ჯანსუღ ჩარკვიანი - "ბიჭო, მიშა, შეიძლება პუტინმა "გაგაფარჩაკა", მაგრამ ამაზე საქვეყნოდ კი არ უნდა იყვირო!" - კვირის პალიტრა

ჯანსუღ ჩარკვიანი - "ბიჭო, მიშა, შეიძლება პუტინმა "გაგაფარჩაკა", მაგრამ ამაზე საქვეყნოდ კი არ უნდა იყვირო!"

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე პრეზიდენტის - მიხელ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანიც გამოეხმაურა.

- რაც რუსეთმა ჩვენთან ჩაიდინა დიდი უბედურებაა, აფხაზეთთან დაკავშირებით იქნება ეს თუ ოსეთთან... მთავარი კი ამ შემთხვევაში სულ სხვა რამეა: როდესაც მიხეილ სააკაშვილი ბრძანდები და გნებავს შეურაცხყოფა მიაყენო ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ასე არ უნდა ელაპარაკო - უნდა დაიწყო იმის აღიარებით, რომ შენ რომ გზები გაიყვანე, ჯარი რომ შექმენი და ააღორძინე, დღეს რომ პოლიცია გყავს, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით მოხდა. ბიძინა ივანიშვილი უხდიდა ყველას ფულს, ვინც კი სახელმწიფოში მუშაობდა. მიხეილ სააკაშვილო, თუ ნამუსი გაქვს, მოდი რა, საჯაროდ ასე ელაპარაკე ბიძინას! ბიძინას კარგი ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტთან, ეგონა ახალგაზრდობა მოდიოდა და სამშობლოს აუყვავებდა, მაგრამ როგორც კი ამდენი უბედურება შეატყო, უთხრა, წადი შენი დედაც ვატირეო... ახლა მიხეილ სააკაშვილს უნდა თქვას, მე ვარ ამ ქვეყანაზე და ვინ არის სხვაო, მაგრამ ბიძინასთან რომ ფეხი არ ჩაუვა ”პატივცემულ” პრეზიდენტს, ამას ლაპარაკი რაღად უნდა? ამიხსენით, სააკაშვილს საიდან უნდა ჰქონოდა იმდენი ფული, ორი თვითმფრინავი ეყიდა და მილიონები გადაეხადა?!.. ამას პატიოსანი პრეზიდენტი ვერ შეძლებდა და არც იკადრებდა. წავიდეს თავის თავს მიხედოს, კიდევ იმას ბედავს, რომ სხვას შეურაცხყოფა მიაყენოს...

- რა შეურაცხყოფას გულისხმობთ?

- პრეზიდენტი იმდენსაც ვეღარ გებულობს, რომ უკვე შეურაცხყოფას თავის თავსაც აყენებს. ამის წინ თქვა, პუტინს ესა და ეს ვუთხარი და იმან მითხრა, ეგ ყველაფერი დაახვიე და უკან იმასქენიო. ბიჭო, მიშამ, შეიძლება გითხრა, გაგაფარჩაკა ამ ქვეყანაზე, მაგრამ შენ ამაზე საქვეყნოდ კი არ უნდა იყვირო!.. უხერხულია, რა!... საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია (ჰქვია, თორემ აღარაფერს ეგ აღარ წარმოადგენს) და ასეთ სისულელეებს ბჟუტურობს. კარგად ვიხარხარე იმ სისულელეზე, ბიძინა ივანიშვილს ორი მილიარდი გადაუხადა რუსეთმაო... ანუ პუტინი მილიარდებს აძლევს მილიარდერს?!.. ვაი მაგის პატრონს, ამ უბედურისას.

- მიხეილ სააკაშვილმა ისიც უთხრა ბიძინა ივანიშვილს, მე იმედი მაქვს, თქვენ არ ხართ საქართველოს მტერთან შეკრულიო...

- ბიძინა ივანიშვილი არავისთან შეკრული არ არის. მისი პოზიცია არის დასავლეთ-ევროპული. თუმცა აუცილებლად უნდა გამონახოს საქართველომ საერთო რუსეთთან. ასე გამონახა საერთო ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, უკრაინამ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, მთელმა შუა აზიამ... საქართველოს გარდა ყველამ შეძლო რუსეთთან ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილს აღმოაჩნდა იმდენი უნარი და ჭკუა, რომ დასავლეთისკენ იხრებოდეს და კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდეს რუსეთთან... ახლა იძახიან, პრემიერ-მინისტრი რატომ იცინოდა, პრეზიდენტი რომ სიტყვით გამოდიოდაო?.. - ბიჭო, სისულელეს რომ ილაპარაკებ, ვიღაც გაიცინებს, აბა რა იქნება?! გარდაცვლილებზე იცინოდა პრემიერიო, მაგას ვინც იძახის, უნამუსოა, გარდაცვლილებზე კი არა, მიშიკოს ბოდვებზე ეცინებოდა იმ ხალხს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)