"სააკაშვილს ისე ეშინოდა დემოკრატიისა და თავისუფლების, ევროვიზიაზე მიმავალი მომღერლის კაბის ფერის შერჩევაშიც კი ჩაერია" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს ისე ეშინოდა დემოკრატიისა და თავისუფლების, ევროვიზიაზე მიმავალი მომღერლის კაბის ფერის შერჩევაშიც კი ჩაერია"

ცოტა ხნის წინ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, გია ნაცვლიშვილი პასუხისგებაში მისცეს, მასთან ერთად დააკავეს შპს "არტესისა" და "ივენთ ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპის" დაფუძნებელი ზაზა კაპანაძე. სასამართლო მათ თბილის განვითარების ფონდის კუთვნილი 4 052 108 ლარის არაკანონიერად მითვისებაში ადანაშაულებს. გია ნაცვლიშვილს თავდებში დაუდგნენ საზოგადოებისათვიოს ცნობილი სახეები, მათ შორის ეროვნული მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, რეჟისორი დავით დოიაშვილი და მწერალი დავით ტურაშვილი.

დათო ტურაშვილი:

- გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს ძალიან კარგად ვიცნობ (ძალიან დიდი ხანია) და ამიტომაც თამამად დავუდექი მათ თავდებში. დარწმუნებული ვარ, გამოძიებას ისინი არსად დაემალებიან და მათი დაპატიმრება სულ არ არის აუცილებელი, რადგან გამოძიება უკვე რვა თვეა მიმდინარეობს და არცერთხელ არ უცდიათ რომელიმე შეკითხვისათვისაც კი თავი აერიდებინათ. მეტიც, როცა მათ ბრალი წაუყენეს, ზაზა კაპანაძე საქართველოში არ იმყოფებოდა, მაგრამ როგორც კი ეს ამბავი გაიგო, რამდენიმე საათში დაბრუნდა თბილისში და თანაც ისე სწრაფად, რომ ასეთი ტემპით გადაადგილებას (ერთი ადგილიდან მეორემდე) ფანტომასიც კი ვერ ახერხებდა თავის საუკეთესო წლებში (აღარაფერს ვამბობ ალადინზე, ბეტმენსა და პიტერ პენზე). ამიტომაც გაუგებარი იყო ჩემთვის პროკურატურის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულები გამოძიებას დაემალებიან. სხვათა შორის, ბრალმდებელის სხვა რამდენიმე მოსაზრებაც ძალიან არადამაჯერებლად ჟღერდა სასამართლო პროცესზე.

- ენდობით სასამართლოს?

- სასამართლო ნამდვილად იცვლება და უფრო დამოუკიდებელი ხდება. წინა ხელისუფლების პერიოდში, ძალიან ბევრ სასამართლო პროცესს დავსწრებივარ და ისეთი პროცესებიც მახსოვს, სადაც მოსამართლეს სრულიად არ აინტერესებდა დაცვის არგუმენტები, რადგან იცოდა, რომ ზუსტად ის უნდა გაეკეთებინა, რასაც პროკურატურა უკარნახებდა. სამწუხაროდ სააკაშვილის ხელისუფლებაში არ დაიჯერეს, რომ დემოკრატიული და თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, სწორედ დამოუკიდებელი სასამართლოა.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია მართლაც ქონდეს გია ნაცვლიშვილს ეს დანაშაული ჩადენილი?

- მე რომ ასე არ ვფიქრობ, არაფერს ნიშნავს, მთავარი არის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დანაშაულს ვერ უმტკიცებენ და მაინც აპატიმრებენ (როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა), არის უკანონო პატიმარი და ასეთები, სამწუხაროდ, ასობით და ათასობით გვყავდა. ამ მახინჯი და საბჭოური ცნობიერებისაგან რაც მალე გავთავისუფლდებით, უფრო მეტი შანსი გვექნება, რომ მართლა დემოკრატიული და ძლიერი სახელმწიფო შევქმნათ. სააკაშვილს ეშინოდა დემოკრატიისა და თავისუფლების და ცდილობდა, ერთპიროვნულად ემართა ყველაფერი ქვეყანაში, როგორც ეს საბჭოურ ქვეყნებში ხდება (იქამდეც კი მივიდა, რომ ერთხელ ევროვიზიაზე მიმავალი ქართველი მომღერლის კაბის ფერის შერჩევაშიც კი ჩაერია), არადა დემოკრატია და თავისუფლება, ყველაზე დიდი ძალაა...

