ედუარდ შევარდნაძე: - "პატრიარქს გავანდე, რომ ხმას გიორგი მარგველაშვილს ვაძლევდი" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ედუარდ შევარდნაძე: - "პატრიარქს გავანდე, რომ ხმას გიორგი მარგველაშვილს ვაძლევდი" (ექსკლუზივი)

27 ოქტომბერს საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა, - ქართველი ამომრჩევლისთვის უჩვეულოდ მშვიდ გარემოში, ხმათა უმრავლესობით, საპრეზიდენტო არჩევნებში 62,09%-ით კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. ცესკო-ს მონაცემებით, მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძეა, შემდეგ პოზიციას "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იკავებს...

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ასეთი ფინალი მოულოდნელი არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ასეთ შედეგს ელოდა ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალს...

- ბატონო ედუარდ, როგორი იყო თქვენი მოლოდინი და როგორ შეაფასებთ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას?

- არჩევნებამდე რამდენიმე დღით, პატრიარქი მესტუმრა, ბევრი ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და ბატონ ბიძინა ივანიშვილზეც. უწმინდესთან საუბრისას მე მას გავანდე, რომ ხმას მარგველაშვილს ვაძლევდი...

პირადად ჩემთვის, ბატონი მარგველაშვილის ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება მოულოდნელი არ არის. მიხარია, რომ ქართველმა ერმა სწორი არჩევანი გააკეთა.

- ექსპერტების დიდი ნაწილი მეორე ტურს ელოდებოდა. თქვენ?..

- თუ კითხულობთ ჩემს ინტერვიუებს, ყურადღებას მიაქცევდით, რომ არაერთხელ კატეგორიულად განვაცხადე, მეორე ტური არ შედგება, რადგან ბატონი მარგველაშვილი გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით-მეთქი, ასეც მოხდა!

ალბათ თქვენც, როგორც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, გაინტერესებთ რას უნდა მივაწეროთ ბატონ ბაქრაძის მხარდამჭერთა 20%-ნი მაჩვენებელი, - ჩემი აზრით, აქ გადამწყვეტი გახლავთ "ნაციონალების" უმრავლესობის ფაქტორი ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებში. "ნაციონალურ მოძრაობას" ჯერ კიდევ დიდი რესურსი გააჩნია რეგიონებში, რაც იმას ამტკიცებს, რომ ამ დანაშაულებრივი სისტემის დანგრევა არც ისე ადვილია. თუმცა, მთავარი საქმე გაკეთებულია.

ასევე, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამომრჩეველთა პასიურობამ, მხედველობაში მაქვს, კოალიცია "ოცნების" მხარდამჭერები. სწორედ მათმა პასიურობამ მისცა საშუალება "ნაციონალებს" მიეღოთ მათთვის საოცნებო პროცენტი!.. ვულოცავ მათაც!

- ორიოდე სიტყვით რომ გვითხრათ, როგორ პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი და როგორი გგონიათ, რომ იქნება გიორგი მარგველაშვილი?

-  ამ კითხვაზე ძალიან მოკლედ გიპასუხებთ: მიხეილ სააკაშვილი გახლდათ ამ ცხრაწლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის მთავარი შემოქმედი. ყველაზე უკეთესად ამ კითხვას თავად ქართველმა ხალხმა უპასუხა ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც მას უარი უთხრა... გიორგი მარგველაშვილი კი ღირსეული ადამიანია და ვფიქრობ, პრეზიდენტიც ღირსეული იქნება.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE