ცოტა ხნის წინ უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადებაზე თავი შეიკავა. ნიშნავს თუ არა ეს უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესის დასასრულს და რუსეთის გავლენის სფეროში საბოოლოდ დაბრუნებას, რა გავლენა შეიძლება გამოიწვიოს ამ პროცესმა რეგიონზე და კონკრეტულად საქართველოზე, ამაზე კომენტარი ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ვთხოვეთ.- უკრაინამ უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. როგორ ფიქრობთ, რა პროცესებთან გვაქვს საქმე?- უკრაინა არ ამბობს უარს ევროკავშირთან ურთიერთობაზე, პირიქით, უკრაინის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ორიენტირებულია ევროკავშირზე, რათა რუსულ მონოპოლიურ კომპანიებთან კონკურენცია ქონდეთ, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია ევროკავშირის პოზიცია, როდესაც აბსურდულ მოთხოვნებს უყენებენ უკრაინას. ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლესო – ასე მოუვიდათ და ევროპაში ინტერგაციის პროცესი, ტიმოშენკოს გამოშვების საკითხს გადააყოლეს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სიბეცე, მეტიც, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ესაა პოლიტიკური დეგენერატიზმი. წარმოიდგინეთ, წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, თუკი ვუყურებთ ამ დიდ საქმეს – უკრაინის ელიტისა და ხელისუფლების უდიდესი ნაწილის სწრაფვას ევროკავშირისკენ და ამ დროს ასეთი უზარმაზარი საკითხი, როგორიცაა უკრაინის ასოცირება ევროკავშირში, დაკავშირებული იქნა ტიმოშენკოს საკითხთან (დამნაშავესთან, რომელიც სამართლიანად არის იქ, სადაც უნდა იყოს), ეს ევროკავშირის მხრიდან არის ხელოვნური ბარიერი, რომელზეც დამოუკიდებელი და ამბიციური პოლიტიკური ელიტა არ წავიდოდა. ულტიმატუმის ენით შეიძლება ესაუბრო, სუსტ სახელმწიფოებს, როგორადაც უკრაინა არ მიიჩნევს თავს.- ცოტა უცნაურია, რომ ამის პარალელურად უკრაინამ რუსულ გაზზეც განაცხადა უარი. რას უნდა მოასწავებდეს ეს?- რაც შეეხება რუსულ გაზზე უარის თქმას, ამით უკრაინელები როგორც ევროპას, ისე რუსეთს აჩვენებენ, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან და არავის კარნახით არ აპირებენ მოქმედებას. მე კარგად ვიცი უკრაინული სიტუაცია, ისინი საკუთარ სახელმწიფოზე ფიქრობენ და არაფრის სანაცვლოდ არ აპირებენ მარიონეტულ რეჟიმებად იქცნენ. - ტიმოშენკო ახსენეთ და მისი საკითხის წამოწევა, ლობისტების დამსახურებაა თუ ევროპას სხვა ხელმოსაჭიდი არაფერი აქვს უკრაინასთან მიმართებაში?- მოდით ასე ვთქვათ: რა თქმა უნდა, ტიმოშენკოს ჰყავს ლობისტური ჯგუფები (დაახლოებით იგივე ჯგუფები, რომელიც ყავდა "ნაციონალურ მოძრაობას"), მაგრამ ტიმოშენკოს უკრაინაში იმდენად აშკარა დანაშაულები აქვს ჩადენილი, რომ არავინ არ სვამს კითხვებს, გარდა მისი პოლიტიკური ჯგუფისა. რაც შეეხება ევროპელებს, მათ მოიგონეს სრულიად აბსურდული, ხელოვნური და პოლიტიკური თვალსაზრისით გაუგებარი რამ და მიაღწიეს იმდენს, რომ უკრაინამ უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულებაზე.- რა როლი ითამაშა ყველაფერ ამაში პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა?