"სამარ ჩოკუტაევი ყირგიზული სიტყვაა და ქართულად კოკა ყანდიაშვილს ნიშნავს""დარწმუნებული ვარ, ალასანიას შენიშვნის მერე ეს ყველაფერი გამოიგონეს"შსს-მ ე.წ. "ჯიჰადის ვიდეოების" საქმეზე გამოძიების მასალები გაახმაურა, საქმის ოფიციალურმა ვერსიამ კი საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გამოძიების შედეგებისადმი განსაკუთრებულ უნდობლობას წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გამოხატავენ. ჩვენ ამ თემაზე კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გივი თარგამაძეს ვთხოვეთ:გივი თარგამაძე:- მე ვთვლი, რომ შსს-ს მხრიდან ეს იყო საზოგადოების აბუჩად აგდება და დაცინვა, მათ შემოგვთავაზეს ამ გამოძიების ისეთი ვერსია, რომელსაც პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს. სამწუხაროა, რომ შსს აგრძელებს ტრადიციას და გვთავაზობს სულ უფრო და უფრო უტიფარ ვერსიებს. გვახსოვს, ცოტა ხნის წინ ბათუმში ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით, კვალი წავიდა ირანში და ბუნებრივია, რომ ეს გამოძიება ამაზე მეტად ვეღარც განვითარდება, ხოლო ამ საქმეზე კიდევ უფრო ყრუ ჩიხი მივიღეთ და ესეც იმიტომ, რომ შემდგომი მოქმედებები იყოს შეუძლებელი. შსს ამბობდა, რომ რაღაცას აზუსტებდა ერთი თვის განმავლობაში, თუ უკვე იყო ცნობილი, რომ დამნაშავე იმყოფებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, საინტერესოა ის ერთი თვე რას აზუსტებდნენ, სოხუმის შტურმს გეგმავდნენ ამ პიროვნების დაკავების მიზნით?! თბილისში არსებული ორი ფირმის, აიპი მისართებიდან მოხდა ამ ვიდეოს ატვირთვა, ხოლო ამ კომპანიების დასახელებას არ გვეუბნებიან და სავარაუდოდ არც არასდროს გვეტყვიან, ანდაც გვეტყვიან მაშინ, როცა აღარავის დააინტერესებს.- რომც გაირკვეს, რომ ეს ორი კომპანია არის ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები, ეს ცვლის რამეს?- როცა ეს აიპი მისამართები დადგინდა, გამოძიებას 1-2 საათში უკვე ქონდა ამ აიპი მისამართებზე შემოსული კონტაქტების სრული ნუსხა. მეეჭვება, ამ ნუსხაში მალაიზიიდან შემოსული კონტაქტი ერთზე მეტი ყოფილიყო, იმავე დღეს მათ გამოკვეთილი ეჭვი უნდა ქონოდათ ამ მალაიზიურ აიპი მისამართზე. ჩვენც გვიმუშავია FBI-სთან და ვიცით, რომ მათი საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა მალაიზიურ სერვერის მფლობელთან დაკავშირება, რაც მოითხოვდა მაქსიმუმ ერთ კვირას. რეალურად ის ინფორმაცია, რაც გამოძიებას უნდა ცოდნოდა გამოძიების დაწყებიდან ერთ კვირაში, მივიღეთ 4 თვეში, თუმცა გაირკვა რომ ერთი თვე უკვე ცნობილია და მხოლოდ გუშინ გაჟღერდა, ანუ 3 თვეში გარკვა ის, რაც 1 კვირის საქმე იყო და ეს ბუნებრივია კითხვებს აჩენს.- ბატონო გივი, კიბერ-უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ უკუსვლითი ინჟინერული მეთოდი, რომლითაც სავარაუდოდ მოხდა ამ საქმის გამოძიება, დაახლოებით იმდენ დროს მოითხოვს, რაც გამოძიებას დასჭირდა. ექსპერტებისთვის გამოძიების ვადები არავითარ ეჭვს არ იწვევს ...-ვერ დაგეთანხმებით, მეც მაქვს კონტაქტი კიბერ-ექსპერტებთან, რომლებსაც საერთოდ არ ებადებათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე საათის საქმეა, ამიტომ კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ ავტორიტეტულ, ნეიტრალურ კიბერ-ექსპერტებს, რომლებიც ბევრნი არიან მსოფლიოში. მთავარი კითხვა, რომელიც რჩება და ამ გამოძიებას მუდამ ეჭვქვეშ დააყენებს არის ის, თუ რა მიზანი ქონდა ადამიანს, რომელმაც ეს ატვირთა. ამ "ყირგიზმა აფხაზმა" ეს ვიდოები ატირთა ქართული აიპი მისმართებიდან, რაც იმთავითვე აქარწყლებდა იმის ეჭვს, რომ საქმე გვაქვს ტერორისტებთან, თუ ის ცდილობდა ამ ყველაფრით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების გამოწვევას, ეს დაუჯერებელია, რადგან იმდენ სვლიანი კომბინაცია გამოდის, რომ ის ამას ვერ მოიფიქრებდა.- თქვენმა თანაგუნდელმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ გამოძიებას ვენდობიო.-ვერანაირად ვერ დავეთანხმები გიგი უგულავას, რადგან მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ ტყუილი. ყველაზე მეტად რაც ამ ეჭვს ამძაფრებს არის ის, რომ მას შემდეგ რაც ირაკლი ალასანიამ გამოთქვა საყვედური ამ გამოძიების მიმართ, ერთი დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომ ეს ყველაფერი გაცხადებულიყო. გარდა ამისა გაუგებარია ისიც, თუ რატომ არ მოახსენეს ეს პრეზიდენტს, მეეჭვება, ამას რაიმე დასაბუთება ქონდეს. ღარიბაშვილი რომ იბღინძება და ამბობს, რომ არანაირი ვალდებულება არ აქვს კოლეგებს გააცნოს მიმდინარე გამოძიებების შედეგი, ის რატომ ავიწყდება, რომ ასეთი ვალდებულება აქვს პრეზიდენტის მიმართ? ყოველივე, აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, ალასანას შენიშვნის მერე ეს ყველაფერი გამოიგონეს.- შსს-ს რომ დაედგინა კავშირი ავღანურ სერვერთან, დაესეხელებინა რომელიმე ტერორისტული ორგანიზაცია, ამის შემდეგ ენდობოდით გამოძიებას?-რთული სათქმელია. ჩვენი ინტერესი იყო იმაში, რომ დასაბუთებულიყო გამოძიების შედეგები, ხოლო ახლა დასაბუთებას ვერ ვხედავ. გუშინ ფეისბუქზე ერთმა ადამიანმა დაწერა: სამარ ჩოკუტაევი ყირგიზული სიტყვაა და ქართულად კოკა ყანდიაშვილს ნიშნავსო. ეს იყო ამ საქმის შესახებ ყველაზე წარმატებული ფრაზა.ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)