დეფი: "შესაძლოა უგულავას დავიწყებოდა, როგორ მოხვდა იქ...გააჩნია მეხსიერებას" - კვირის პალიტრა

დეფი: "შესაძლოა უგულავას დავიწყებოდა, როგორ მოხვდა იქ...გააჩნია მეხსიერებას"

"დეზინფორმაცია თუ არ იყო, მაშინ მათი გვამები სად არის?"

"ცალკეული ფრაზებით მანიპულირება ბრბოზე კარგად მუშაობს"

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეო, სადაც მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს, ისევ განსჯის საგანია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ ვიდეოში არაფერია კანონსაწინააღმდეგო. ჩვენ დავუკავშირდით მწერალ დავით-დეფი გოგიბედაშვილს და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ:

- ბატონო დეფი, გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოკადრებში იყო თუ არა რაიმე მოულოდნელობა თქვენთვის?

- "ორი გვამი მჭირდება" თუ ამ სიტყვებს გულისხმობთ, მაშინ ცხადია, იყო.

- რამდენად მისაღები იყო თქვენთვის ვანო მერაბიშვილის განმარტება?

- მისმინეთ - ადამიანი უდანაშაულოა მანამ, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. ერთი რამ ნათელია, ეს ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. ვიდეო, რომელიც შსს კუთვნილებაა და არა ცალკე პირის ან ჟურნალისტის. როგორ მოხვდა ეს ვიდეო ნეტში. ჩუკოტაევმა მალაიზიიდან ატვირთა? თანაც ერთი თვით ადრე, სანამ სასამართლო უნდა დასრულდეს და ვერდიქტი გამოტანილი იქნას. ჩვენ არ ვიცით მერაბიშვილის საუბარის მთლიანი კონტექსტი, ადვილია ცალკეული ფრაზებით მანიპულირება. ეს ბრბოზე კარგად მუშაობს. ვფიქრობ ამიტომაც აიტვირთა ეს ვიდეო, თანაც დამონტაჟებული სახით.

- თუ მართლაც 2 რუსი ინსტრუქტორის გვამს ითხოვდა მერაბიშვილი, რატომ მაშინვე არ განაცხადეს ამ რუსების არსებობის შესახებ, მაშინ როცა ეს ხელისუფლების წისქვილზე დაასხამდა წყალს?

- სახელმწიფო საიდუმლოებას, ვფიქრობ, ამიტომაც ჰქვია სახელმწიფო საიდუმლოება, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ. თანაც როგორც ირკვევა, შესაძლოა, დეზინფორმაციაც იყო. მაშინ მათი გვამები სად არის?

- გიგი უგულავამ თქვა, რომ არ ახსოვს, როგორ მოხვდა იქ. ამხელა მასშტაბის ამბოხთან გვქონდა საქმე, ცოტა უცნაური არაა ამის დავიწყება?

- არ ვიცი. შეიძლება, დაავიწყდა კიდეც. გააჩნია მეხსიერებას.

- სააკაშვილმა გამოძიების გარეშე დაასახელა დამნაშავეები. ეს არ იყო უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა?

- ჰკითხეთ იურისტებს. ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი, სახელმწიფოს დაცვა უნდა, მტერს მოგერიება.

- სააკაშვილმა მოღალატედ დაასახელა კობა კობალაძე, მაშინ როცა მისთვის პირადად აქვს გადაცემული ღირსების ორდენი. როდის შეცდა ექს პრეზიდენტი, ახლა თუ მაშინ?

- ადამიანს როცა ენდობი, ეს შეცდომა არაა. შემდეგ ვინ როგორ წარმოაჩენს თავს, მისივე საქმეები განსაზღვრავს. ქვეყნად არ არსებობს საიდუმლო, რომ არ გაცხადდეს. რაფალიანცის საქმე, პატარკაციშვილის საქმე, ჯიჰადის ვიდეოების საქმე, ჟვანიას საქმე და ა.შ. ამ ყველაფერზე გაუთავებელი ლაპარაკია, მალე სკანდალი იქნება და მალე ყველაფერი გაიხსნებაო, ახლა ამბოხიც. მრუდე სარკეების სამყაროს მაგონებს ეს ყველაფერი, როცა ჭეშმარიტებას დამახინჯებულად ხედავს ადამიანი. ასეთია "ქართული ოცნება" დამახინჯებული სარკეების მოყვარულთა საზოგადოებაში.

პ.ს. ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ბატონმა დეფიმ აღშფოთებული უსტარი მოგვწერა. მისი შეშფოთების მთავარ მიზეზს კი ამ მოკლე ციტატით გაგაცნობთ : "რა ვეღარ გაიგეთ რომ დეფი ჩემი ზედმეტი სახელი კი არაა, არამედ სახელია! პასპორტით და ყველა დოკუმენტით სახელია! ნუ სვამთ ბრჭყალებში! ნუ აკნინებთ ჩემ სახელს! საწრაფოდ შეცვალეთ ეს ყველაფერი ლადო! დღესვე შეცვალეთ. ახლავე! "

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)