"პუტინს თუ მარტივად აგინებ - პატრიოტი ხარ, თუ რთულად - ექსპერტი, თუ შეაქებ - ერის მტერი და მოღალატე" - კვირის პალიტრა

"პუტინს თუ მარტივად აგინებ - პატრიოტი ხარ, თუ რთულად - ექსპერტი, თუ შეაქებ - ერის მტერი და მოღალატე"

”ეს სურათი იმდენად ყვითელ პრესაში იყო, შემეშინდა, ბოტკინი არ "ამეკიდებია", ეს ხუმრობით… ისე ყვითელი პრესა კარგი ანალიზისთვის არ გამოდგება და მხოლოდ სკანდალის გამომწვევია”... - ამბობს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერიან ხაბურძანია ფოტოზე, რომელიც ფრანგულმა პრესამ გამოაქვეყნა... ვალერიან ხაბურძანია მოსკოვიდან გაგვესაუბრა...

- ბატონო ვალერი, ფრანგულ გაზეთში გამოქვეყნებული სკანდალური ფოტო პუტინზე დღეს ძალიან აქტუალურია, ვიდრე ფოტოზე საუბარს დავიწყებდეთ, იქნებ გვითხრათ, როგორია თქვენი დამოკიდებულება პუტინის მიმართ?

- ქართული პოლიტიკისთვის "ლაკმუსური" კითხვაა, თუ მარტივად აგინებ - პატრიოტი ხარ, თუ რთულად - ექსპერტი, თუ შეაქებ - ერის მტერი და მოღალატე, მე არც პირველს ვაპირებ, არც მეორეს და მესამეს... ჩემი აზრით პუტინი რუსეთის პრეზიდენტია, მაქსიმალურად მოქმედებს თავის ქვეყნის ინტერესებში და მეტი არაფერი. რუსეთი იმდენად რთული და დიდი ქვეყანაა, მის პრეზიდენტზე მარტივად თქვა კარგი ან ცუდი, ეს პოლიტიკური პრიმიტივიზმია. არსებითია ის, რომ პუტინი ახერხებს რუსეთის მართვას, რაც ურთულესი საქმეა.

- რას იტყოდით იმ სკანდალურ ფოტოზე, რომელიც ფრანგულმა გაზეთმა გამოაქვეყნა?

- ეს სურათი იმდენად ყვითელ პრესაში იყო, შემეშინდა, ბოტკინი არ "ამეკიდებინა", ეს ხუმრობით… რუსეთმა არკვიოს, რას ნიშნავს ეს ფოტო და საფრანგეთში ეძიონ მაგის პასუხი, ფრანგებმა კი თავიანთ საზოგადოებაში. ისე ყვითელი პრესა კარგი ანალიზისთვის არ გამოდგება და მხოლოდ სკანდალის გამომწვევია. რუსეთში ამ დღეებში უფრო ოლიმპიადაზე ლაპარაკია მოდაში.

- ფოტოს ქვეტექსტი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის წინ რუსეთში მიღებულ კანონს უკავშირდება.. რუსეთის დუმამ 2013 წლის 25 იანვარს მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის და სხვა სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა აიკრძალა. საფრანგეთში ერთსქესიანი ქორწინება და ერთსქესიანი წყვილის მიერ შვილის აყვანის უფლება 2013 წლის მაისში დაკანონდა. შესაბამის კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა - ფრანსუა ოლანდმა მოაწერა.

- მე მივესალმები რუსეთის დუმის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც კრძალავს ერთსქესიანთა ურთიერთობის პროპაგანდას, მითუმეტეს არასრულწლოვნებში. იმას, რაც საფრანგეთში ხდება, აშშ-ში და ზოგადად დასავლეთში, არანაირად არ ვთვლი ჰომოფობიის და ქსენოფობიის გამოვლინების წინააღმდეგ გალაშქრებად, ეს უფრო ხარკის მოხდაა არატრადიციული, არაბუნებრივი სექსუალური ორიენტაციის მქონე გავლენიანი და არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფისადმი. თუ ასე გაგრძელდა, მალე ისინი არ იქნებიან სექსუალური უმცირესობა და უმცირესობაში ტრადიციული, ნატურალური ადამიანები აღმოჩნდებიან, დაფარული არ არის, რომ ამ ჯგუფებს ახასიათებთ მძლავრი კორპორაციულობა, ისინი ფინანსურადაც შეძლებულები არიან. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ყველას უფლებაა, მაგრამ ეს ჯგუფები ამით არ კმაყოფილდებიან და ორგიული, ღია პროპაგანდით ცდილობენ თავიანთი ცხოვრების წესის კულტივირებას და საზოგადოებისათვის, რომელიც ვიმეორებ, მალე უმცირესობაში აღმოჩნდება, თავსმოხვევას.

- სოციალურ ქსელში ხუმრობენ, რომ ამ ფოტოს გამო საფრანგეთს ცივი ზამთარი ელის, რადგან რუსეთი გაზს აღარ მიაწვდის..

- არ მგონია… სხვათა შორის ომი გვქონდა რუსეთთან და სადაც მისი ეკონომიკური ინტერესი იყო, კერძოდ ენერგეტიკაში, ერთი შეფერხება არ ყოფილა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ რუსეთი ეკონომიკური ურთიერთობიდან სარგებელს პოულობს, ამას ზეწოლის მექანიზმად არ იყენებს. თუ ვინმე ასეთ ბერკეტებად ქართული ღვინისა და პროდუქციის ე.წ. ემბარგოს თვლის , არ უნდა შეგვეშალოს, რომ ეს საქართველოს ეკონომიკური სარგებელია და არა რუსეთის და რა გასაკვირია, რომ ზეწოლის მექანიზმად გამოიყენა რუსეთმა… ისე სხვათა შორის აშშ-ს ემბარგო კუბაზე დღემდე მოქმედებს გარკვეული მოცულობით და აშშ-საც ყავს თავისი ონიშჩენკო, რომელიც ხან მექსიკურ პროდუქციას აჩერებს და ხან არასასურველი ლათინურ -ამერიკული რომელიმე სხვა ქვეყნის.

- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ჩანს რომ რუსეთში ბევრი რამ მოგწონთ...… თქვენი მოსაზრებით ხომ არ ჯობდა საქართველოს ერთსქესიანთა კანონთან დაკავშირებით რუსეთისთვის მიებაძა და არა დასავლეთისთვის?

- ბევრი რამ არა, მაგრამ ეგ კანონი მოსაწონია. აღნიშნული კანონი რომ გვქონოდა 17 მაისს, ჩვენ საზოგადოებას არც ძალადობის გამოვლინება დაჭირდებოდა და აგრესიულ და საზიანო პროპაგანდას კანონის საფუძველზე აღკვეთდა.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)