"იმის მტკიცება, რომ სირიის კონფლიქტი საქართველოზე "გადმოვა", უპასუხისმგებლობაა და პანიკის დათესვას ემსახურება" - კვირის პალიტრა

"იმის მტკიცება, რომ სირიის კონფლიქტი საქართველოზე "გადმოვა", უპასუხისმგებლობაა და პანიკის დათესვას ემსახურება"

"ბირთვული იარაღი თუ გამოიყენეს, მსოფლიო ომი კიარა, მსოფლიო კატასტროფა იქნება"

"ასი წლის წინათ პირველი მსოფლიო ომიც თითქოსდა არასაკმარისი საბაბით დაიწყო"

"ეს პროვოკაციაა მუსლიმური თემის მხრიდან, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების მხრიდანავ, ვინც ეს მინარეთი დაშალა, თანაც სასაცილო საბაბით."

"მომავალ წელს ზუსტად ამ დროს პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 100 წელი შესრულდება. მაშინაც ყველაფერი ასევე თითქოს მსოფლიო ომის დასაწყებად არასაკმარისი საბაბით დაიწყო," - აცხადებს აღმოსავლეთმცოდნე და დიპლომატი რევაზ გაჩეჩილაძე სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

- ის, რაც სირიაში ხდება, კომპლექსური სამოქალაქო ომია, რომელსაც მრავალი მონაწილე ჰყავს. იქ არა ორი, არამედ რამდენიმე დაპირისპირებული მხარეა. ამიტომ, ძალიან რთულია გარკვევა, ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი. დასავლეთის და სხვა ქვეყნების ჩარევა ამ ვითარებაში სირიას არ დაეხმარება. პირიქით, ცუდი იქნება როგორც სირიისთვის, ისე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაბედავენ და როგორღაც ჩაერთვებიან.  საუბარი იმაზე, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, ჯერჯერობით ლაპარაკად რჩება, ჩვენ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ეს ქიმიური იარაღი რომელიმე მხარემ გამოიყენა. მაგალითად, მთავრობამ, რომელსაც აბრალებენ, მაგრამ ამ ბრალდებას დამტკიცება უნდა. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ოპოზიციამ ჩაიდინა, რომელსაც პროვოკაციები სჭირდება, რომ როგორმე გარე ძალები ამ ვითარებაში ჩართონ. ამიტომ, იქამდე, სანამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდება, მსოფლიოს ლიდერებმა ალბათობაზე დაყრდნობით არ უნდა იმოქმედონ.

- ამასთანავე, ხმელთაშუა ზღვაში საფრანგეთისა და ამერიკის სამხედრო ხომალდები შევიდნენ. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ დასავლეთი გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადება?

- ამერიკის ხომალდები არა მარტო ხმელთაშუა ზღვაშია. შტატებს თურქეთის ტერიტორიაზე სამხედრო საავიაციო ბაზებიც აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ სირიის პრობლემა ამან გადაწყვიტოს. საქართველოს უშუალოდ ეს კონფლიქტი არ ეხება. ლაპარაკი იმაზე, რომ ომი გადმოვა საქართველოზე, უპასუხისმგებლობაა და პანიკის დათესვას ემსახურება, რაც უადგილოა.

ამიტომ, ჩვენ ამას უნდა ვუყუროთ უბრალოდ წუხილით, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, რადგან ეს არის უბედურება - თითქმის 2 მილიონი ლტოლვილია, 100 ათასი ადამიანი დაიღუპა და უამრავი დახეიბრდა. თუმცა, ვიმეორებ, საქართველოს ეს უშუალოდ არ ეხება. რასაკვირველია, ყველა ომი საშიშია, მაგრამ უშუალოდ საქართველოზე... პანიკის დათესვა საჭირო არ არის. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. არ მესმის, როგორ უნდა მოხდეს ამ კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა.

- არსებობს მოსაზრება, რომ სამოქალაქო ომის მასშტაბების გაზრდის შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთმა საქართველო დერეფნად გამოიყენოს...

- მოსაზრება, რომ კონფლიქტის გაღრმავების შემთხვევაში რუსეთმა საქართველო შესაძლოა დერეფნად გამოიყენოს, სრულ უაზრობაზეა დაფუძნებული. გადახედონ რუკას. მაგათ თუ რაღაც სჭირდებათ. სხვა საბაბს გამონახავენ... ეს არის ჩვენი არაკეთილმოსურნეების მიერ დათესილი პანიკა, რომელთაც სურთ საქართველო მსოფლიოში მიმდინარე ყველანაირ უპასუხისმგებლო ქმედებებში ჩართონ.

- ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ, რელიგიურ ნიადაგზე მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის შუღლის გაღრმავების მცდელობები ხომ არ შეიძლება ირიბად უკავშრდებოდეს სირიაში და მის გარშემო არსებულ ვითარებას?

- საფრთხე ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება ამ ქმედებას, რასაკვირველია, ეს პროვოკაციაა მუსლიმური თემის მხრიდან, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების მხრიდანავ, ვინც ეს მინარეთი დაშალა, თანაც სასაცილო საბაბით. თავისთავად, მინარეთების დადგმა და მეჩეთების მომრავლება შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ ეს რეალობაა - საქართველოში არის როგორც მართლმადიდებელი, ასევე მუსლიმი მოსახლეობა.

- იმ შემთხვევაში თუ ეს შუღლი გაღრმავდება, რა შედეგამდე შეიძლება მივიდეთ?

- თუ შუღლი გაღრმავდება, ძალიან ცუდ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ. არ უნდა გაღრმავდეს. მთავრობა იმისთვის ავირჩიეთ, რომ ცოტა გამოიფხიკონ ყური და წესიერად იმუშაონ. ამ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს შუღლი არ გაღრმავდეს.თუ გაღრმავდება, რასაკვირველია ძალინ ცუდ შედეგს მივიღებთ, შუასაუკუნეებში აღმოვჩნდებით. როგორ შეიძლება, ასეთი რამ დავუშვათ. ამისთვის არსებობს კანონი და არსებობს სახელმწიფო.

- ფრანგული პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს სწორედ ახლა, ამ ვითარებიდან გამომდინარე მოხდეს?

- მომავალ წელს ზუსტად ამ დროს ასი წელი შესრულდება პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან. მაშინაც ყველაფერი ასევე, თითქოს მსოფლიო ომის დასაწყებად არასაკმარისი საბაბით დაიწყო. მაგრამ საქმე ისაა, რომ პირველი მსოფლიო ომის წინ ნათელი იყო, ვინ ვის წინააღმდეგ გამოვიდოდა. ამჟამად არ ვიცი განაწილება და თუ ვინმემ იცის, მითხრას, მსოფლიოში ვინ ვის მხარესაა. ფაქტობრივად, არსებობს დასავლეთის ბლოკი და მეორე მხარესაა რუსეთი. რუსეთის მხარეს ვინაა კიდევ?! რა მსოფლიო ომზეა საუბარი, არ მესმის.

სამწუხაროა, რომ მსოფლიო ომისთვის ახლა კიდევ უარესი იარაღი არსებობს - ბირთვული იარაღი. ის თუ გამოიყენეს, მსოფლიო ომი კიარა, მსოფლიო კატასტროფა იქნება. ამიტომ, არ მგონია, რომ რამე სერიოზული ომი დაიწყოს.

თეო გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)