"ექსპრეზიდენტმა სეთურმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჭაბუა მთაწმინდაზე არ დაესვენებინათ" - კვირის პალიტრა

"ექსპრეზიდენტმა სეთურმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჭაბუა მთაწმინდაზე არ დაესვენებინათ"

" სააკაშვილი ბევრს ირბენს... ეს კაცი უსამშობლო კაცია, ასეთებს სამშობლოს განცდა არ აქვთ"

”გარდაცვლილი ჭაბუაც მოერია სეთურს”

როგორი იყო განვლილი წელი და რას უნდა ველოდოთ მომავალში, ამაზე პოეტი დავით  მაღრაძე გვესაუბრება:

- ჩვენი რეალობა ასეთია - ქვეყანაში დაუცველობის განცდა გაქრა. მოქალაქეს აქვს იმედი, რომ სამართალს იპოვის. ხალხს დაუცველობის, ხოლო ჩინოვნიკებს დაუსჯელობის განცდა გაუქრათ. უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანაში შეწყდა ადამიანების წამება, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი აწმყოს, არამედ ზოგადად, ქვეყნის სირცხვილი იყო. როგორც ლექსის მწერალი კაცი, გეტყვით, რომ ადამიანებს ღიმილი დაუბრუნდათ, ქუჩებში კეთილი სალამი დაბრუნდა და რაც მთავარია, გაჩნდა მომავლის იმედი. ჩვენს უცხოელ მეგობრებთან ყალიბდება ურთიერთობები, რომელიც განპირობებულია სიბრძნით და არა დუჟმორეული გადაწყვეტილებებით. კერძო საკუთრება გახდა ხელშეუხებელი და ძალადობით აღარ ხდება მისი ჩამორთმევა. და თუ რომელიმე ახალ ჩინოვნიკს მაინც გაუჩნდება ასეთი ზრახვა, ვურჩევდი მოჰყვეს წყალთან, როგორც ცუდი სიზმარი, თორემ მათ და მის მომხრეებს ისევე წაიღებს წყალი, როგორც წინა ხელისუფლება მიიტანა საკანში...

- საზოგადოების ნაწილი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას...

- სამართლიანობის აღდგენა დაწყებულია და აჩქარება ისევე არასწორია, როგორც შეფერხება. მე იმ ადამიანების ემოციას ვუერთდები, ვინც პროტესტს გამოთქვამს, რომ სამართლიანობის აღდგენა იგვიანებს, მაგრამ ხელისუფლებისაც მესმის - მხოლოდ ემოციით ვერ გადაწყვეტენ ვერაფერს, რადგან ადამიანების ბედი წყდება.

სამართალი უნდა აღდგეს, რათა სამომავლოდ არავის მოუვიდეს თავში განზრახვა, რომ ის ჯოჯოხეთი დაატრიალოს საქართველოში, რაც დაატრიალა ”ნაციონალურმა მოძრაობამ”.

- როგორ ფიქრობთ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რატომ არ ბრუნდება საქართველოში?

- მინდა ვისარგებლო თქვენი გაზეთის ფურცლებით და კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვუცხადო ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახს და ჩვენს თანამემამულეებს. ექსპრეზიდენტმა არქიფო სეთურმა მიიღო ისეთი კანონი, რომ ჭაბუა ამირეჯიბს მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე გადაღობებოდა. ჭაბუას წლოვანებაც და სნეულებაც იმდენად თვალსაჩინო გახლდათ, რომ ძნელი საწინასწარმეტყველო არ იყო მოახლოებული აღსასრული. ექსპრეზიდენტმა სეთურმა კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჭაბუა მთაწმინდაზე არ დაესვენებინათ, მაგრამ გარდაცვლილი ჭაბუაც მოერია სეთურს, ის ხალხმა აიყვანა მთაწმინდაზე, მიშას კი იქ არ მიესვლებოდა.

ახლა სააკაშვილი ბევრს ირბენს. არც მისი მარშრუტი მაინტერესებს და არც ადგილსამყოფელი. ეს კაცი უსამშობლო კაცია, ასეთებს სამშობლოს განცდა არ აქვთ, სამშობლოს განცდა ჰქონდა დათა თუთაშხიას და არა არქიფო სეთურს...

- მინდა გკითხოთ თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზეც. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერი თბილისელი უნდა იყოს...

- მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ჩემს ქალაქელებს მინდა ვუთხრა, - თბილისელობა პროფესია არ არის. ვინც უკეთ მოემსახურება თბილისს, ის იქნება ჩემთვის მისაღები.

დასასრულ, მინდა თქვენს გაზეთსა და მკითხველს მივულოცო ახალი წელი, ვუსურვო სიკეთე მათ და სრულიად საქართველოს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)