"ღარიბაშვილთან შეხვედრისას ოპოზიცია მოწოდების სიმაღლეზე იდგა"
"ღარიბაშვილმა შეძლო, პრემიერის რანგში კონსტრუქციული და კომპეტენტური ყოფილიყო და გამკლავებოდა უმცირესობის შემოტევებს"
"ნაციონალები" იყვნენ "მასპინძლები" და მათ "მიჰყავდათ" სხდომა, ირაკლი ღარიბაშვილი კი ტრიბუნასთან ეულად იდგა."
"კარგია, რომ პარლამენტი თანდათან პარლამენტს დაემსგავსა"
"საქართველოს არც ერთი პრემიერ-მინისტრი უგზო-უკვლოდ განათლებული არ ყოფილა."
"ჟურნალისტები და გამოძიება უნდა დაინტერესდნენ, რა ფუნქციას ასრულებდა ბატონი ჭიკაიძე 26 მაისს"
საპარლამენტო უმცირესობის წინაშე ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად წარსდგა და "ნაციონალური მოძრაობასთან" საკმაოდ მწვავე დებატებიც გამართა... რამდენად კომპეტენტური აღმოჩნდა ღარიბაშვილი პრემიერის რანგში და რამდენად კვალიფიციურად შეძლო მან ოპონენტთა შეტევების მოგერება, ამის შეფასება ექსპერტ კახი კახიშვილს მივანდეთ...
- უმცირესობასთან საპარლამენტო შეხვედრას ასე შევაფასებ: კარგი იქნებოდა, იმ დეპუტატებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ტაშის დაკვრით იყვნენ დაკავებული, იმის ნახევარი აქტიურობა და აგრესიულობა სააკაშვილის დროს გამოეჩინათ, ვიდრე გუშინ, როდესაც მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და მწვავე შეფასებებს აკეთებდნენ და უფრო მწვავე კითხვებს სვამდნენ. ასე რომ მოქცეულიყვნენ, სააკაშვილის ხელისუფლება არაერთ შეცდომას გადაურჩებოდა და მათ მიმართ გაჩენილ საზოგადოების აგრესიას თავს აარიდებდენ. თუმცა, არის მეორე მომენტიც, - არ ვარ მომხრე, რომ მაშინდელი პარლამენტი განმეორდეს და ტაშის დაკვრის გარდა არაფერი ხდებოდეს. თავად "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალური ოპოზიციური პარტიაა და როდესაც ცენტრალური ოპოზიციური პარტია სვამს მწვავე კითხვებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
- ჩაგეძიებით. რაც შეეხება ტონალობას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან მოვისმინეთ, როგორ ფიქრობთ, თუნდაც ცენტრალური ოპოზიციისგან, მისაღებია და გამართლებული?
- არა, არავითარ შემთხვევაში და ეს ერთადერთი იყო, რაც ძალიან არ მომეწონა. "ნაციონალები" იყვნენ "მასპინძლები", მათ მიჰყავდათ სხდომა და ირაკლი ღარიბაშვილი ტრიბუნასთან ეულად იდგა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ემოციური საუბრების გარეშე ვერ ჩაივლიდა და აგრესიულ საუბარში გადაიზრდებოდა. საქმე ის არის, რომ ეს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის რანგში გამართული პირველი შეხვედრა იყო, თანაც მის პირისპირ იდგა გამოცდილი პოლიტიკური ძალა. ირაკლი კი პირველად ვნახეთ პოლიტიკოსის რანგში, სადაც მან შეძლო, კონსტრუქციული და კომპეტენტური ყოფილიყო და გამკლავებოდა უმცირესობის შემოტევებს. "ნაციონალებს" ძალიან უნდოდა ღარიბაშვილის, როგორც ახალბედა პოლიტიკოსის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ზოგადად, კარგია, რომ პარლამენტი თანდათან პარლამენტს დაემსგავსა, და ეს აღარ არის "ნაციონალების" დროინდელი ნოტარიული ბიურო...
- პრემიერ-მინისტრის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" "ნეოფაშისტური წარმონაქმნი" იყო...
- კარგი იქნებოდა, თუ უმაღლესი თანამდებობის პირები ასეთი ტიპის გამოთქმებისგან თავს შეიკავებენ. იმ გუნდთანაც კი, რომელიც უმაღლეს ხელისუფლებაში ყოფნისას დღე და ღამე საკუთარი მოსახლეობის ლანძღვაში იყო.
