"ელისო ჩაფიძის დატერორება რომ მდომოდა..." - ვახტანგ ქუთათელაძე 12-წლიან დუმილს არღვევს - კვირის პალიტრა

"ელისო ჩაფიძის დატერორება რომ მდომოდა..." - ვახტანგ ქუთათელაძე 12-წლიან დუმილს არღვევს

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე 12 წლიან დუმილს არღვევს და "ყველა სიახლეს" აქტუალურ თემებზე ესაუბრება. თუმცა, ვახტანგ ქუთათელაძეს ჯერ მის შვილზე ვკითხეთ. შეგახსენებთ, რომ გივი ქუთათელაძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაუსწრებლად 13 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ვახტანგ ქუთათელაძე:

- ჩემი ვაჟი მოსკოვში იმყოფება. ჩვენი ბრწყინვალე სასამართლოსა და იმის გამო, რომ მე ვიყავი ვახტანგ ქუთათელაძე, მას მისჯილი აქვს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ყველა ის ადამიანი, ვინც დიდი როლი ითამაშა ჩემი ვაჟის საქმის შეთითხვნაში, ზოგი ციხეშია, ვგულისხმობ ყოფილ მინისტრებს, ზოგიც - დაწინაურებულია პროკურატურაშია და შსს-ში. გივი უდანაშაულოა, ეს იყო გამოგონილი, შეთითხნილი ამბავი. თითქოს ჩემი შვილი მონაწილეობდა ჩხუბში, რა დროსაც მან პოლიციას წაართვა იარაღი, შემდეგ პოლიციამ კი წაართვა იარაღი, მაგრამ მაინც გაექცათ. სანამ საქმეს თავიდან არ განიხილავენ, მანამ მისი საქართველოში დაბრუნება გამორიცხულია.

- რა ამის პასუხია და ერთი წლის წინ ამჟამინდელმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა - როდესაც ვახტანგ ქუთათელაძის შვილთან დაკავშირებით დავწერე, რომ ახალგაზრდა დაჭრა, ორი წელი მატერორებდნენო.

- მოაყოლეთ ერთი ელისო ჩაფიძეს, როგორ ვატერორებდი, ერთი კონკრეტული ფაქტი მოიყვანოს, საინტერესოა, რას იტყვის. მან რაღაც კრეტინიზმი დაწერა ჩემს ვაჟზე, თითქოს გივიმ კაცი დაჭრა და აბსურდული ცილისწამებისთვის ვუჩივლე სასამართლოში. მისი დატერორება რომ მდომოდა, სასამართლოში კი არ წავიდოდი. როდესაც მიხვდა, რომ სასამართლოში ცუდად ჰქოონდა საქმე, მერე მთელი მაგათი შემადგენლობა მეხვეწებოდა, გამომეტანა სარჩელი და მეც თავი დავანებე, ნუ დაწერდა სისულელეს და არ ვუჩივლებდი.

***

- ბატონო ვახტანგ, შს და უშიშროების სამინისტროების განცალკევებაზე რა აზრის ხართ, რაც "ოცნებამ" თავის პროგრამაში ჩაწერა? თუმცა ჯერჯერობით ეს არ ხდება.

- ჩვენთან მარტო უშიშროება და შსს კი არ იყო გაერთიანებული, არამედ სასამართლო, პროკურატურაც - ყველა ერთი კაცის ნებას ემასახურებოდა. შსს-სა და უშიშროების საქმიანობას შორის დიდი განსხვავებაა. მიმაჩნია, რომ უშიშროება საერთოდ არ არსებობს და ამის შედეგებს ჩვენ დავინახავთ. ეს სფერო ჩამოუყალიბებელია, რაც თავის დროზე შეგნებულად მოხდა. საქმე იმისკენ უნდა მიდიოდეს, რომ მოამზადონ უშიშროების ახალი კადრები, უნდა მოვიდეს ახალი თაობა, რომელსაც სხვანაირი მოტივაცია და პროფესიული მომზადების დონე ექნება. რაც მალე მოხდება ეს - მით უკეთესი. საქართველოს ტერიტორია ქცეულია სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების სათარეშო ტერიტორიად. ჩვენ მიმართ ინტერესი დიდია და როგორც კი იკლებს ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობა, მათი რაოდენობაც იზრდება. ვიცი ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელწერა და აშკარაა, რომ რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მათ უკან სპეცსამსახურები დგანან.

- კონკრეტულად რომელ პროცესებზე მიანიშნებთ?

- გამოვრიცხავ, რომ შემთხვევითი იყოს ვითომ ანტიმუსლიმანური განწყობები საქართველოში. ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაციები. ვერავინ დამაჯერებს იმაში, რომ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდი ახლა უდგათ მუსლიმებს. მჯერა, რომ 17 მაისის მოვლენებიც არ იყო შემთხვევითი, ამაშიც სპეცსამსახურების ხელი ურევია. სპეცსამსახურებისთვის მთავარია ამა თუ იმ ოპერაციის პოლიტიკური ეფექტი. ნუ წარმოვიდგენთ, რომ სპეცსამსახურების ინტერესი ჯეიმს ბონდობის თამაში და პისტოლეტის სროლაა. ეს არის ქირურგიული ჩარევა ნეიროქირურგის დონეზე, რომლის შედეგი დღეს არა და ხვალ დადგება. 17 მაისის მოვლენები თუ ვინმეს არ აწყობდა, ეს იყო დღევანდელი ხელისუფლება. ვერ ვამჩნევ იმას, რომ ლგბტ ხალხი აქამდე შეზღუდულები იყვნენ და დღეს ამოისუნთქეს. თვითონ ეს ფაქტი იყო ამაზრზენი და, ამავე დროს სასაცილოც. ეს არის იმის ჩვენება, რამდენად ადვილად შეიძლება სიტუაციის არევა, თითქოს ჩვენთვის ამაზე დიდი პრობლემა არ არსებობდეს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ ”ყველა სიახლის” ოთხშაბათის ნომერში.