"კონსტიტუციური მონარქიით საპარლამენტო რესპუბლიკის ჩანაცვლება აბსოლუტური სისულელეა" - თეიმურაზ პაპასკირი - კვირის პალიტრა

"კონსტიტუციური მონარქიით საპარლამენტო რესპუბლიკის ჩანაცვლება აბსოლუტური სისულელეა" - თეიმურაზ პაპასკირი

რამდენიმე დღის წინ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უფლისწული გიორგი მონათლეს. უფლისწულის ერთ-ერთმა ნათლიამ, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კი განაცხადა, რომ ამ ფაქტით საფუძველი ჩაეყარა ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას. საზოგადოება ამ განცხადებას არაერთგვაროვნად შეხვდა. ჩვენ დავუკავშირდით ისტორიკოსებს და ამ თემაზე აზრის გამოთქმა ვთხოვეთ. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე საუბრისას ჩვენს მიერ გამოკითხულ ისტორიკოსთა უმრავლესობა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის პერსპექტივას დადებითად აფასებს.

დიმიტრი შველიძე:

- რამდენად ვართ დაზღვეულები, რომ სხვა არ გამოჩნდება, ვისაც მეფობის სურვილი ექნება და არ გამოიწვევს ქვეყანაში ანარქიას?

- როგორც ყოველთვის, საქართველოს ისტორია სავსეა ასეთი მაგალითებით, როდესაც ერთ ტახტს ათი პრეტენდენტი ყავდა. მეფობის სხვა მსურველები აუცილებლად გამოჩნდებიან, მეტიც ასეთები უკვე არიან. ამიტომ საზოგადოება ჯერ იმაზე უნდა შეთანხმდეს, თუ ვინ უნდა დასახელდეს მონარქად და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს მონარქიის აღდგენაზე საუბარი.

- მსოფლიო სამეფო ოჯახები რამდენად მიიღებენ ქართულ მონარქიას?

-მე ვფიქრობ, მონარქიული ქვეყნები ზედმეტ ბარიერებს არ შექმნიან, რადგან მათთვის მთავარია ორი პრინციპი: ერთი პოლიტიკური და მეორე ისტორიულ-ტრადიციული. ბაგრატიონებს მსოფლიო მონარქები უარს ვერ ეტყვიან, იმიტომ რომ ეს გვარი ერთ-ერთი ყველაზე ძველი მონარქიული გვარია მსოფლიოში, გარდა ამისა, ჩვენი ბაგრატიონები ენათესავებიან რიგ სამეფო დინასტიებს, მათ შორის, ესპანეთის და რუსეთის სამეფო გვარებს და ეს ყველაფერი ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება.

ჯაბა სამუშია:

- როგორ ფიქრობთ, მონარქიის აღდგენა მართლაც შეუწყობს ხელს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას?

-თუ აფხაზები ცნობენ ბაგრატიონებს და აღიქვამენ საკუთარ მეფედ, მაშინ ეს ბუნებრივია, დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მაგრამ ვეჭვობ, რომ ამ გზით საქართველოს ერთიანობის აღდგენა ცოტა გაჭირდება.

- მონარქიის აღდგენა გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, გვაქვს ამის ფუფუნება?

-ეს არის ქართველი ერის გადასაწყვეტი საკითხი. ევროპაში მონარქებს რა ქონებაც აქვთ, ეს იყო მათი ოჯახის ქონება. მაგ. დედოფლის საკუთრება იყო ცენტრალური ლონდონი, მაგრამ მან ეს გადასცა საჩუქრად ინგლისელ ხალხს.

თეიმურაზ პაპასკირი:

- 21-ე საუკუნეში მონარქიის აღდგენაზე საუბარი, ქვეყანაში, სადაც 200 წელი მონარქია არ ყოფილა, აბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია. თითს რომ იშვერენ ესპანეთისკენ, რატომ ავიწყდებათ, რომ მხოლოდ XIX-XX საუკუნეებში 7-ჯერ დაამხეს მეფე? მგონი, არავითარი აუცილებლობა არაა, იგივე გავიმეოროთ ჩვენც. სადაც არის, იქ საუბრობენ, ხომ არ გავაუქმოთ მონარქიაო (ბრიტანეთშიც კი ამბობენ ამას) და ჩვენ შემოვიღოთ მონარქია?! ჩემი დამოკიდებულება ძალიან ნეგატიურია, რადგან ეს გამოიწვევს ბევრ უარყოფით პროცესს და მათ შორის, ე.წ ყოფილი თავადების და აზნაურების წინა პლანზე წამოწევას.

- საუბრობენ, რომ მონარქი იქნება აპოლიტიკური ფიგურა და ის ხელს შეუწყობს დაპირისპირებლ პოლიტიკური ძალებს შორის მოლაპარაკებას...

-მაგისთვის გვყავს არჩეული პრეზიდენტი, რომელიც აპოლიტიკური ფიგურა და სწორედ დავების მომრიგებელი უნდა იყოს.

- მონარქიის აღდგენის მომხრეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მონარქიის შემთხვევაში ხარჯები მცირე იქნება...

- ვინც მაგას ამბობს, მგონი საერთოდ არ აქვს ეკონომიკაზე წარმოდგენა. დავიჯერო, მონარქს ნაკლები ხარჯი ექნება ვიდრე პრეზიდენტს? პირიქით, უფრო მეტი ხარჯი ექნება მეფეს.

- მაგალითს მოგიყვანთ: ესპანეთის მეფის წლიური ხარჯი, გასულ წელს 10 მილიონი იყო, მაშინ როცა ჩვენი პრეზიდენტის ხარჯმა 60 მილიონზე მეტი შეადგინა...

- ვინც მაგას ამბობს, უმჯობესია ის ნახოს, ესპანეთის მონარქის წლიური შემოსავალი რამდენია და ისიც ნახონ, ხუან კარლოსს რამდენი რეზიდენცია და სასახლე აქვს ესპანეთში. ესპანეთში მონარქია გრძელდება რამდენიმე საუკუნეა და გამოცდილება აქვთ, მიუხედავად ამისა, როგორც გითხარით 7-ჯერ დაამხეს. მე არ მესმის კონსტიტუციური მონარქიის არსი, როდესაც გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა (ჩემთვის საერთოდ საპრეზიდენტო რესპუბლიკაა მისაღები, მაგრამ ეს ცალკე თემაა). კონსტიტუციური მონარქიით საპარლამენტო რესპუბლიკის ჩანაცვლება არის აბსოლუტური სისულელე.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)