"80 წლის ქალი ფანჯრიდან გადმოხტა. რუსები კი იცინოდნენ" (ექსკლუზივი)
"გვანგრევენ შვილო, გვკლავენ, გვქურდავენ, გვართმევენ"
"მირჩევნია, მიწასთან გასწორდეს ყველაფერი, ვიდრე "ოსეთის" მოქალაქე გავხდე"
"ბაღში როცა ვმუშაობდით, ოსი მესაზღვრეები ძაღლებს მოგვიქსევდნენ ხოლმე"
ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან":
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია გრძელდება. დვანში მცხოვრები მახაჭაშვილების, ყორაშვილებისა და მეკარიშვილების ოჯახები საკუთარ ქვეყანაში მეორედ გახდნენ დევნილები - მათი სახლები რუსების მიერ გაბმული მავთულხლართების მიღმა მოექცა. სოფელში ქართული პოლიცია პატრულირებს. სწორედ მათი დახმარებით მივედით ილია მახაჭაშვილის სახლის ეზოში. სახლის დანგრევაში მას მეზობლები ეხმარებოდნენ, თავად კი ეზოში იჯდა და უყურებდა. ჩვენთან საუბარი არ ისურვა, მხოლოდ პატარა კომენტარით შემოიფარგლა:
-ამოდენა კაცი ხომ არ ვიტირებ? რომ ვილაპარაკო რამე მეშველება? ოცი წელი ისე ვიცხოვრე ამ სახლში რომ ერთ მხარეს კბილებამდე შეიარაღებული ოსი მესაზღვრე იდგა და მეორე მხარეს ქართველი ჯარისკაცი. ერთხელაც არავინ ამოსულა, არ მოვუკითხივარ. იქნებ მაშინ რომ მოექცია ვინმეს ყურადღება, ახლა ჩემი ხელით არ დამენგრია ის, რაც წვალებით ავაშენე. მე რაც შემეძლო დავიცავი ჩემი და ახლა არაფერი აღარ შემიძლია.
მანანა მახაჭაშვილი (ილიას მახაჭაშვილის მეუღლე):
- 2008 წელს აგვისტოს ომის დროს მოვიდნენ რუსები და ამხელა სახლი თვალწინ დამიწ-ვეს. მარტო კედლები დამრჩა, ქვევით ჩამოვედი საცხოვრებლად... ჩვენს გვერდით მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, იფიქრეს, კარგად მოვექცევით რუსებს და იქნებ ჩვენი სახლ-კარი გადარჩესო, საჭმელს უმზადებდნენ, უვლიდნენ. 2008 წლის 21 სექტემბერი იყო, ღვთისმშობლობის დღესასწაული. მივიდნენ მათთან რუსები, გაშალეს სუფრა და ცოტა სასმელიც დალიეს. გამთენიისას კი სახლში შეუცვივდნენ და ცეცხლი წაუკიდეს. 80 წლის ქალი ფანჯრიდან გადმოხტა. რუსები კი მთვრალები იცინოდნენ. მეგონა ყველაფერი დალაგდება, ახალი მთავრობა მოვიდა-თქო, მაგრამ პირიქით მოხდა. საკუთარი ხელით გვანგრევინებენ სახლებს... მოდის აქ ევროკავშირი და ვიღაც პოლიტიკოსები, მაგრამ რად მინდა მე მათი მოსვლა, საკუთარი ხელით თუ დამანგრევინეს ჩემი ნაწვალები და თუ მომკლეს? სად გაგონილა ეს ხალხო?
ილია მეკარიშვილი:
- გვითხრეს, გადმოდით ოსურ მხარეს, აიღეთ ჩვენი პასპორტები და პრობლემა არ იქნება, არ მოგიწევთ სახლების დანგრევაო. უარი ვუთხარით. მირჩევნია, მიწასთან გასწორდეს ყველაფერი, ვიდრე "ოსეთის" მოქალაქე გავხდე.
სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.