გიორგი მარგველაშვილი: კონკურენტების არ მეშინია! - კვირის პალიტრა

გიორგი მარგველაშვილი: კონკურენტების არ მეშინია!

სააკაშვილის წასვლით პოსტსაბჭოთა პოლიტიკის ეპოქა მთავრდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია МИР-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"სააკაშვილის წასვლით პოსტსაბჭოთა პოლიტიკის ეპოქა მთავრდება. ცალკე სააკაშვილსა და შევარდნაძეზე ვერ ვისაუბრებ. ვიტყვი იმას, რა ეპოქა მოდის. დგება ევროპული ტრადიციების მქონე, თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს ეპოქა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას, როგორც გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არ მიდის და აქტიურად იქნება ჩართული როგორც საზოგადოებრივი აზრის შექმნსა და ფორმირებაში, ისე ბიზნესის სფეროში.

"ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნისთვის წონიანი ფიგურაა. ის მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მიდის. თანამდებობიდან წასვლა და საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლა ერთი და იგივე არ არის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც ტელეკომპანია МИР-სთვის მიცემულ ინტერვიუში მარგველაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის განმავლობაში ახალმა მთავრობამ ქვეყანა პოლიციური რეჟიმისგან გაათავისუფლა.

"კონკურენტების არ მეშინია. ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის განმავლობაში ჩვენ რეალურად შევძელით სახელმწიფოში ბევრი რამის შეცვლა. ფაქტობრივად, აღარ არსებობს პოლიციური რეჟიმი და მოსახლეობის ტოტალური კონტროლი. შეიცვალა სოციალური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული გახდა ადამიანზე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა რუსული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ერთი წლის იუბილე "ქართულმა ოცნებამ" მოკრძალებულად აღნიშნა და მთელი დღე მუშაობაში გაატარა. მისივე თქმით, ახლა ის პერიოდია, როცა ხელისუფლება უფრო მუშაობს, ვიდრე სუფრასთან ზის და სადღეგრძელოებს ამბობს.

"ერთი წლის იუბილეზე მთავრობამ მთელი დღე მუშაობაში გაატარა. ახლა ისეთი პერიოდია, როცა ჩვენ უფრო მეტს ვმუშაობთ და ნაკლებ დროს ვატარებთ სუფრასთან, სადღეგრძელოების თქმაში. ასეთი სამუშაო რეალობაა საქართველოში. წინ არჩევნები გველის და ყველანი აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მაღალჩინოსნების დაკავებებს, როგორც "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, წინა და ახლანდელი ხელისუფლება სამართლებრივი სახელმწიფოს შენების არსს სხვადასხვაგვარად ხედავენ. მისივე თქმით, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მნიშვნელობა არა აქვს ხარ თუ არა მაღალჩინოსანი, თუ ამ ადამიანმა დანაშუალი ჩაიდინა, ის უნდა წარდგეს კანონის წინაშე.

"ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემას, რომელთაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.