- გია ნაცვლიშვილი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ექს-პრეზიდენტია და ეს ყვლაფერი ხომ არ იმოქმედებს ოლიმპიური კომიტეტის იმიჯზე?

- ოლიმპიურ კომიტეტს რა იმიჯი აქვს, არ ვიცი და ამ შეკითხვაზეც ვერ გიპასუხებთ, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ გია ნაცვლიშვილის ქონებას არანაირი კავშირი არა აქვს ოლიმპიურ კომიტეტში მის საქმიანობასთან. ბიზნესსა და სამეწარმეო საქმიანობაში იგი ჯერ კიდევ სტუდენტობისას ჩაერთო. ჩემს გარდა სხვებსაც ახსოვთ, რომ ზაფხულის არდადეგებზე, დედამისის მიერ გაკეთებული მურაბები და კამპოტები, ვლადივოსტოკში მიჰქონდა ხოლმე გასაყიდად და მაშინ ჩემსავით, იმ სხვებსაც ეღიმებოდათ ხოლმე. წლების განმავლობაში კი, გია ნაცვლიშვილი თითქმის ერთადერთი ქართველი ბიზნესმენი იყო, რომელიც ფულს სხვა ქვეყნებში შოულობდა (თავისი ტვინით და შრომით) და ბევრისაგან განსხვავებით, ისევ საქართველოში ხარჯავდა...

ნიკოლოზ რაჭველი:

- ზოგადად, თავდებში ისეთ ადამიანს უდგები რომელიც გიყვარს, რომელთანაც გაქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება და რაც მთავარია, ვისი ნდობაც გაქვს. როდესაც შევიტყვე, რომ გია ნაცვლიშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, გადავწყვიტე მას დავდგომოდი თავდებად. აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ის არ დაემალება არავის, პირიქით, ითანამშრომლებს გამოძიებასთან. ამიტომ მეც და მისმა სხვა მეგობრებმა საჭიროდ ჩავთვალეთ, მას გვერდში დავდგომოდით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვეთავაზებინა სასამართლოსთვის, წინასწარი პატიმრობის და გირაოს ნაცვლად, შეეფარდებინათ თავდებობით განთავისუფლება.

-მაგრამ სასამართლომ მაინც გირაო შეუფარდა.

- დიახ სასმართლომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, თუმცაღა იმაზე ნაკლები თანხა მოითხოვა გირაოდ, ვიდრე ამას ითხოვდა პროკურატურა.

-თუმცა არც სასამართლოს მიერ დაწესებული თანხა ( 200 000 ლარი) არაა მცირე, როგორ ფიქრობთ შეძლებს ბატონი გია ამ თანხის გადახდას?

- როცა გირაო წესდება, განსასჯელის საკუთრებაში არსებულ ქონებას ედება ყადაღა, ასევეა გიას შემთხვევაშიც. მიჭირს თქმა, რამდენად მოახერხებს ის ამის გადახდას. არ გამოვრიცხავ, ბანკის დახმარება გახდეს საჭირო. ხდება ხოლმე, რომ მეგობრები ეხმარებიან და შემდეგ ეს ადამიანები უკან უბრუნებენ მეგობრებს ამ თანხას, მაგრამ გიას ჩვენთვის არ უთქვამს, მომეხმარეთ გირაოს თანხის შეგროვებაშიო.

- რამდენად ენდობით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას?

- მე მჯერა იმ არგუმენტების, რომელიც მოყავს ჩემს მეგობარს და დარწმუნებული ვარ, რომ ის მართალია და საქმე დასრულდება მისი გამართლებით.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)