გია ბარამიძე – მძიმე სანახავი იყო პრემიერ-მინისტრის "ოხუნჯობა", რაზეც ელჩი დელიკატურად უღიმოდა - კვირის პალიტრა

გია ბარამიძე – მძიმე სანახავი იყო პრემიერ-მინისტრის "ოხუნჯობა", რაზეც ელჩი დელიკატურად უღიმოდა

უმცირესობის წევრ გია ბარამიძეს დიმიტრის მედვედევის ინტერვიუსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვესაუბრეთ:

- რამდენიმე წლის შემდეგ, დიმიტრი მედვედევმა მოისურვა ქართველ საზოგადოებას დალაპარაკებოდა. როგორ ფიქრობთ, რით იყო მისი სურვილი მოტივირებული?

- იმიტომ, რომ ახლა რუსეთმა იდეოლოგიურ ფრონტზე ძალიან შემოგვიტია, გააქტიურდნენ ის ძალები, რომლებიც აქამდე ჩუმად იყვნენ და თავის გამოყოფას ვერ ბედავდნენ. აშკარად გამოძვრნენ რუსეთის აგენტები და პირდაპირ ქადაგებდნენ, რომ პრორუსული პარტია უნდა შექმნან, ან გააძლიერონ ის პარტიები, რომლებიც დადიოდნენ პუტინთან და ჟირინოვსკისთან, და ზოგ-ზოგიერთებს ჟირინოვსკი ხელსაც კი ართმევდა. ზოგი იქიდან ჩამოვიდა და თავხედურად განაცხადა, უკვე დროა რუსეთმა კავკასიაზე გავლენა დაიბრუნოსო... ზოგი ცოტა ადრეც კი ლაპარაკობდა, რომ გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც რუსების რბილ ძალას წარმოადგენენ და რა კარგია, რომ ტანკების ნაცვლად, რბილი ძალის წარმომადგენელი გვეყოლებაო. გააქტიურდნენ ისინიც, ვინც რუსეთის ერთმორწმუნებობას იყენებს და ამბობს, რომ აი რა ვქნათ, სხვა გამოსავალი არ გვაქვსო და "იხსენებენ", რომ თურმე ორივე მართლმადიბებელი ერი ვართ, მაგრამ იმას არ "იხსენებენ", ამ მართლმადიდებლებს რამდენი ცუდი გაუკეთებიათ საქართველოსთვის, ავტოკეფალიის გაუქმებიდან დაწყებული, ეკლესია-მონასტრების შეღებვით, ქართული ენის ამოძირკვის მცდელობითა და ჩვენი პატრიარქების მოკვლით დასრულებული... თურმე ამიტომ უნდა ვიყუროთ რუსეთისკენ და არ გვინდა დასავლეთ, რომელიც თურმე თავის რაღაცებს გვახვევს თავს... ამ ყველაფერს შესანიშნავად უყენებს რუსული მხარე, მედვედევი თვალებში ნაცარს გვაყრის და ამბობს, რომ თურმე კონფლიქტი თბილისსა და ცხინვალსა და თბილისსა და სოხუმს შორის ყოფილა. რუსეთი არაფერი შუაში ყოფილა, რაზეა ლაპარაკი, კრავები არიან. ასეთი ცინიკური განცხადებები გათვლილია, იმ მიამიტ ადამიანებზე, ვისაც ჰგონია, რომ მეფე კეთილია და რუსეთი ხელს გადაგვისვამს თავზე და საქართველო აყვავდება. ყოველ ემთხვევაში ამის ნიშნები ჯერ ნამდვილად არ არის.

- რამდენიმე დღის წინ ამერიკულ გემზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი, რა დროსაც იქვე მდგარ პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის ელჩს ეღიმებოდათ. რასაც მოჰყვა საელჩოს მართლაც საოცარი განმარტება, "ელჩის სახის გამომეტყველებაზე"...

- დიახ, მძიმე სანახავი იყო პრემიერ-მინისტრის "ოხუნჯობა", რაზეც ელჩი დელიკატურად უღიმოდა. რაც უნდა მწვავე იყოს დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის, არსებობს ეტიკეტი, რომელიც უნდა დაიცვა. რაც უნდა სიტყვა გაუგრძელდეს პრეზიდენტს და შენთვის არასასიამოვნო თემებზე საუბრობდეს, უცხოელების თანდასწრებით თითებს არ უნდა უქნევდე. ეს ძალიან ელემენეტარული დიპლომატიური ეტიკეტია. პრემიერ-მინისტრს რომ პრეზიდენტი არ უყვარს, ყველამ ვიცით, ეს არაერთხელ გამოუხატავს, მაგრამ ორივეს მართებს თავიანთი სიმპათია-ანტიპათიები გვერდზე გადადონ.

- "რა გიკეთია გულზე..."

- დიახ, მახსოვს ეს ფრაზა, რა დამავიწყებს... არ ვიცი, ამ მიმართვაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ორი ფაქტორია, ან მართლა არ იცოდა, რა დატვირთვა აქვს იმ ყაყაჩოს, რადგან წელს ან შარშან არ დამკვიდრებულა ამ სიმბოლოს ტარების ტრადიცია და თუ იცოდა, მაინც გაიქილიკა ამ სიმბოლოზე, რაც კიდევ უარესია. ყაყაჩოს რას ერჩოდა, მაინცდამაინც თუ შარის მოდება უნდოდა, პირდაპირ ეთქვა, ამ ფერის პიჯაკი რატომ გაცვიაო... იმ სიმბოლოსთან რა უნდოდა, ვერ გავიგე...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)