მანანა ბერიკაშვილი: "ჩვენი მიზანია, თანხები დავზოგოთ და მოკრძალებული, გემოვნებიანი ინაუგურაცია ჩავატაროთ" - კვირის პალიტრა

მანანა ბერიკაშვილი: "ჩვენი მიზანია, თანხები დავზოგოთ და მოკრძალებული, გემოვნებიანი ინაუგურაცია ჩავატაროთ"

" ჩვენ არ ვატარებთ პომპეზურ ღონისძიებას მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაიხარჯოს უზარმაზარი თანხები და არა იმიტომ, რომ მნიშვნელოვან სტუმრებს არ ველოდებით. ჩვენი მიზანია, მეტი თანხები დავზოგოთ და მოკრძალებული, გემოვნებიანი ინაუგურაცია ჩავატაროთ. ეს პირველ რიგში პრეზიდენტ – გიორგი მარგველაშვილის და მთავრობის სურვილია, არ დაიხარჯოს ისეთი ასტრონომიული თანხები, როგორც წინა ჯერზე იხარჯებოდა"... - ამბობს კულტურის მინისტრის მოადგილე - მანანა ბერიკაშვილი, რომელიც 17 ნოემბერს გამართული ინაუგურაციის სამხატვრო ხელმძღვანელია...

მანანა ბერიკაშვილი:

- წლევანდელი ინაუგურაცია პარლამენტის ეზოში გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ჩვენი საჯარისო ნაწილები.  ეს იქნება ძალიან ლამაზი რიტუალი. დაუკრავს თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი, გუნდიც მიიღებს ასევე მონაწილეობას. გამოვლენ ანსამბლები "რუსთავი" და "მართვე"... ვფიქრობთ, რომ სანახაობრივად ეს ყველაფერი იქნება საინტერესო, აკადემიური და საქმიანი... შემდეგ "ქორთიარდ მარიოტში" შეხვდება პრეზიდენტი ჩამოსულ სტუმრებს. 6 საათზე შოთა რუსთაველის თეატრში გაიმართება ანსამბლ "ერისიონის" კონცერტი. ბოლოს სასტუმრო შერატონში იქნება პრეზიდენტის შეხვედრა საზოგადოებასთან.

- ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბატონმა ჯემალ ჭკუასელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ანსამბლი "ერისიონი" იმიტომ შეირჩა, რომ მხოლოდ ამ ანსამბლს შეუძლია წარმოაჩინოს ერთ საათიან პროგრამაში სრულიად საქართველოო...

- დიახ, არჩევანი შეჩერდა მხოლოდ ანსამბლ "ერისიონზე"... ხან "ერისიონი" იქნება წარმოდგენილი, ხან "რუსთავი" და ხან სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი. ეს ახლა ნამდვილად არ გახლავთ მთავარი საჭირბოროტო საკითხი, არ მესმის, გული სხვებს რატომ უნდა დაწყდეთ და გაღიზიანდნენ?!... ამ ჯერზე ესა თუ ის ანსამბლი თუ ორკესტრი გამოვა, სხვა ჯერზე სხვა და ასე შემდეგ... რა არის აქ სადაო?!

- ოპონენტებისგან ისიც ითქვა რომ ინაუგურაციას არ დაესწრება არცერთი სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, არ ჩამოდიან მნიშვნელოვანი პირები...

- ეს რაღაც უცნაური აზრებია... ჩვენ არ ვატარებთ პომპეზურ ღონისძიებას იმიტომ, რომ არ დაიხარჯოს უზარმაზარი თანხები და არა იმიტომ, რომ მნიშვნელოვან სტუმრებს არ ველოდებით. ჩვენი მიზანია მეტი თანხები დავზოგოთ და მოკრძალებული, გემოვნებიანი ინაუგურაცია ჩავატაროთ. ეს პირველ რიგში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და მთავრობის სურვილია, არ დაიხარჯოს ისეთი ასტრონომიული თანხები, როგორც წინა ჯერზე იხარჯებოდა. რაც შეეხება სტუმრებს, მე როგორც ვიცი, ძალიანაც მნიშვნელოვან სტუმრებს ველოდებით. ჩვენ, მთელი კომისია, ერთად ვმუშაობთ, რომ ყველაფერი სათანადო დონეზე წარმოვაჩინოთ. მხატვრულ მხარეს მე ვხელმძღვანელობ, სხვა მიმართულებით სხვები მუშაობენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაფერი საინტერესო სანახავი იქნება.