორჩილებასა და თვალებში ციცინს, რასაც წლების განმავლობაში რიგი მედიასაშუალებებისგან მიჩვეული იყავით. ალბათ კომფორტული იყო ის "ოქროს ხანა", როცა ჟურნალისტს თქვენთან უნდა შეეთანხმებინა, რა დაეტოვებინა და რა ამოეღო მასალიდან. თქვენდა სამწუხაროდ და ჩემდა საბედნიეროდ, მსგავსი ტიპის "მომსახურება" ჩვენს ჩამონათვალში არ შედის. თქვენს გუნდს რომ "კვირის პალიტრის" სიმართლე აღიზიანებს, ეს ახალი ამბავი არ არის. რაც შეეხება გოგა ხაჩიძეს, ორი დღე რომ ამ მასალას სოციალური ქსელით მონდომებით ატრიალებს, იქნებ თხოვოთ და ეს წერილიც გააცნოს საზოგადოებას.
პატივისცემას გამოვხატავ მკითხველის მიმართ, რომელიც თქვენი მცდელობის მიუხედავად სამართლიან შეფასებებს აკეთებდა "კვირის პალიტრის" საიტზე. ხალხი ბრძენია, იგი განსჯის მტყუან-მართალს და სამართალიც ურმით, მაგრამ მაინც დადის.
პატივისცემით,
უტა ბიწაძე
"კვირის პალიტრა"