"სააკაშვილს არ გააჩნია არც სულიერი და არც რამე სხვა ფასეულობა. მარგველაშვილი ასეთი არ გახდება" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს არ გააჩნია არც სულიერი და არც რამე სხვა ფასეულობა. მარგველაშვილი ასეთი არ გახდება"

"ადამიანები კი არ ღალატობენ სამშობლოს, არამედ სამშობლო ღალატობს ხოლმე თავის საუკეთესო შვილებს."

"ნიჭიერ, ბრძენ ადამიანთან სიახლოვე და მისგან რჩევის მიღება ყოველთვის სასარგებლოა და არასოდეს არ მოუტანს ზიანს ადამიანს და ასეთი სიახლოვე არ ნიშნავს, რომ ვინმეს დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. ასევე მოხდება მარგველაშვილის შემთხვევაშიც."

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოსახლეობის უმეტესობის აზრით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და გიორგი მარგველაშვილმაც ღირსეულად გაიმარჯვა. 27 ოქტომბერს დასრულდა მიხეილ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობაც. სწორედ არჩევნების და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის შეფასება ვთხოვეთ პოეტ დავით მაღრაძეს:

დავით მაღრაძე:

-27 ოქტომბერს საქართველოში უპრეცედენტო არჩევნები ჩატარდა. ქართველმა ხალხმა პირველად მისცა ხმა თავისუფალ და მშვიდ გარემოში. ქვების სროლის საარჩევნო რეჟიმიდან, გადავედით თავისუფალ და მშვიდ გარემოზე. ეს არის უზარმაზარი მოვლენა, საზოგადოება ავიდა, განვითარების სულ სხვა საფეხურზე. ეს არჩევნები იმ კუთხითაც იყო უპრეცედენტო, რომ ხალხმა აირჩია პრეზიდენტი (რომელმაც უნდა იმუშაოს პრეზიდენტად) და არა "ასფურცელა", რომელიც ან სამოქალაქო ომში გადაგვჩეხავს ან მეზობლებს დაუწყებს ომს.

- ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ მარგველაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის სრული გავლენის ქვეშ, რამდენად შეძლებს ის ამ გავლენას დააღწიოს თავი და გახდეს დამოუკიდებელი პოლიტიკოსი?

-ეს არის ძალიან დემაგოგიური ნათქვამი, ასეთი ნათქვამი ნიშნავს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. მე ვფიქრობ, ნიჭიერ, ბრძენ ადამიანთან სიახლოვე და მისგან რჩევის მიღება ყოველთვის სასარგებლოა და არასოდეს არ მოუტანს ზიანს ადამიანს და ასეთი სიახლოვე არ ნიშნავს, რომ ვინმეს დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. ასევე მოხდება მარგველაშვილის შემთხვევაშიც. დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება მაშინ, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის და არავისგან საჭიროებს რჩევას. მაშინ მის დამოუკიდებლობასაც ემუქრება საფრთხე და ქვეყნის დამოუკიდებლობასაც, როგორც მოხდა წინა პრეზიდენტის შემთხვევაში.

- ყველას კარგად გვახსოვს ოპოზიციონერი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავის მოვალეობას ბრწყინვალედ ართმევდა თავს. ის ახლა უკვე ოფიციალურად გადავიდა ოპოზიციაში, რამდენად საშიში იქნება ხელისუფლებისთვის ოპოზიციონერი მიხეილ სააკაშვილი?

- სააკაშვილი არის საქართველოს ისტორიის მარგინალური წარსული. მას არც სულიერი და საერთოდ არავითარი ფასეულობა არ გააჩნია. გიორგი მარგველაშვილი ასეთი არ გახდება არასდროს. სააკაშვილი ისტორიულმა შემთხვევითობამ მოიყვანა ხელისუფლებაში, ხოლო შემთხვევითობით მოსული ხალხი, მოვლენებისა და თავად საზოგადოების ლოგიკური განვითარების შემდეგ ტოვებს თანამდებობას, როგორც დატოვა სააკაშვილმა.

- როგორ ფიქრობთ, საკუთარი პარტია თუ მიიღებს მოქალაქე სააკაშვილს?

- თქვენ ახლა დათო ბაქრაძე ს ესაუბრებით თუ დათო მაღრაძეს?! მე რა ვიცი მაგათი პარტია და მაგათი ლიდერები. ერთი რამის თქმა მინდა: საქართველოში ადამიანებს ხშირად ეძახიან სამშობლოს მოღალატეებს, ეს არის პერიფერიული სინდრომი. საერთოდ ადამიანები კი არ ღალატობენ სამშობლოს, არამედ სამშობლო ღალატობს ხოლმე თავის საუკეთესო შვილებს. 27 ოქტომბერი იყო ძალიან მაგარი დღე, რადგან ბიძინა ივანიშვილს არ უღალატა თავის სამშობლომ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)