კახი კახიშვილი - "არ მგონია, რომ გუშინ საღამოს ექსპერტები დაბნეულები და სუსტები იყვნენ" - კვირის პალიტრა

კახი კახიშვილი - "არ მგონია, რომ გუშინ საღამოს ექსპერტები დაბნეულები და სუსტები იყვნენ"

პრემიერსა და ექსპერტებს შორის გუშინ ჩატარებული შეხვედრების პერიპეტიების შესახებ ექსპერტ კახი კახიშვილს ვესაუბრეთ.

- ბატონო კახა, რატომ იყვნენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მისული ექსპერტები და პოლიტოლოგები ასეთი დაბნეულები?

- არ მიმაჩნია, რომ ისინი დაბნეული და მით უფრო, სუსტები იყვნენ, უბრალოდ, მათი ავტორობით პრესაში გაშუქებული კონკრეტული პოზიციების დაცვა ვერ მოახერხეს. საქმე ის არის, რომ საქართველოს პოლიტიკის ისტორიაში, პირველად მოხდა, ასეთი სტილის შეხვედრა, როდესაც მთავრობის პირველ პირთან პოლემიკა პირდაპირ ეთერში გახდა შესაძლებელი. ამიტომ, შესაძლოა, ყველა მიჩვეული იყო იმას, რომ ექსპერტი რასაც იტყვის, იმასთან შეკამათება არ იქნება და იმასაც შეჩვეული ვიყავით, რომ რასაც ქვეყნის პირველი იტყოდა, ტელევიზიით, მასზე კომენტარს, მხოლოდ მოგვიანებით ვაკეთებდით... ამჯერად ფორმატი სხვანაირი იყო, - პირველს პირსაც შეეძლო ჩვენთან კამათი და შესაძლოა, ამიტომ აღიქვა ვიღაცამ ისე, რომ ექსპერტები სუსტი იყვნენ.

- თემების აღრევა რატომ მოხდა?

- სხვადასხვა დარგის ექსპერტები იყვნენ მოწვეულნი და რახან შეხვედრას მოდერატორი არ ჰყავდა, დახარისხება ვერ მოხერხდა. თანაც ჩვენ რამდენიმე ვიყავით და პრემიერი ერთი იყო და ყველა თემას ვერ განვავრცობდით... გულწრფელად გეტყვით, ეს შინაურულ დებატებსა და პოლემიკას უფრო ჰგავდა, ვიდრე ოფიციალურ შეხვედრას.

- თავად პრემიერ-მინისტრის პასუხებს როგორ შეაფასებთ?

- მთავარია, რომ ის გულწრფელი იყო და ეს არ იყო წინასაარჩევნო კამპანიაზე გათვლილი პიარი. მან თქვა ის, რასაც ფიქრობდა და ტყუილების თქმა არ დაუწყია.

- ჰქონდა ისეთი შეფასებებიც, რამაც საზოგადოების და თქვენი, იქ მიწვეული ექსპერტების გაოცებაც გამოიწვია, მაგალითად, ზურაბ ადეიშვილზე განაცხადა, რომ `გაღლეტილი~ იყო და აყრილ პარკეტიან სახლში ცხოვრობდა...

- დიახ, ადეიშვილზე ჩემთვის მართლა გაუგებარი იყო მისი პოზიცია. ისიც თქვა, ადეიშვილს ნიჭი კეთილი საქმეებისთვის რომ გამოეყენებინა, ქვეყანას სიკეთეს მოუტანდაო... თუმცა მე მიმაჩნია, რომ ადეიშვილი იდეების გენერატორი იყო და არა საშუალო რგოლის ჩინოვნიკი. მას უნდოდა ასეთი რეჟიმის შექმნა და შექმნა კიდეც, თანამოაზრეებთან ერთად. პრემიერ-მინისტრს ეტყობა, ვიღაცამ უთხრა, რომ ის გაჭირვებაში ცხოვრობდა და აყრილპარკეტიანი სახლი ჰქონდა. არადა, როდესაც თეა წულუკიანმა მისი სამუშაო კაბინეტის დემონსტრირება მოახდინა, ადეიშვილი მართლა არ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელიც პირველი თაობის ტელეფონით ივლიდა... თუმცა, მე მაინც მიმაჩნია, რომ ის იმ საშინელი რეჟიმის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო.

- სხვა საკითხებზე გკითხავთ, მიხეილ სააკაშვილის გაეროში გამოსვლა როგორც დასავლურმა პრესამ, ისე ქართულმა საზოგადოებამ დადებითად შეაფასა. იყო თუ არა პრეზიდენტის სიტყვა ძლიერი?

- ამ გამოსვლით მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებისთვის ემზადება. მას მეორე სუნთქვა გაეხსნა და დიდი პოლიტიკური მოღვაწის სახელის მოხვეჭა უნდა. მისი მიზანია, ყველაფერი რაც ცუდი იყო, მისი მმართველობის პერიოდში, ვიღაც ჩინოვნიკებს, ქარდავებს, მათ შორის ადეიშვილსაც გადააბრალოს. თავად კი, მასშტაბური დონის პოლიტიკოსად მოევლინოს მსოფლიოს, წესრიგზე ისაუბროს და ლექციები წაიკითხოს. ეს იყო პომპეზური, ევროპელებსა და ამერიკელებზე გათვლილი გამოსვლა. მან ყველაფერი ისე წარმოაჩინა, თითქოს საქართველოს მხსნელი იყო და ახლა კი მიდის პრეზიდენტობიდან, მაგრამ ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვას განაგრძობს. ასეთი პათოსით რომ ემუშავა, იმ 9 წლის განმავლობაში, ახლა ბევრად უკეთესი ქვეყანა გვექნებოდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)