"ამ შეხვედრის შემდეგ დავიწყებ ბიძინა ივანიშვილის "ოროსანი" ანალიტიკური სამსახურის დაცინვას" - კვირის პალიტრა

"ამ შეხვედრის შემდეგ დავიწყებ ბიძინა ივანიშვილის "ოროსანი" ანალიტიკური სამსახურის დაცინვას"

დღეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საკმაოდ ცხარე დებატებითაც დაგვამახსოვრდა. შეხვედრის შემდეგ საკუთარი შთაბეჭდილებები ჟურნალისტებმა: მერაბ მეტრეველმა და ალეკო ელისაშვილმა გაგვიზიარეს.

მერაბ მეტრეველი:

- მქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ვინ დაგაცადა? საუბრის საშუალება პრემიერმა არ მომცა. მე მიმაჩნია, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრი ასეთ შეხედრას ატარებს და ჩვენ მოგვიწოდებს კვალიფიციურობისკენ, ცდილობს, ჩვენი თითოეული ნათქვამი განიხილოს და პასუხი გვაგებინოს, მაშინ მას, სულ მინიმუმ, ყველა გადაცემა ნანახი უნდა ქონდეს და ყველა სტატია წაკითხული, რადგან პრეს-სამსახურის მიერ მოტანილი ამონარიდებით ჟურნალისტებს ესაუბრო, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურია.

- პრემიერისგან ერთგვარად დამრიგებლური ტონი იგრძნობოდა, რამდენად მისაღებია ასეთი ტონი თავისუფალი მედიისათვის?

- კრიტიკას არ გავურბივარ, მაგრამ პრემიერისგან აჯობებდა, დაეცადა იქამდე სანამ, როგორც თვითონ ამბობს, ის "გადავიდოდა" საზოგადოებაში და მერე გაემართა ასეთი შეხვედრა. აი, ეს უფრო უპრიანი იქნებოდა.

-პრემიერს შეახსენეთ რამდენიმე დაპირება, რომელიც წესით უკვე შესრულებული უნდა ყოფილიყო, რამდენად რეალურად გეჩვენებათ ის, რომ ეს დაპირებები მომავალში მაინც შესრულდეს?

- გარდა იქ ნათქვამი დაპირებებისა, ძალიან გული დამწყდა, რომ ვერ მოვახერხე მეკითხა "ქართული ოცნების" ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებაზე, რომ ქვეყანა უარს იტყოდა დიდი ჰესების მშენებლობაზე, გამორიცხული არაა, რომ ხაიშის მოსახლეობამ სწორედ ამ დაპირების გამო მისცა "ქართულ ოცნებას" ხმა. დღეს კი გამოდის, რომ ისინი მოტყუებულები არიან, ჩემდა სამწუხაროდ ამის კითხვის საშუალება არ მომეცა. როცა ამ საკითხზე უნდა მეკითხა, პრემიერმა მითხრა, აღარ მინდა ამაზე საუბარი და მოგვიანებით დაგიბრუნდებიო და სხვასთან გადავიდა, მაგრამ მერე აღარ დამიბრუნდა.

- პრემიერმა თქვა – მერაბ მეტრეველი ჯერ კიდევ იზრდებაო...

- ქართული ანდაზაა "სწავლა სიკვდილამდეო". ყველანი ვიზრდებით მთელი ცხოვრების განმავლობაში, ასე რომ, მისგან ეს ნამდვილად არ მწყენია.

ალეკო ელისაშვილი:

- შეხვედრას ორ ნაწილად გავყოფ – ერთი იყო საქმიანი ნაწილი და მეორე - საქმის გარჩევა. საქმიანი ნაწილისას გვქონდა საშუალება, ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ადამიანისთვის უშუალოდ დაგვესვა კითხვები და პასუხებიც მოგვესმინა. ამით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, მაგრამ აი, საქმის გარჩევით არა ვარ კმაყოფილი. ცოტა ეგოსიტურად თუ მივუდგები და უშუალოდ ჩემთან მიმართებაში რაც თქვა ივანიშვილმა, იმაზე ვისაუბრებთ, ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები, რომელზეც მე ვითომ თავი უნდა მემართლებინა.

- ამ შეხვედრის შემდეგ უფრო კრიტიკული ხომ არ გახდებით ივანიშვილის მიმართ?

- სიმართლე გითხრათ, ამ შეხვედრის შემდეგ მე დავიწყებ ბიძინა ივანიშვილის ანალიტიკური სამსახურის დაცინვას, რადგან, როგორც ჩანს, ისინი სრული ოროსნები არიან. შეხედრის შემდეგ გაირკვა, რომ სწორედ ამ სამსახურს მიუწოდებია პრემიერისთვის ჩემი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები. "ივანიშვილი გაიქცა" - მე ეს არ მითქვამს და ვინც თქვა, იმან გასცეს პასუხი. ჩემთვის არაფერი არ შეიცვლება - კრიტიკული ვიყავი და ვიქნები ყველა პოლიტიკოსის მიმართ.

-ზოგადად ჟურნალისტებთან ასეთი შეხედრის ფორმატი თუ მისაღებია თქვენთვის?

- იცით რა, საქმის გარჩევის ფორმა ძალიან მიუღებელია ჩემთვის, არ აქვს მნიშვნელობა ჟურნალისტებთან იქნება შეხვედრა თუ ექსპერტებთან, თან საქმის გარჩევაცაა და საქმის გარჩევაც. მთავარი იცით მაინც რაა, იქიდან გამოსვლის შემდეგ, არ მაქვს შიში, რომ სადმე ნარკოტიკს ჩამიდებენ, მერე წამიყვანენ გლდანის ციხეში და მაგრად მცემენ. ეს უმნიშვნელო ამბავი ნამდვილად არაა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)