"ის, რაც ირანისთვის "საუკუნის გარიგებაა", მსოფლიოსთვის უზარმაზარი საფრთხის შემცველია" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ის, რაც ირანისთვის "საუკუნის გარიგებაა", მსოფლიოსთვის უზარმაზარი საფრთხის შემცველია" (ექსკლუზივი)

საერთაშორისო შუამავალთა "ექვსეულმა" ირანთან ისტორიულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლისთვისაც მთლიანობაში დიპლომატებმა ათი წელი და ხუთი დღე-ღამე დახარჯეს. ათწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანის მიმართ მთავარი პრეტენზიები მოხსნილია. ირანი ამ პროგრამისთვის სამუშაოებს შეამცირებს, აშშ და ევროკავშირი კი თეირანის მიმართ დაწესებულ სანქციებს შეასუსტებენ.

აღსანიშნავია, რომ მიღწეულ შეთანხმებას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ ისტორიული შეცდომა უწოდა. ხოლო თუ რატომ და რა საფრხეს ხედავს ამ დიპლომატიურ გარიგებაში ისრაელი, ამაზე ისრაელის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ იუვალ ფუქსს ვესაუბრეთ.

- პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ე. წ. "ბირთვულ შეთანხმებას" ირანთან "დასავლეთის ისტორიული შეცდომა" უწოდა. მაინც რაში მდგომარეობდა შეცდომა?

- ჟენევაში ხელმოწერილი ეს დოკუმენტი ისრაელისთვის ძალზე შემაშფოთებელია და ასევე შემაშფოთებელი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვისაც. ის, რაც ირანისთვის "საუკუნის გარიგებაა", მსოფლიოსთვის უზარმაზარი საფრთხის შემცველია. და აი, რატომ: ეს შეთანხმება არ ზღუდავს ირანის შესაძლებლობებს, ერთ დღეს ისევ გააგრძელოს ბირთვული პროგრამა. ირანს არ გაუუქმებია არც ერთი ატომური სადგური. პრაქტიკულად, ეს შეთანხმება არის ირანისთვის იმის დაკანონება, რომ მას უფლება აქვს, გაამდიდროს ურანი. ხელშეკრულებაში არ არის ნათქვამი, რომ ირანმა არ უნდა გაამდიდროს ურანი, დაწესებულია მხოლოდ შეზღუდვები, რომელთათვის გვერდის ავლაც სავსებით შესაძლებელია. ირანი აცხადებს, რომ ურანს სამედიცინო მიზნით ამდიდრებს, მაგრამ მსოფლიოს 19 ქვეყანა, რომელთაც ბირთვული არსენალი აქვთ, ურანს არ ამდიდრებენ. ამ შეთანხმებას შედეგიანს ვერაფრით დაარქმევ, მით უმეტეს, როდესაც არსებობს პრეცედენტები, როდესაც ბირთვული ამბიციების მქონე მხარემ მოლაპარაკების შედეგად საერთოდ შეაჩერა ბირთვული პროგრამა, მაგალითად ლიბიაც გამოგვადგება. ირანს კი ამ შეთანხმების წყალობით დრო გჰყავს, სანამ მისი დრო არ დადგება. ეს შეთანხმება მხოლოდ არასრულყოფილი კი არ არის, მასში უამრავი ხარვეზი, ე. წ. დიპლომატიური ხვრელებია, რითაც, ეჭვი არ შეგეპაროთ, ირანი აუცილებლად ისარგებლებს.  ასეთი შეთანხმება შეუთანხმებლობაზე უარესია. სად ეჩქარებოდათ? სანქციები მშვენივრად ამართლებდა: თავად ირანელები იყვნენ მოწადინებული, როგორმე ეს შეთანხმება გამოსულიყო. ნახეთ, ირანული მედია ზეიმობს კიდეც ქვეყნისთვის ასეთი ხელსაყრელი შეთანხმების მიღწევას. ეს არის ირანელი დიპლომატების ტრიუმფი - მათ რჩებათ 19000-ივე ცენტრიფუგა და, იმავდროულად, სანქციების ნაწილის მოხსნის შედეგად, ეკონომიკური მდგომარეობაც გამოსწორდება. სწორედ ეს იყო ირანის მიზანი, სწორედ ამიტომ აირჩიეს ახალი პრეზიდენტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭირო იყო დაცდა და ზეწოლის გაძლიერება. როგორც მოხდა სირიაში, როდესაც ამერიკის სამხედრო ჩარევის შესაძლებლობის ფონზე, ისინი მთელი ქიმიური არსენალის განადგურებას დათანხმდნენ.

- ერთიცაა, სირიისგან განსხვავებით, ირანის მთავრობას ბირთვული იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ გამოუყენებია.

- მგონი, ბირთვული იარაღი ექსტრემისტების ხელში ისევე და იმაზე მეტად საშიშია, ვიდრე ქიმიური. განა ირანის ყოფილი პირველი პირები არ აცხადებდნენ, რომ ერთადერთი ბომბი იყო საკმარისი ისრაელის, ამ "ცოფიანი ძაღლის" გასანადგურებლად?

