დღეს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შალვა რამიშვილმა საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც სრულად მოვიყვანთ: მოკლედ რომ ვთქვათ ნაც მოძის იდეოლოგიის მთავარი პოსტულატი იყო შემდეგი:”ქართველი ხალხი არ ვარგა! სახელმწიფოებრიობის არარსებობამ, კომუნისტურმა დიქტატურამ, 90-იანმა არეულმა წლებმა დაღი დაასვა ერს. ქართველს თავისუფლება არ უნდა მისცე იმიტომ, რომ მას ცუდად გამოიყენებს (დაიწყებს ქრთამების აღებ-მიცემობას, გააძლიერებს ქუჩურ მენტალიტეტს, შეეტენება რუსეთს და მისთ).ამიტომ ქართველი უნდა გაწრვთნა. ეს მისია მცირერიცხოვან, მაგრამ "პრადვინუტ" ნაც. მოძელებს ერგოთ.ნაც. მოძის კრახი ამ იდეოლოგიას არ სპობს. დარჩებიან ადამინები რომლებთაც აქვთ იდიოსინკრაზია მეინსტრიმული კულტურისადმი, რომლებიც საშუალო სტატისტიკურ ქართველს ბნელ არსებად თვლიან. ამ ადამიანებს შეიძლება არ ევასებოდათ ნაც. მოძი, მაგრამ ევასებათ ზემოაღწერილი იდეოლოგია.ეს ადამიანები დარჩებიან და გაარძელებენ მოღვაწეობას. რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს მათ მობილიზაციას?აი ესაა საკითხავი!პ.ს. უფრო ლაკონურად ეს შეკითხვა ასე ჩამოყალიბდება: ვის მისცემს ხმას შემდეგ არჩევნებზე გოგი გვახარია? ”შალვა რამიშვილთან საუბარი სწორედ გოგი გვახარიას თემით დავიწყეთ:- მე კონკრეტულად გოგი გვახარიაზე არ ვლაპარაკობ, გოგი გვახარია კრებითი სახეა. მე, ზოგადად, ისეთ ადამიანებზე ვლაპარაკობ, რომლებიც არ იყვნენ შემჩნეული "ნაციონალური მოძრაობის" ღია მხარდაჭერაში, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კრახის შემდეგ მე დავსვი კითხვა, თუ ვინ დაიკავებს ამ იდეოლოგიის მატარებელი ძალის ადგილს.- გოგი გვახარიამ თქვენი სტატუსი შეადარა დილის ერექციას...- ჩემმა სტატუსმა გამოიწვია გოგის დილის ერექცია? თუ ასეა, მაშინ ვულოცავ!-რამდენიმე წლის წინ, თქვენ იყავით სტუმრად გოგი გვახარიას გადაცემაში "ფსიქო". მაშინაც ასე ფიქრობდით მასზე?-ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ. მაშინ თავში საყმაწვილო ქარი მიქროდა, თუმცა, მაშინ სულ სხვა მოცემულობა იყო. ჩემი ასაკიდან და ჩემი მეამბოხე მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო იყო გარკვეული ეპატაჟი, რომლის გაკეთებაც მიწევდა. ეს იყო სრულიად ბუნებრივი, მაგრამ როდესაც შენ 42 წლის ასაკში ისევე აზროვნებ, როგორც 24 წლის, როდესაც გარკვეული მსოფლმხედველობრივი ცვლილებები არ გაქვს (გარკვეული და არა ძირეული), ეს, ჩემი აზრით, არაა მართებული. შესაბამისად, იმ გადაცემაში თავს უფლება მივეცი და ვთქვი ისეთი რაღაცეები, რისიც მაშინ გულწრფელად მჯეროდა და სრულიად გააზრებულად ვილაპარაკე, ხოლო დღეს ამ ყველაფერს სულ სხვანაირად ვიტყოდი (თუმცა, იმის, რაც მაშინ ვთქვი დღესაც მჯერა). რაც შეეხება გოგი გვახარიას, ცხადია აქვს გარკვეული მსოფლმხედველობა, რომელიც, ბუნებრივია, პატივსაცემია, მაგრამ მეც მაქვს უფლება, მისი მსოფლმხედველობა გავაკრიტიკო.- ახლა რომ მიგიწვიოთ გოგი გვახარიამ გადაცემაში, წახვალთ?-დავფიქრდები. ისე, მინდა გითხრათ, გოგი გვახარიამ "ფეისბუკზე" დიდი ხნის წინ დამბლოკა.-ბატონო შალვა, ცოტა ხნის წინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ქართველებს გვაქვს დაბალი პოლიტიკური კულტურა. ეს განცხადება ერთგვარად გამოძახილი ხომ არ არის იმ იდეოლოგიისა, რასაც თქვენ ასე მძაფრად აკრიტიკებთ?-რა თქმა უნდა, არა. ქართველებს გვაქვს დაბალი პოლიტიკური კულტურა, ამაში მე პირადად პრემიერს ვეთანხმები, რადგან მეც, თქვენც და ზოგადად საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს აშკარად აქვთ დაბალი პოლიტიკური კულტურა. ამას აქვს ობიექტური მიზეზები. მაგრამ ”ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი არის ბნელი, ხოლო მე ვარ ნათლით მოსილი რაინდი, რომელიც გადააკეთებს ხალხს და ახალ ქართველს გამოიყვანს” - ეს არის აბსოლუტურად სხვა მიდგომა, რომელსაც იზიარებენ ჩემს სტატუსში ნახსენები ადამიანები, ამიტომ ივანიშვილის განცხადებასა და ამ იდეოლოგიას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება.- ანუ იმ იდეოლოგიის მატარებელი ხალხი, რომლებიც თქვენ "მწვრთნელებად" მონათლეთ, ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათ იციან ყველაფერი?- ცხადია. ჩვენ ვხედავდით, თუ როგორ ცდილობდნენ ქართველების გადაკეთებას. თუნდაც ისიც კმარა მაგალითად, როგორ გადიოდა ტელევიზიით მხატვრული ფილმები ინგლისურ ენაზე (ქართული სუბტიტრებით) და როგორ აჩვევდნენ ქართველებს, რომ ინგლისური ასე ძალდატანებით ესწავლათ. ეს იყო ძალმომრეობა, რომლის მიზანიც იყო ხალხის გადაკეთება, გამოცვლა. ყველაფერი ერთად რომ განვიხილოთ, ჩემი სიტყვების მართებულობაში ყველა დარწმუნდება.ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)