არამი პური დეპარდიესთვის - "აფხაზეთის მეგობარი" ჟერარი გუშინ "პურის სახლში" ქეიფობდა (+ვიდეო) - კვირის პალიტრა

არამი პური დეპარდიესთვის - "აფხაზეთის მეგობარი" ჟერარი გუშინ "პურის სახლში" ქეიფობდა (+ვიდეო)

მსახიობი ჟერარ დეპარდიე გუშინ საქართველოს ესტუმრა. გავრცელებული ინფორმაციით, დეპარდიემ 20 წუთი გაატარა აეროპორტში და ამის მერე ბაქოში გაფრინდა. მისი სტუმრობის შესახებ ცნობილი გახდა აეროპორტში მსახიობისა და აეროპორტის თანამშრომლების მიერ გადაღებული სურათების მეშვეობით.

თუმცა, როგორც ირკვევა, ჟერარ დეპარდიემ საქართველოში ოცი წუთზე მეტი გაატარა და არც მხოლოდ აეროპორტში ყურყუტებდა - ყოფილ ფრანგ და აწ. რუსადქმნილ მუსიო ჟერარს არც ქართული "სმა-ჭამა დიდად შესარგი" დავიწყებია. როგორც ირკვევა, დეპარდიე თანხმლებ პირებთან და რამოდენიმე ქართველთან ერთად ვახტან გორგასლის 7 ნომერში მდებარე რესტორან "პურის სახლს" ესტუმრა და სულ მცირე, ერთი საათი გაატარა იქ. რესტორანში მსახიობის ყოფნა "პურის სახლის" "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი, სადაც დეპარდრიეს სურათი არის გამოქვეყნებული. სავარაუდოდ, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ დეპარდიეს სახით ახლადგამომცხვარ საერთაშორისო კრიმინალს მასპინძლობდნენ.

(სურათზე: დეპარდიე და აფხაზეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი)

"კი, ჟერარ დეპარდიე ჩვენთან იმყოფებოდა. დაახლოებით ერთი საათი გაატარა და წავიდა. ჩვენთან ისადილა. ვისთან ერთად იყო არ ვიცი, ვერ ვიცანი მისი თანხმლები ქართველები. ქართველებთან ერთად უცხოელებიც იყვნენ. გაწეული მომსახურებით კმაყოფილი დარჩა და მადლობაც გადაგვიხადა" - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" საუბარში რესტორან "პურის სახლის" პიარ-მენეჯერმა ნუცა მალაშხიამ. "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კი ნუცა მალაშხიამ ისიც აღნიშნა, რომ მადლიერმა ჟერარმა მათ თეფშზე სამახსოვრო წარწერაც კი დაუტოვა.

შეგახსენებთ, ჟერარ დეპარდიე 2013 წლის 1 ივლისს ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენია. მსახიობმა ამ ქმედებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ცალსახად დაარღვია. ამ კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აკრძალულია და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით.

არადა, გავრცელებული ინფორმაციით დეპარდიეს არ დაუტოვებია სატრანზიტო ზონა და ამიტომ ვერ ამოქმედდა სანქციები მის წინააღმდეგ, მაგრამ როგორც გაირკვა, მსახიობმა არა მხოლოდ სატრანზიტო ზონა დატოვა, არამედ ქალაქშიც მშვიდად სეირნობდა და ნაქები ქართული პურ-მარილითაც ისიამოვნა. სახელმწიფო სტრუქტურები ამ საჩოთირო საკითხისთვის შუქის მოფენას ჯერ-ჯერობით არ ჩქარობენ. თუმცა, დღეს ამ საკითხს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა, უნდა ითქვას, ერთობ დიპლომატიური განცხადებით:

"ამას შესწავლა სჭირდება. ჟერარ დეპარდიე არ არის ადამიანი, რომელთან მიმართებაში საქართველომ ან ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ შეიძლება ნაჩქარევი გადაწვეტილება მიიღოს, ამიტომ ფაქტებს შევისწავლით და შემდეგ მოახდენს ხელისუფლება რეაგირებას. კანონი არის ყველასთვის ერთი",-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ის, რომ დეპარდიემ კანონი დაარღვია, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ რა პოზიცია უნდა დაიკავოს ამ საკითხთან მიმართებაში სახელმწიფომ? შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ მეზობელმა აზერბაიჯანმა ჩვენებური მწერლები, დათო ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა ყარაბაღში ჩასვლისა და ლიტერატურული საღამოს გამართვისთვის. დეპარდიესგან განსხვავებით, არც ტურაშვილსა და არც ხვედელიძეს სიტყვაც კი არ დასცდენიათ დამოუკიდებელ ყარაბაღზე.

საინტერესოა, უნდა გამოვაცხადოთ თუ არა დეპარდიე პერსონა ნონ-გრატად? ამ საკითხზე "კვირის პალიტრა" საერთაშორისო სამართლის ექსპერტებს ესაუბრა.

იხ. ვიდეო palitratv.ge-ზე: ჟერარ დეპარდიემ თბილისურ "პურის სახლში" მოილხინა

სტატიის სრული ვერსია გამოქვეყნდება ხვალ, 23 ოქტომბერს.