"უბ-ი-ვაი! უბივაი!" - როგორ ექცევიან კავკასიელებს რუსეთში
"მოსკოვის გარეუბნებში მთელი ქუჩის ვაჭრობა ნელ-ნელა აზიიდან და კავკასიიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ აიღო ხელში. ასევე, ბევრი რაიონია ისეთი, სადაც მიგრანტები ცხოვრობენ და იქ რუსულ საუბარს იშვიათად გაიგონებ. ასე რომ, მოსკოვში გაღიზიანების ფონი არსებობს და პატარა ნაპერწკალია საჭირო, რომ დაპირისპირება მოხდეს," - ამბობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს მოსკოვში, ბერიულიოვოს რაიონში ათასობით დემონსტრანტი მიგრანტების საწინააღმდეგო ლოზუნგებით ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და პოლიციასაც არ შეეპუა. ეს ინციდენტი რამდენიმე დღით ადრე რუსი ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა, რაშიც აზერბაიჯანის მოქალაქეს, ორხან ზეინალოვს ადანაშაულებენ.
მამუკა არეშიძე:
- სულ ახლახანს, ნაციონალისტ აქტივისტთა ერთმა ჯგუფმა მოსკოვსა და პეტერბურგში ქუჩაში მოვაჭრეების მასიური "შემოწმებები" ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ რამდენად კანონიერად ვაჭრობდნენ ისინი. ალბათ თქვენ თვითონაც მიხვდებით, რაოდენ "კულტურულად" მიმდინარეობდა ეს შემოწმებები.
საზოგადოებაში შიდა სოციალური დაპირისპირება არსებობს. ჯერ კიდევ ვერ ან არ განსაზღვრა კრემლის ხელმძღვანელობამ სწორი საემიგრაციო პოლიტიკა და ეს საზოგადოებაში მუდმივ დაპირისპირებას იწვევს, რომელიც ხან ფარულია და ხან ღია. ეს განსაკუთრებით თავს იჩენს რუსეთის პატარა ქალაქებში ან მიკრორაიონებში. ზუსტად იგივე მოხდა ბირიულიოვოში. პატარა მიზეზი იყო საჭირო, რომ სისხლი დაღვრილიყო.
რამდენიმე ხნით ადრე, აზერბაიჯანელმა მიგრანტმა მდინარეში მობანავე სამი რუსი ქალიშვილი გადაარჩინა და თვითონ დაიხრჩო. რაკი ეს აზერბაიჯანელი და მამამისი რუსეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მან გმირული საქციელი ჩაიდინა, მამამ მაინც ვერ მოახერხა შვილის ნორმალურად გაპატიოსნება. საბუთებს არ აძლევდნენ და ამის გამო მთელი ამბავი იყო ატეხილი. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელი მიგრანტები აღშფოთებას ხმამაღლა გამოხატავდნენ, მათ არავინ მოუსმინა.
(სურათზე: ეჭვმიტანილი ორჰან ზეინალოვის დაკავება და შემდგომ უმოწყალო ცემა რუსეთში ტელევიზიით (!) გადაიცემოდა)
სამაგიეროდ, ბერიულიოვოში რაც მოხდა, სუფთა საყოფაცხოვრებო შელაპარაკება იყო, მაგრამ დაძაბულობის ფონი უკვე არსებობდა და ამას რაც მოჰყვა, ვნახეთ - ქუჩების გადაკეტვა, მანქანების დაწვა, პოლიციელებთან შეტაკება და ა.შ. სხვათაშორის, პოლიციელთა დიდი ნაწილი თანაუგრძნობს მომიტინგეებს. ასე რომ, მათ აგრესიას ფეხის ათრევით აკავებს. შემდეგ, ხილ-ბოსტნეულის საწყობიც დახურეს არამარტო ბერიულიოვოში, არამედ სხვაგანაც. აგვისტოს დასაწყისში არის ე.წ. ვე-დე-ვეს, ანუ დესანტის ვეტერანების დღე. მათი მთავარი გართობა სწორედ ისაა, რომ თავს დაესხან და ჭკუა ასწავლონ, მათივე გამოთქმით, "ჩუჩმეკებს და ჩურკებს" ბაზარში. "ჩურკებზე ნადირობა" ამ და მსგავსი ჯგუფებისათვის, ასე ვთქვათ, სპორტად და ღირსების საქმედ იქცა. წელსაც მოხდა ეს ზოგიერთ ქალაქში და მათ შორის მოსკოვშიც.
- გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შეტაკების შემდეგ უზბეკეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს...
- უზბეკეთის მოქალაქე შეტაკების დროს არაა მოკლული. ის უბრალოდ, მოფარებულში, ბნელ ადგილას ჩაუვარდათ ხელში ნაციონალისტებს და მოკლეს.
მოკლედ, კავკასიელის და შუა აზიელის მკვლელობა მათი წარმომავლობის გამო რუსეთში ჩვეულებრივი მოვლენაა და განსაკუთრებული რეზონანსი არ მოჰყვება ხოლმე. სამაგიეროდ საკმარისია, მათი ხელით ეროვნებით რუსი დაიღუპოს, რომ ამას ერთი ამბავი მოჰყვება.
- თქვენ ახსენეთ ნაციონალისტური ორგანიზაციები. ამასთან, ამბობთ, რომ პოლიცია მიგრანტების ჩაგვრას გულგრილად ეკიდება. როგორ ფიქრობთ, რა "დამსახურება" მიუძღვის კრემლსა და რუსულ პოლიტიკურ სპექტრს ამ მოვლენებში?
