მინისტრთა ტრიუმვირატი - ვინ იქნება პრემიერის მემკვიდრე? (ფსიქოანალიზი) - კვირის პალიტრა

მინისტრთა ტრიუმვირატი - ვინ იქნება პრემიერის მემკვიდრე? (ფსიქოანალიზი)

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მომავალი პრემიერის კანდიდატურას ჯერ საბჭოს წარუდგენს, შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობას და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება იგი საზოგადოებისთვის ცნობილი. თუმცა, მოიაზრება და პრემიერმაც მიანიშნა, რომ მისი მემკვიდრე სავარაუდოდ მინისტრების ამ სამეულიდან დასახელდება: ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. და მაინც, რომელი - ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი თუ სერგეენკო? რა ფორმით დასახელდება მომავალი პრემიერი? რა კრიტერიუმებით იქნება შერჩეული? რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს თითოეულ მათგანს? რატომ არ ფიგურირებს პრემიერობის შესაძლო კანდიდატთა სიაში ირაკლი ალასანია? ეს ის კითხვებია, რომელთა მიმართ ინტერესი ჩვენს საზოგადოებაში ერთობ დიდია და რომელზეც კონკრეტული პასუხები ჯერ არ მოგვისმენია. ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" ფსიქოლოგიის პროფესორი ნოდარ სარჯველაძე ესაუბრა:

- ბატონო ნოდარ, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კოალიცია "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა. პრემიერობის სამმა პოტენციურმა კანდიდატმა ჩაიბარა ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროები, როგორიცაა ჯანდაცვა, ეკონომიკა და უსაფრთხოება. ერთი წლის შემდეგ, უკვე შეიძლება მათ მიერ ჩატარებული მუშაობის შეჯამება. რამდენად შეესაბამება თითოეული მინისტრი მის მიერ დაკავებული პოზიციის მოთხოვნებს? ამ ერთი წლის განმავლობაში მენეჯერული უნარების რა ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინეს?

-ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საქართველოში ორხელისუფლებიანობაა, ბუნებრივია, მინისტრებს გაუჭირდათ, თავიანთი პოლიტიკა თამამად წარემართათ. ყველა მათგანი მუშაობდა ქაოტურ და ინტრიგებით სავსე სამყაროში; მიუხედავად ამისა, თითოეულმა მათგანმა, პრინციპში, თავის ჭაპანი გაწია ნორმალურად. მაგრამ, მე მგონია, რომ მენეჯერული კუთხით, ყველაზე არასახარბიელოდ კვირიკაშვილის მოღვაწეობა წარმოჩინდა.

-ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებლის გამო ხომ არ არის კვირიკაშვილი სუსტი რგოლი ამ ტრიუმვირატში?

-ეკრანზე იქნებოდა, სალაპარაკოდ თუ შექების თემად, სერგეენკო და განსაკუთრებით, ღარიბაშვილი ცალსახად ჩანდნენ, როგორც წარმატებული მინისტრები და ამაზე ხაზგასმებიც იყო. კვირიკაშვილზე კი ასეთი ხაზგასმები და თავზე ხელის გადასმები არ ყოფილა. ცნობადობაცა და პოპულარობაც კვირიკაშვილს გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე იგივე ღარიბაშვილს ან სერგეენკოს. ეკრანზეც კი იშვიათად ჩნდებოდა და მის ფუნქციებსა თუ ტიპაჟზე საზოგადოებაში თითქმის არავინ ლაპარაკობდა.

-ცნობილი ამერიკელი სოციოლოგის, ემორი ბოგარდუსის ტიპოლოგიის მიხედვით, არსებობს ლიდერების ოთხი ტიპი: ავტოკრატიული, დემოკრატიული, გულმოდგინე და რეფლექსურ-ინტელექტუალური. ამ ტიპოლოგიის მიხედვით, რა დახასიათებას მისცემდით პრემიერობის პოტენციალურ კანდიდატებს?

- ტიპოლოგიების მიმართ თავისებური სკეპსისი მაქვს, იმიტომ რომ სუფთა ტიპი ბუნებაში არ არსებობს. მაგალითად, ავიღოთ მარგველაშვილი. თუ ის პრეზიდენტი გახდა და ფილოსოფოსობა დაიწყო, მაშინ რიგიანი პრეზიდენტი ვერ იქნება. და თუკი პრეზიდენტობას "მიაწვება", მაშინ ფილოსოფოსობას დაკარგავს. ერთი მეორეს ვერ ეწყობა. თითოეული ეს პოზიცია, როგორიცაა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ესენი არიან "ჰომო ფაბერები", ანუ მოქმედი პიროვნებები, ანუ მოქმედი ადამიანები და არა მოაზროვნეები. მოაზროვნეები მათ ცალკე უნდა ჰყავდეთ, მრჩევლების სახით და ა.შ. თუკი ბოგარდუსის ტიპოლოგიის მიხედვით ვიმსჯელებთ, მე მგონია, რომ სამივე კანდიდატი უფრო გულმოდგინე შემსრულებლები არიან, ვიდრე კრეატიული მოაზროვნეები. ყველა რაღაცნაირად მუშაობს ისე, რომ ცალი თვალით იყურება პრემიერ-მინისტრისაკენ, ანუ სწორება აქვთ ალფა-ლიდერზე. პრინციპში, ეს გასაგებიც არის. სააკაშვილისა და ივანიშვილის ეპოქა ერთმანეთს ჰგავს მმართველობის სტილში, იმ გაგებით, რომ ერთპიროვნულია ერთიც და მეორეც. სააკაშვილი ერთპიროვნული იყო და თავის გადაწყვეტილებებს და მართვის მახინჯ ფორმას ძალადობით უზრუნველყოფდა. დღეს ძალადობას ადგილი არა აქვს, მაგრამ არის ძალიან დიდი სწორება ძლევამოსილ მილიარდერზე. ივანიშვილი არ არის ქარიზმატული იმ გაგებით, როგორც სააკაშვილი იყო. ივანიშვილი ქარიზმატულია იმ ძლევამოსილების გამო, რაც გამოხატულია მის ფინანსურ სიძლიერეში.

