"გამოძიება გორში"- ჰოლანდიელი სამხედრო ჟურნალისტის ფილმი 2008 წლის ომზე (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"გამოძიება გორში"- ჰოლანდიელი სამხედრო ჟურნალისტის ფილმი 2008 წლის ომზე (ექსკლუზივი)

საქართველოში "დაბლოკილი" ფილმი 2008 წლის ომზე

"მომხდარში რუსეთის ხელისუფლებაა დამნაშავე, მაგრამ კითხვები ქართველების მიმართაც არსებობს"

"შოთა უტიაშვილს ვკითხე: რა მიზანს ემსახურებოდა ამ იარაღის გადამალვა? რაზეც მან უხერხულად აიჩეჩა მხრები."

ამონარიდი ჟურნალ "გზიდან":

ჰოლანდიელმა სამხედრო ჟურნალისტმა, 2008 წლის 12 აგვისტოს გორში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულ მეწყვილე ოპერატორზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. იღუნ აკერმანსის საგამოძიებო ფილმში - "გამოძიება გორში - ოპერატორ სტან სტორიმანსის სიკვდილი" - გორის ცენტრში მომხდარი აფეთქების გარდა, ომისდროინდელი საქართველო და მის გარშემო განვითარებული მოვლენებიც არის ასახული. როგორც ცნობილია, ამ ომს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კიდევ ორი ჟურნალისტი შეეწირა: 10 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან ტელეკომპანია "ალანიას" ჟურნალისტი გიგა ჩიხლაძე და ფოტოგრაფი ალექსანდრე კლიმჩუკი დაიღუპნენ...

50-წუთიან დოკუმენტურ ფილმში 2008 წლის ომის ის მოვლენებია ასახული, რომლის გადაღებაც ჰოლანდიელმა ოპერატორმა მოასწრო. აკერმანსმა მოიძია ქუჩის კამერებით გადაღებული, ასევე, ინტერნეტში გავრცელებული კადრებიც, რომლებშიც დაფიქსირებულია, თუ რა ხდებოდა იმ დროს გორის ქუჩებში... ამდენი წლის შემდეგაც ძნელია, ემოციის გარეშე უყურო უთანასწორო ომის ამსახველ სურათებს. ჰოლანდიელ ჟურნალისტს არც რუსი ჯარისკაცების მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული და ინტერნეტში ატვირთული მასალა გამორჩენია, სადაც ქართული ჯარის ყაზარმაში მათი შევარდნაა ასახული. "ამათთან შედარებით, უკანასკნელი "ბომჟებივით" ვცხოვრობთ; არც საჭმელი გვაქვს და არც ტანსაცმელი", - გაჰყვირის ერთ-ერთი ჯარისკაცი და ნაალაფარ "ბათინკებს" საჩქაროდ იცვამს...

ფილმში შესული მასალის მიხედვით, რუსულმა მხარემ რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკაც გააყოლა ხელს... დოკუმენტური ფილმი ნაჩვენები იყო ჰოლანდიურ არხზე, სადაც აკერმანსი მუშაობს. საგამოძიებო ფილმის დასრულების შემდეგ, 2009 წელს, აკერმანს უნდოდა, ის ქართველი მაყურებლისთვისაც ეჩვენებინა და იმავე წელს, ფილმის პრემიერის მოწყობა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" შესთავაზა, მაგრამ ფილმის ნახვის შემდეგ, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ მის ჩვენებაზე რატომღაც, უარი თქვა. ჰოლანდიელი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ფილმში ასახული ის რამდენიმე მომენტია, რომლის ნახვაც მაშინდელი ხელისუფლებისთვის "მაინცდამაინც სასიამოვნო არ იქნებოდა"...

იღუნ აკერმანსი, ფილმის ავტორი:

- 12 აგვისტოს, გორში მომხდარი აფეთქებისას, როდესაც სტანი დაიღუპა, სიკვდილს მეც ჩავხედე თვალებში, მაგრამ გადავრჩი, მხოლოდ ფეხში ვიყავი დაჭრილი. უდიდესი სტრესი გადავიტანე... რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და დავიწყე გამოძიება, - სინამდვილეში, გორის ცენტრში რა და როგორ მოხდა.

- რას გულისხმობდით, როდესაც განაცხადეთ, - შესაძლოა, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" იმიტომ თქვა უარი ფილმის ჩვენებაზე, რომ იქ ხელისუფლებისთვის "არასასიამოვნო მომენტები" იყოო?..

- იმას, რომ შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძვანელმა, შოთა უტიაშვილმა რამდენიმე კითხვაზე პასუხი ვერ გამცა. როდესაც ფილმზე მუშაობა დავიწყე, უტიაშვილს მივმართე თხოვნით, ჩემთვის მოეწოდებინა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც რუსული მხარის მიერ გამოყენებული იარაღის ჩამონათვალი და მისი ნამსხვრევები იყო ასახული. ერთად წავედით იმ ადგილას, სადაც ეს ყველაფერი გახლდათ თავმოყრილი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მათ შორის შშ-26 "ისკანდერის" ნამტვრევი არ ყოფილა... დავინტერესდი, რატომ არ ჰქონდათ კონკრეტულად ამ იარაღის ნაწილი, მით უმეტეს, რომ ის ნამდვილად არსებობდა, საკუთარი თვალით ვნახე... უტიაშვილმა მიპასუხა, - ასეთი რამ გამოყენებული არ ყოფილაო. როდესაც საკითხი უფრო მკაცრად დავაყენე, აღმოჩნდა, რომ "იპოვეს" ანუ თავიდანვე არსებობდა, მაგრამ სადღაც ჰქონდათ გადამალული. ბატონ შოთას ვკითხე: რა მიზანს ემსახურებოდა მისი გადამალვა? რაზეც მან უხერხულად აიჩეჩა მხრები. ეს ფილმშიც ჩანს... მე ასევე მოვინახულე სტანთან ერთად დაღუპული ადამიანების ოჯახები, რათა გამერკვია, თუ რა ფინანსური და მატერიალური დახმარება აღმოუჩინა მათ სახელმწიფომ. დავადგინე, რომ 12 აგვისტოს აფეთქების შედეგად დაღუპულ 11 ადამიანს მაშინდელმა ხელისუფლებამ ომში დაღუპულის სტატუსი არ მიანიჭა. რაც შეეხება ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას, - ერთადერთი ნივთი, რითაც ხელისუფლება დაღუპულების ოჯახებს დაეხმარა, ელექტროღუმელი იყო, რომელიც მათ ერთი წლის შემდეგაც ხელუხლებლად ედოთ... ეს ფილმშიც არის ნაჩვენები და ამაზე (ხელისუფლების უყურადღებობას ვგულისხმობ), დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებიც ლაპარაკობენ. განსაკუთრებით დამამახსოვრდა გორთან ახლომდებარე სოფელში მცხოვრები პატარა ქერა გოგონა, რომლის მამაც ქალაქში სხვების დასახმარებლად გავიდა. ეს პატარა გოგონა მძიმე ცხოვრებას ნაადრევად დაებრძნებინა და ისე ლაპარაკობდა, როგორც ბევრის მნახველი ქალი... ფილმი ერთ-ერთი დაღუპული, შუახნის კაცის საფლავთან, მგლოვიარე დედის სიტყვებით სრულდება: სხვის დასახმარებლად წასული შვილი სახლში დაღუპული მომისვენესო... რა თქმა უნდა, მომხდარში რუსეთის ხელისუფლებაა დამნაშავე, მაგრამ კითხვები ქართველების მიმართაც არსებობს.

სტატია სრულად იხილეტ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.