- მან სხვა საკითხებზეც ისაუბრა, მაგალითად, ბიუჯეტსა და "ეკონომიკური შოკიდან" გამოსვლაზე და აღნიშნა, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად მთავრობა კონკრეტული გეგმების განხორციელებას აპირებს. თუმცა, რეალობა ჯერჯერობით განსხვავებულია და ამ ბოლო დროს ბიუჯეტის დეფიციტზე მუდმივად საგანგაშო პროგნოზები გვესმის... რამდენად კომპეტენტური იყო პრემიერი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე საუბრისას?..
- იცით, ადამიანს ყველაფრის ცოდნა არ მოეთხოვება. საქართველოს არც ერთი პრემიერ-მინისტრი უგზო-უკვლოდ განათლებული არ ყოფილა. არ მახსოვს ამ თანამდებობაზე ყოფილიყო პირი, რომელმაც ერთნაირად იცოდა, იურსპრუდენცია, ფინანსები, ეკოლოგია, ეკონომიკა და სხვ. ანუ ყველა ის თემა, რაზეც უნდა მუშაობდეს მთავრობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაფერი რომ იცოდეს, მაშინ მინსიტრთა კაბინეტი და ცალკეული დარგების მინისტრები აღარ გვინდა. კარგ მენეჯერად ითვლება ის ადამიანი, რომელიც კონკრეტული დარგების ხელმძღვანელ თანამდებობებზე სწორად არჩევს კადრებს.
- საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები მის ასაკთან დაკავშირებით - მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრისას, 31 წლის პირველი პირის ასაკი უხერხულობას რომ არ შეგვიქმნის?
- მე მომხრე ვარ, რომ ნებისმიერ უმაღლესი თანამდებობის პირს, ზურგს გამოცდილება უმაგრებდეს. ამიტომაც, არის, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასაკობრივი ცენზებია დაწესებული, ვთქვათ, იგივე მოსამართლესა და პროკურორის დანიშნვის დროს. გარდა კონკრეტული ცოდნისა, მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოცდილებაც, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, საქმე ის არის, რომ ეს მთავრობა გუნდური პრინციპით მუშაობს და კონკრეტულად გამოცდილებაზე, ასაკსა და სხვა სახის პრობლემებზე, რომელიც შესაძლოა მმართველობის პერიოდში გამოვლინდეს, უმრავლესობაა პასუხისმგებელი. მეტს ვერაფერს გეტყვით... რამდენად წარმატებული იქნება ეს გუნდი, ამას დრო გვიჩვენებს.
- ბატონო კახა, პრემიერის განცხადებით, შს მინისტრი 26 მაისს, ღამით რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, მაგრამ დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია. მაშ რა ფუნქცია ჰქონდა მას?..
- ვერ გეტყვით, ეს ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ჰკითხოთ. როგორც იურისტს შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენს კანონმდებლობაში ცნება, - "კოლექტიური ბრალი" არ არსებობს. უბრალოდ აუცილებელია 26 მაისის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთოს კონკრეტული პირები, რომელთა ქმედებებში დანაშაულის ნიშნები შეინიშნება. ამას "ნაციონალებიც" აპროტესტებენ, - იმ ყველაფერ ცუდში, რაც კეთდებოდა, ყველა რატომ ვართ დამნაშავეო... მართალი გითხრათ, მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რა ფუნქციას ასრულებდა იქ ბატონი ჭიკაიძე, ამიტომ ამ ფაქტით ჟურნალისტები და გამოძიება უნდა დაინტერესდნენ.
- რამდენიმე შეკითხვას შს მინისტრმა თავი არც თუ დელიკატურად აარიდა. ხომ არ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ზედმეტად დამოკიდებული იქნება პრემიერზე?
- საქმე ის არის, რომ შს მინისტრი პოლიტიკურად გამოუცდელი ადამიანია. ის არის პოლიციელი და მას პოლიტიკური ტრიბუნიდან ოპონენტების კითხვებსა და განცხადებებისთვის პასუხის გაცემის საშუალება არასდროს ჰქონია. ეს მას აშკარად ეტყობოდა. მის გამოსვლებში პოლიტიკური გაწაფულობა ნამდვილად არ იგრძნობოდა და ამანაც "ჩაკეტა" ის. ისე კი, ჩვენი კანონმდებლობით ნებისმიერი თანამდებობის პირი პოლიტიკური პერსონაა და უნდა თუ არა, პარლამენტთან ურთიერთობა მოუწევს. როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა გუნდური პრინციპიდან გამომდინარე შეარჩია ჭიკაიძეც...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)