- "მაკიაველური" ლიდერის ისეთი თვისებები, როგორიცაა ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, ძალაუფლებით ტკბობის უნარი და მისი დაკარგვის შიში, მიუღებელია ივანიშვილისთვის. თუკი დავუშვებთ, რომ მემკვიდრის შერჩევისას პრემიერი ყურადღებას გაამახვილებს ამ კომპონენტებზე, თქვენი აზრით, აღნიშნული კანდიდატებიდან ვინ უფრო ახლოსაა ივანიშვილისთვის სასურველ მოდელთან?

-ამ შემთხვევაში, მე გამოვრიცხავდი ირაკლი ღარიბაშვილს, ვინაიდან მისმა საქმიანობამ, უკვე გამოავლინა მისი ხასიათის ეს მხარეები. ამავე დროს, აქ არის დარგობრივი მომენტი. ამ კუთხით, შეიძლება სერგეენკო "აღზევდეს", როგორც კარგი სპეციალისტი; ზოგადად, ფსიქოტიპში შედის მისი პროფესიული ალღო და ა.შ. მაგრამ ივანიშვილი ექიმი არ არის, ასე რომ ამას ჯეროვნად ვერ დააფასებს. რაც შეეხება კვირიკაშვილს, იგი შედარებით უფრო ახლოს დგას ამ ფსიქოტიპთან - უპრეტენზიოა და შრომისმოყვარე.

- NDI-ს ბოლო კვლევის თანახმად, მინისტრების საქმიანობის შეფასების რეიტინგში, ირაკლი ალასანია ლიდერობს. ამავე დროს, ალასანია არ ფიგურირებს პრემიერობის პოტენციური კანდიდატების სიაში. ბიძინა ივანიშვილი მას ირიბადაც კი არ მოიხსენიებს შესაძლო მემკვიდრედ. როგორ ფიქრობთ, რა აღიზიანებს ალასანიას ფსიქოპორტრეტში ივანიშვილს ისე, რომ იგი გადაჭრით არ სწყალობს თავდაცვის მინისტრს?

-ალასანია, პრინციპში, თვით ივანიშვილისთვისაც კი, მოუხელთებელი სუბიექტია. მისი ჩარჩოებში ჩასმა ერთობ ძნელია. ჯერ ერთი, კაცს აქვს დაზვერვის უმაღლესი სკოლა გავლილი, ანუ სულ სხვა ტიპის ადამიანია. მეორე ის, რომ მისი დამსახურებათა სია მოიცავს, მაგალითად, როგორც პანკისის ხეობის მოვლენებს, ასევე გაეროში წარმატებულ კარიერას და ა.შ. გაეროში ალასანია დიდ მასშტაბებზე გადავიდა. ამდენად მისი ჰორიზონტი, ასე ვთქვათ, გაქანება, გაცილებით ფართოა, ვიდრე კვირიკაშვილის, ღარიბაშვილის და სერგეენკოსი ერთად აღებული. პრინციპში, მე სულაც არ მიკვირს, რომ იგი ამის მერე დაიბლოკა. ის აშკარა ლიდერია, რომელიც ძალაუფლებისაკენ მიისწრაფვის. თუ გადავხედავთ მის ბუნებას, შევამჩნევთ ორ მთავარ ნიშან-თვისებას: მოუხელთებლობას და ერთობ ნათელ გონებას. ასეთი ადამიანი კი არ გამოადგება ივანიშვილს, რადგან მოუხელთებელია. ბიძინა მაინც ბიზნესის სამყაროდან მოდის და იმ სამყაროში კი ყველაფერი უნდა მოამწყვდიო ჩარჩოში, უნდა მოზიდო შენსკენ და დანარჩენი უნდა გაგუდო. საქართველოში ძალიან ძნელია, ადამიანები ჩარჩოში ჩასვა, მითუმეტეს, ალასანიასნაირი ადამიანები.

- ჩვენ რამოდენიმე კუთხიდან და ასპექტიდან განვიხილეთ პრემიერობის  კანდიდატები. თუკი შევაჯამებთ ამ ანალიზს, რას ვარაუდობთ, ვინ დასახელდება პრემიერობის კანდიდატად?

-თუ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ვინმე არა ჰყავს "შავ" კანდიდატად, თუ არ გააკეთა მოულოდნელი სვლა, უნდა ვიფიქროთ, რომ კვირიკაშვილს "დანიშნავს" თავის მემკვიდრედ.

კახა დგებუაძე (სპეციალურად საიტისთვის)