"ჩვენ ვერასდროს შევეგუებით რუსების უფროსობას. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ, აფხაზები, მათთან ვალში ვართ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვერასდროს შევეგუებით რუსების უფროსობას. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ, აფხაზები, მათთან ვალში ვართ"

აფხაზეთში, რუსეთის საელჩოს ვიცე-კონსული და პირველი მდივანი დმიტრი ვიშერნევი მოკლეს. 36 წლის დილომატს ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლეს, როდესაც მეუღლესთან ერთად სამსახურში მიდიოდა. დაჭრილია მისი მეუღლეც, რომელიც ამ დროისთვის სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. მას უკვე გაუკეთდა რამდენიმე ოპერაცია, თუმცა, სოხუმელი ექიმები საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებენ...

აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო სტრუქტურებში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მომუშავე ჩვენი აფხაზი რესპონდენტის თქმით, რუსი დიპლომატის მკვლელობას ორი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს...

- თვითმხილველებისგან ვიცი, რომ დიპლომატი, ”ჰიუნდაის” მარკის ავტომობილში ჩაცხრილეს. მკვლელმა მას ორი ტყვია ესროლა, შემდეგ კი, მისი მეუღლე ამოიღო მიზანში... მკვლელს მისი ავტომანქანის აფეთქება ჰქონდა განზრახული, მაგრამ ბომბი არ ამოქმედდა. ამიტომ გამოიყენა ქილერმა ცეცხლსასროლი იარაღი. ის ძველ სოხუმში, ნაზაძის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა... ვიცი, რომ რამდენიმე ხნის წინ, მისი ბინა გაძარცვეს და დოკუმენტებთან ერთად, სხვა ფასეულობაც წაიღეს... მასზე ასევე ითქვა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე მუშაობდა. (რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის, აფხაზებისთვის რუსული პასპორტების მიყიდვა ჩვეულებრივი ბიზნესია)... რუსეთის მოქალაქეობაზე აფხაზეთში ბევრი ოცნებობს, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ერთი სული აქვთ, აქედან წავიდნენ... ცნობილია, რომ მოკლული ღია კონფლიქტში იყო ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, რადგან მიაჩნდა, რომ აფხაზეთში რუს ბიზნესმენებსა და ტურისტებს ”აყაჩაღებდნენ” და ამის გაგრძელება არ შეიძლებოდა...

- რას ნიშნავს ”აყაჩაღებდნენ?”

- იმას, რომ მოკლულისა და მისი კოლეგების აზრით, რუსული ბიზნესი, რუსეთისა და აფხაზეთის ხელმძღვანელობას წნეხის ქვეშ ჰყავთ, ხშირია რეკეტი, ფულის "შეწერა" და ა.შ. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ... მათ მიაჩნიათ, რომ აფხაზეთში რუსებს ავიწროებენ.

აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას სურთ, წარმოაჩინონ, რომ ამ ორ ხალხს შორის ჰარმონიაა, მაგრამ სინამდვილში ასე არ არის და არც არასდროს ყოფილა. ჩვენ ვერასდროს შევეგუებით რუსების უფროსობას. მათ მიაჩნიათ, ჩვენ, აფხაზები, მათთან ვალში ვართ და მთელი ცხოვრება ასე უნდა ვიყოთ...

დიახ, ვეწინააღმდეგებით უცხო ქვეყნის, კონკრეტულად რუსეთის მოქალაქეებისთვის კერძო საკუთრების მიყიდვასა და დაკანონებას. რა არის ამაში გასაკვირი?

მცირერიცხოვანი ერი ვართ და თვითმყოფადობის შენარჩუნებას ვცდილობთ. არავის მივცემთ უფლებას, აფხაზეთში სახლები ან სხვა ქონება შეიძინოს და დაიკანონოს.

თუ ამას ჩვენი ხელმძღვანელობა არ გაითვალისწინებს, იძულებული გავხდებით, სხვა ზომებს მივმართოთ... არ ვიცი, ეს მკვლელობა ამ საკითხს უკავშირდება თუ არა, ნამდვილად არ მინდა ასე იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ხელმძღვანელობის სისუსტით ბევრმა მოითბო ხელი.

ბევრს ბიზნესის კეთება სახელმწიფოს შენება ჰგონია...

ჩვენ მადლიერი ვართ რუსეთის, მაგრამ არანაირი ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება არ გვიღირს სახელმწიფო ინტერესებზე უარის თქმად.

არ შეიძლება, აფხაზი ხალხის დაუკითხავად გაასხვისონ სახელმწიფო დანიშნულების ობიექტები... არ შეიძლება ბიზნესმენმა იყიდოს და თავისი მოგებისთვის გამოიყენოს სტალინის აგარაკი, ამას ჩვენთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ეს რუსეთისა და აფხაზეთის მთავრობას ერთნაირად უნდა ესმოდეს. ამ ფონზე რუსეთს არ უნდა უკვირდეს, რატომ იზრდება ანტირუსული განწყობა აფხაზეთში. ასეთი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ის კიდევ უფრო გაიზრდება... დიპლომატის მკვლელობა თავისთავად ცუდი ფაქტია, აფხაზეთი არც ავღანეთია და არც ერაყი, მაგრამ აფხაზეთის მოსახლეობა ასიმილაციის რეალურ საფრთხეს გრძნობს.

- ალექსანდრე ანქვაბი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების დაკანონებას აპირებს...

- დიახ, ჩვენი მთავრობა კანონზე იმ შეზღუდვის მოხსნას აპირებს, რომლითაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს აფხაზეთში საცხოვრებლისა და კერძო საკუთრებით ყიდვა ეკრძალებათ. ვნახოთ, რამდენად შესძლებს...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)