- თქვენი ხედვით, იდეალური შეთანხმება როგორი იქნებოდა?

- უნდა შეჩერებულიყო ყველა ბირთვული ლაბორატორიის მუშაობა, მათ შორის არაკის ლაბორატორიისა, სადაც პლუტონს ამდიდრებენ, რასაც ერთადერთი გამოყენება აქვს - სამხედრო, ბომბის შესაქმნელად. და, იდეალურ შემთხვევაში, ბირთვული რესურსები საერთოდ უნდა გაეტანათ ირანიდან და გაენადგურებინათ სხვაგან, რათა მსოფლიო დარწმუნებულიყო, რომ ირანი არაფერს მალავდა.

- იცით, გისმენთ და ასეთი შეკითხვა მიჩნდება: როგორ აპირებთ მსოფლიო დაარწმუნოთ, რომ ეს არის გლობალური საფრთხე და არა რეგიონული მეტოქეობა ორ მტრულად განწყობილ ქვეყანას შორის? გეთანხმებით, რომ ბირთვული ამბიციების უქონელი ირანი გეოპოლიტიკურად ბევრად უსაფრთხო ქვეყანა იქნება, მაგრამ განა ამავე დროს უფრო სუსტი ქვეყანაც არ გახდება? ისრაელი დათანხმდება, რომელიმე სახელმწიფომ "რკინის გუმბათის" სარაკეტო სისტემის ჩამოშლა რომ მოითხოვოს? და ბოლოს, ისრაელი წლებია არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას საკუთარი ბირთვული შესაძლებლობების შესახებ. ამის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, რომ ირანმა თავისი არსენალი გაანადგუროს?

- გმადლობთ ამ შეკითხვისთვის და სწორედ ამის ახსნით დავიწყებ. ისრაელი არ წარმოადგენს საფრთხეს მსოფლიოსათვის და ჩვენ მრავალჯერ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია - ჩვენ არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის შემუშავებას. გარდა ამისა, ჩვენ ვართ მსოფლიო უსაფრთხოების საკითხზე არაერთი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე. ირანი კი სხვა საქმეა, არსებობს უამრავი მტკიცებულება ირანის ექსტრემისტული მისწრაფებებისა. რაც შეეხება მითს ირანის სისუსტისა და დაჩაგრულობის შესახებ, ირანი არ არის სუსტი სახელმწიფო, ეს ფაქტია. ეს არის დიდი შესაძლებლობების ქვეყანა. ჩვენ არ ვებრძვით ირანელ ხალხს, ჩვენი მიზანი არ არის ირანის, როგორც სახელმწიფოს დასუსტება.

- გამოდის, იდეოლოგიურ ომთან გვაქვს საქმე...

- არც მთლად ასეა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდეს. ჩვენ გვჯერა, რომ ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანი სახიფათოა მთელი მსოფლიოსათვის და არა მარტო ისრაელისთვის. თუმცა ეს ისრაელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ამიტომაც ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ბირთვული იარაღის მქონე ირანს. ისევე, როგორც არ უნდა შეეგუოს დანარჩენი მსოფლიო, მათ შორის საქართველოც.

- რამდენად აქვს ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა?

- შეთანხმების მიხედვით, ირანმა ურანიუმის გამდიდრება 20%-დან 5%-მდე უნდა დაიყვანოს. სწორედ ეს არის დასავლეთის კიდევ ერთი შეცდომა: ქვეყანას, რომელსაც შეუძლია ურანი 20%-მდე გაამდიდროს, ბირთვული ბომბის შექმნის პროცესის 80% უკვე გავლილი აქვს. რა გამოდის? ირანი დროებით 5%-მდე დაიყვანს ურანს, ერთ მშვენიერ დღეს კი განაცხადებს, რომ წესების მიხედვით თამაში აღარ სურს.

- რა მოხდებოდა, შეთანხმება რომ არ შემდგარიყო? ირანს რომ იგივე კურსი გაეგრძელებინა, რაც აჰმადინეჟადის დროს ჰქონდა?

- ის, რომ აჰმადინეჟადი ილანძღებოდა, ახალი პრეზიდენტი კი იღიმება, არ ნიშნავს იმას, რომ ირანმა კურსი შეცვალა. და მარტო ჩვენ არ ვფიქრობთ ასე, ჩვენს შეშფოთებას იზიარებენ მსოფლიოს ბევრ დედაქალაქში. პრეზიდენტმა ობამამ საჯაროდ განაცხადა, რომ ის არ შეეგუება ბირთვული ბომბის მქონე ირანს.

- მაშინ რატომ არ გაითვალისწინა დასავლეთმა ისრაელის პოზიცია?

- პრემიერმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დასავლეთში ისრაელის პოზიცია ნაწილობრივ არ გაითვალისწინეს. თუმცა სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. შეიძლება ჩვენ არ ვეთანხმებოდეთ ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთ საკითხში, მაგრამ ეს ტაქტიკური საკითხებია, სტრატეგია კი იგივე რჩება - ბირთვული ბომბის მქონე ირანი მსოფლიოსთვის საშიშია! მერე უკვე გვიან იქნება, ბომბის მქონე ირანი მსოფლიო ბალანსს შეცვლის! ამ საკითხზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან. ამ თემას აუცილებლად განვიხილავთ საქართველოს წარმომადგენლებთანაც.

- საქართველო რა როლს თამაშობს ამ პროცესებში?

- საქართველო გეოგრაფიულად დიდი ქვეყანა არ არის, მაგრამ უზარმაზარი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ასეთ სპეციფიკურ შემთხვევაში. ჩვენს ინტერესებში შედის, მჭიდრო კავშირი გვქონდეს რეგიონში ისეთ ქვეყანასთან, რომელიც ამ საკითხებზე ჩვენს მიდგომას იზიარებს და თან ასე ახლოსაა ირანთან. არ დაგავიწყდეთ, რომ ფოთისა და ბათუმის პორტები კავკასიიდან ერთადერთ შესასვლელ-გამოსასვლელია.

- შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ საქართველოსთან ირანის წინააღმდეგ პოლიტიკური ალიანსის შეკვრას გეგმავთ...

- ჩვენ უბრალოდ გვსურს, უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს და დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა პარტნიორობად გადავაქციოთ. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემს ქართველ კოლეგებთან მხოლოდ რუსთაველზე რომ მიწევდეს საუბარი, მაგრამ არის სტრატეგიული საკითხები, რომელთა განხილვაც აუცილებელია. თუნდაც ირანის ექსტრემისტული მისწრაფებები. 2012 წლის თებერვალში ჩვენი ერთ-ერთი მძღოლის მანქანის ქვეშ ბომბი აღმოჩნდა. აშკარაა, რომ საქმე გვქონდა ტერორისტულ აქტთან. ტერორიზმთან ბრძოლაში კი საჭიროა მოკავშირეები, მით უმეტეს, რომ ასეთი შემთხვევები საზიანოა თავად საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯისათვის. ბულგარეთის ინციდენტი ავიღოთ, როდესაც ებრაელი ტურისტებით სავსე ავტობუსი ააფეთქეს. მაშინ 6 კაცი დაიღუპა, ათზე მეტი კი დაიჭრა. რა გარანტია გვაქვს, რომ იგივე არ მოხდება ბათუმშიც, სადაც ყოველ წელს 20-30000 ებრაელი ტურისტი ჩადის? ასე რომ, პრობლემის გადაწყვეტაზე ერთად ვიმუშაოთ.

- ტურიზმი ახსენეთ და არ შემიძლია, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზეც არ გკითხოთ. შარშან, როდესაც საქართველომ პალესტინისთვის გაეროს დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი, ბევრი ვარაუდობდა, რომ ისრაელი, რაღაცით "სამაგიეროს გადაგვიხდიდა". შეიძლება ითქვას, მოხდა სრულიად საპირისპირო რამ...

- როგორც შარშან გითხარით, საქართველოს პოზიცია პალესტინის საკითხზე უსიამოვნო სიურპრიზი იყო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ორმა ქვეყანამ ერთმანეთთან დაახლოებაზე ხელი უნდა აიღოს. ეს ეპიზოდი წარსულს ჩაჰბარდა და ვცდილობთ, სტრატეგიული პარტნიორები გავხდეთ. ვიზის ლიბერალიზაცია კი პარტნიორობისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

- ზოგმა ქართველი მომლოცველებისთვის ისრაელის ვიზის არმიცემა სწორედ ასე აღიქვა. თქვენ მაშინ განაცხადეთ, რომ ისრაელს აშფოთებს მზარდი არალეგალური მიგრაცია საქართველოდან. რა შეიცვალა მას მერე? უვიზო რეჟიმის შემთხვევაში ხომ არალეგალური მიგრაცია უფრო გაიზრდება?

- საქართველოს მხრიდან ვიზის ცალმხრივად გაუქმებამ დაგვანახა, თუ როგორ გაიზარდა თქვენს ქვეყანაში ისრაელიდან ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა. ჩვენც გვინდა, რაც შეიძლება მეტი ტურისტი მივიღოთ საქართველოდან. რა თქმა უნდა, არალეგალური მიგრანტების მოზღვავება ჩვენთვისაც არასასურველია და ამის შემაკავებელ მექანიზმებზე ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად. ზოგიერთი ქვეყნისთვის გვაქვს კვოტა, თუ რამდენმა მოქალაქემ შეიძლება იმუშაოს ისრაელში ლეგალურად, შესაძლოა, საქართველოსთანაც იგივე მეთოდი გამოვიყენოთ. ამას დრო გვიჩვენებს.

ესაუბრა ვაჟა თავბერიძე

იხილეთ ვიდეო palitratv.ge-ზე