- რასაკვირველია, ეს პოლიტიკურად კონტროლირებადი სიტუაციაა. ჯერ ერთი, ახლა კრემლი ცდილობს მიგრანტებს დაუპირისპირდეს და მეორე - აქ მიგრანტებთან დაპირისპირება კი არაა მთავარი, არამედ ის, რომ ამ ულტრანაციონალისტების მეშვეობით, ასე ვთქვათ, პროცესები დაიჭიროს. დღეს კრემლის ხელმძღვანელობას არ დარჩა იდეოლოგიური ბაზა, გარდა იმისა, რომ ნაციონალიზმის გაღვივებას დაეყრდნოს, ხელი შეუწყოს მას და გამოიყენოს, როგორც მაშველი რგოლი.
სხვათაშორის, ამ ფონზე შეიქმნა ახლა ორგანიზაცია "შავი ასეული" - Чёрная Сотня. ეს არის მონარქისტული ორგანიზაცია, რომელიც მანამდე პირველად 1907 წელს ზუსტად ამავე მიზნით შეიქმნა - "არასაიმედო ელემენტებთან საბრძოლველად". ახლა კი ეს ორგანიზაცია ისევ აღდგა. მათ აცვიათ პოლიციის ფორმა და ზურგზე აწერიათ Чёрная Сотня.
ეს პრაქტიკულად, ნახევრად ფორმალური ორგანიზაციაა, რომელიც ხელისუფლების ხელდასმითაა შექმნილი. ძალიან საინტერესოა, რომ ამ ორგანიზაციამ პრეზენტაცია გაიარა არა რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ აფხაზეთში. სულ ახლახანს 30 სექტემბერს სოხუმში ჩატარებულ მიტინგზე გამოიყვანეს ეს ჯგუფი, რამაც აფხაზი საზოგადოების საშინელი აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა თავს ზევით ძალა არაა. ამით რუსებმა ერთი მხრივ, გააფრთხილეს კიდეც აფხაზები და მეორე მხრივ, ორგანიზაციას პრეზენტირებაც მოუწყვეს.
- მიზანი რა არის?
- ეს რუსეთის საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილია. დემოგრაფიული თვალსაზრისით, რუსეთში უმძიმესი მდგომარეობაა და გარდა ამისა, არსებობს მრეწველობის მიმართულებები, სადაც რუსი ეროვნების მუშა ხელი აღარ არის. ამიტომ, სჭირდებათ იაფი მუშახელი, განსაკუთრებით შუა აზიური. ასეთი ტიპის ორგანიზაციები იმისთვისაა შექმნილი, რომ მორჩილებაში ჰყავდეთ მიგრანტთა ეს მასა. ანუ მიგრანტები საჭიროა, მაგრამ მათ უნდა შეასრულონ დაბალანაზღაურებადი, შავი მუშის ფუნქცია და მონურ მორჩილებაში უნდა იყვნენ.
რასაკვირველია, ეს არ ეხება არარუსი ეროვნების ელიტას, რომლებიც იქ დიდი რაოდენობითაა. მათ შორის არარუს მილიარდერებსაც. ეს მხოლოდ იმ მასას ეხება, რომელიც რუსეთს ამ წლებში სამუშაოს საძებნელად აწყდება.
საქმე ისაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საზღვრებს დახურავს, ევრაზიული კავშირის შექმნის გეგმა ჩაუვარდება. ამიტომ, მიგრანტების შემოდინებაზე უარის თქმას კრემლი ფიქრშიც არ გაივლებს. თუმცა, მიგრანტი მუშები მონურ მორჩილებაში უნდა ჰყავდეს. ისე, რომ თავები მაღლა არ ასწიონ.
პარადოქსალური პოლიტიკა აქვს რუსეთის ხელისუფლებას. იმდენად პარადოქსული, რომ საემიგრაციო სამსახურის უფროსი რომადონოვსკი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აბსოლუტურად წინააღმდეგობრივ პასუხებს იძლეოდა, იმდენად დაბნეული იყო სხვადასხვა უწყებებიდან მოსული ბრძანებებით, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. სხვათაშორის, რუსეთის საემიგრაციო კანონიც ზუსტად ეგეთია. ერთი მხრივ, შეიძლება, მეორე მხრივ - არა. ჭრელო პეპელასავითაა.
- ბევრს საუბრობენ იმის შესახებაც, თუ როგორ ეპყრობიან კავკასიელებს რუსეთის ციხეებში...
- რასაკვირველია, პოლიციისა და პენიტენციალური სისტემის მხრიდან როგორც კავკასიელების, ისე შუა აზიელების შევიწროვების და აბუჩად აგდების ფაქტები ბლომად არის. ეს ეხება ყველას, გარდა კრიმინალური სამყაროს ელიტისა.
კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი სწორედ აზერბაიჯანელები, სომხები, ქართველები და ჩრდილოეთ კავკასიელები არიან. ციხეებში მოხვედრის დროს მათზე ეს ნაკლებად ვრცელდება, განსხვავებით უპატრონო პატიმრებისა და ამ "შავი მასის" წარმომადგენლებისგან, რომლებსაც არავინ უწევს ანგარიშს.
იხ.ვიდეო : "მოკალით, წინ რუსებო!" - როგორ უსწორდებიან მოსკოვის მეტროში არარუსებს"
მარი რობაქიძე (სპეციალურად საიტისთვის)