დიმა ჯაიანი: რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, თბილისამდე უნდა ჩამოვიყვანოთ ის ლაწირაკი ჩოკუტაევი
ე.წ "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე ბრალდებული სამარ ჩოკუტაევი, სოციალურ ქსელში "ვკონტაქტე" და "ფეისბუქში" იძებნება. ჩოკუტაევს პროფილზე სამუშაო ადგილად მითითებული აქვს კომპანია "აქუაფონი" , რომელიც აფხაზეთის მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაა.
ჩოკუტაევი სოხუმში ცხოვრობს და მას სოციალურ ქსელში სამსახურში ადგილზე გადაღებული ფოტოებიც აქვს გავრცელებული… ჩოკუტაევის მომავალზე ჩვენთან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დიმა ჯაიანმა ისურვა.
დიმა ჯაიანი:
- ვიცი, რომ მიაგნეს დამნაშავეს, როელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება... არადა, რა ამბავი იყო, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იმასაც კი იძახდნენ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა გააკეთაო... პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ ისეთ მინიშნებებს აკეთებდნენ, ყველა რომ მიმხვდარიყო. ახლა მთელი მსოფლიო უნდა ჩაერიოს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა დავაკავოთ ის ლაწირაკი ჩოკუტაევი, თბილისამდე ჩამოვიყვანოთ და ვაიძულოთ, სასამართლოს წინაშე წარდგეს. აი, ეს არის გასაკეთებელი ყოველგვარი წივილ-კივილის და ხმაურის გარეშე. ეს უპატრონოები კოკა ყანდიაშვილზე იძახდნენ, მისი გაკეთებული იქნებაო. ყანდიაშვილი რისი გამკეთებელია? ვერ ხედავთ, რა ტექნიკით არის გაკეთებული, სულ კოსმოსიდან გადაღებული ფოტოებია?! თუ, იმდენი არ იცოდა კოკა ყანდიაშვილმა, რომ ყველაფერს გამოიძიებდნენ?!
ახლა, მთელი მსოფლიო უნდა ჩავრიოთ, რომ ის ყირგიზი ბიჭი თბილისამდე ჩამოვიყვანოთ, , თორემ ომს ვერ გამოვაცხადებთ აფხაზეთთან. გუშინ მოვისმინე, "დიდი ისტორიკოსი" რომ გვყავს - სიმონ მასხარაშვილი, ეგ ამბობდა, მინდა მოვესწრო, კრემლის ნანგრევებზე ქართული დროშა რომ ფრიალებდესო. რისი ამფრიალებელი ხარ, შე რეგვენო, 3 მილიონიანი ქვეყნით?! თუნდაც 9 მილიონი რომ ვიყოთ ჩვენ რუსეთს ავუფრიალებთ ქართულ დროშას კრემლის ნანგრევებზე?!.. ამ სისულელეებით აგიჟებენ ხალხს. ასეთი სისულელეებით იყო გაჟღენთილი ჩვენი ბედოვლათი პრეზიდენტის მთავრობა... სააკაშვილი ხომ ჩვეულებრივი სულელია და მაგან გაასულელა მთელი საქართველოც.
- ამბობთ, მთელი მსოფლიო უნდა შევძრათ და ის ბიჭი სოხუმიდან თბილისამდე ჩამოვიყვანოთო... თქვენ დღეს აფხაზეთის კულტურის მინისტრი ხართ, აფხაზ მოსახლეობასთან კავშირი გაქვთ... რას აპირებთ?
- აუცილებლად.…მხოლოდ ამ თემით დაკავდება მთლიანად ჩვენი სამინისტრო... იქ არიან პედაგოგები, უამრავი ხალხი, ვისაც ჩვენ დავუკავშირდებით და დიდს და პატარას, ყველას ვთხოვთ, სათანადოდ მოგვეხმარონ.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)