- საინტერესოა, რომ როცა აზაროვმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, იანუკოვიჩი ამ დროს არ იყო უკრაინაში. ვფიქრობ, იანუკოვიჩს აქვს მანევრირების საშუალება, რადგან მისი ფიგურა ყოველთვის არასწორად ფასდებოდა. იანუკოვიჩი არაა ისეთი ლიდერი, როგორიც სააკაშვილი იყო საქართველოში, პირიქით მის უკან უმძლავრესი ელიტა დგას, როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური. ეს ელიტა შეგნებულად მიდიოდა ევროპისკენ და იანუკოვიჩი ამისთვის ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ევროპამაც ყველაფერი გააკეთა, რათა ეს არ მომხდარიყო.- ტიმოშენკოს ფაქტორის გამო, ევროპა საბოლოოდ თუ შეელევა უკრაინას, უკრაინა ხომ მარტო აღმოჩნდება რუსეთის წინააღმდეგ? - მე შემიძლიათ გითხრათ, რომ ევროკავშირის პოლიტიკოსებს შორის სრულიად გაურკვეველი სიტუაციაა. ევროკავშირი ერთის მხრივ, მიილტვის რუსეთისკენ (ეს ბუნებრივი და სწორი მისწრაფებაა, რადგან სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის უდიდესი შედეგის მომტანია, რასაც ეწინააღმდეგება შეერთებული შტატები), მაგრამ მეორე მხრივ, პოზიცია, რომელიც ახლა ევროკავშირს აქვს, პირდაპირ იძლევა იმის საფუძელს, რომ ხელოვნური მოტივით (ტიმოშენკოს ფაქტორის წამოწევით), პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ არ დაუშვან უკრაინის ასოცირება ეროკავშირთან, რომ არ გაანაწყენონ რუსეთი. როგორც ვთქვი, ეს არის პოლიტიკური სიბეცე, ამას სხვა შეფასებას ვერ მივცემ.- ჩვენზე რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი?-ჩვენ რაც შეგვეხება, დამოუკიდებელ კურსს რომ ვანხორციელებდეთ და სახელმწიფოს მიზანმიმართულად განვითარებას ვცდილობდეთ, დღეს გაცილებით კარგ მდგომარეობაში ვიქნებოდით. ჩვენ, წლების განმავლობაში არაპრაგმატული პოლიტიკა გვქონდა და ეს შედეგებზეც აისახა. ჩვენ გვმართებს ჩვენი პოზიციების მკვეთრად გამოხატვა, თუმცა ეს არ ნიშნავს მხოლოდ დეკლარაციის დონეზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და დილა-საღამოს "ნატოს" ძახილს. ასე არაფერი გამოვა. ამას ჭირდება ქვეყნის მოდერნიზაცია და აუცილებლად სწორი სამეზობლო პოლიტიკის წარმოება.- ევროკავშირი აპირებს მოლდოვასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. რას მოუტანს ეს მოლდოვას და თუ უნდა ველოდოთ იგივეს ჩვენც?- უვიზო რეჟიმი ან თუ გნებავთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, არაფრის მომტანია, თუ ქვეყანას არ აქვს გონივრული და მოდერნიზაციაზე ორიენტირებული საშინაო პოლიტიკის კურსი. ამიტომ არაფერს არ შეცვლის, მოლდოველები ამით არ აშენდებიან, თუ მოლდოვის მთავრობა არ იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და არ იქნება სწორი ეკონომიკური კურსის გამტარებელი. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს შესახებ.- ჩვენ რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ვილნიუსის სამიტიდან?- მე ვფიქრობ ამ სამიტიდან საქართველო უფრო მეტად ილუზიასაა და ოცნებების ახდენას ელოდება, ვიდრე რეალობას. თავისთავად ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ გნებავთ, დღესვე ევროკავშირის წევრი ქვეყანა რომ გავხდეთ, რა შეიცვლება, თუ შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა არ იქნა გატარებული? შეცვლა მხოლოდ გონივრული პოლიტიკის შედეგადაა შესაძლებელი, რომელიც ჯერ-ჯერობით არ გვაქვს.