ნუკრი ქანთარია: "დევნილი რას ნიშნავს, გზაშია, კიდევ მოსდევს კუდში ვინმე?" - კვირის პალიტრა

ნუკრი ქანთარია: "დევნილი რას ნიშნავს, გზაშია, კიდევ მოსდევს კუდში ვინმე?"

დევნილი თუ "გამოდევნილი"? – ნუკრი ქანთარიას დილემა

"ვერ ვხვდები, რატომ გადამაყოლეს ამ სიტყვას... გადაჭრით ხომ არ მითქვამს, ასე მოხდესთქო"

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ ტერმინი "დევნილი" უნდა შეიცვალოს. "ქართული ოცნების" წარმომადგენელს აინტერესებს, რამდენად მისაღებია თვითონ ტერმინი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის: - "დევნილი" ჩვენ დავამკიდრეთ: "დევნილი" პროცესს ნიშნავს, ანუ პირს, რომელსაც მოსდევენ. "გამოდევნილი" ნიშნავს რომ რაღაც ადგილიდან წამოვიდა და იქ არის და ამაზე იქნებ გვემსჯელა, რომ პირდაპირი კალკი არ იყოს... "დევნილი" დავამკვიდრეთ ჩვენ და ამ დროს საქმე გვაქვს, რომ ადგილს ტოვებენ და მოდიან, ანუ, შემდეგ უკვე აღარ დასდევენ", – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე ნუკრი ქანთარიამ, რომელსაც მოგვიანებით ჩვენც დავუკავშირდით.

ნუკრი ქანთარია:

- ვერ ვხვდები, რატომ გადამაყოლეს ამ სიტყვას, უბრალოდ ტერმინით დავინტერესდი, რამდენად შეესაბამება ეს სიტყვა რეალობას. რეალურად, დევნილი გამოდევნილი ადამიანია უკვე, ანუ დევნის პროცესი დასრულდა, მას აღარ დევნიან უკვე. დევნილი კი, ხომ არ ნიშნავს, რომ პროცესი კიდევ გრძელდება-მეთქი...

- "დევნილი" სოციალური სტატუსია, ანუ ადამიანთა მდგომარეობის განმსაზღვრელი ტერმინი...

- კი ბატონო, მესმის, მაგრამ ეს უფრო იძულებით გადაადგილებული პირია, რომელიც აიძულეს, ერთი ადგილიდან წამოსულიყო და სხვა ადგილას დამკვიდრებულიყო. მაგრამ ეს ხომ დამთავრებული პროცესია, ანუ ის იქიდან უკვე გამოდევნეს და პროცესი არ გრძელდება, მას უკვე აღარ დევნიან...

- რას გვთავაზობთ, დევნილი "გამოდევნილით" შევცვალოთ?..

- არა, მე მხოლოდ ვიკითხე, რამდენად სწორია ეს ტერმინი-მეთქი და ნამდვილად არ მეგონა, თუ ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა, უამრავი ადამიანი მირეკავს ამაზე...

- თავად დევნილებსაც აქვთ შეკითხვები?

- ასე კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ რაღაც თავის მართლების პოზიციაში მიწევს ყოფნა, არადა, უბრალოდ დავინტერესდი და ძალიან უწყინარი კითხვა დავსვი, რამდენად სწორად აღნიშნავს, ეს სიტყვა რეალობას. ადრე ლტოლვილს ვიყენებდით და შემდეგ მივხვდით, რომ არ იყო სწორი ფორმა, რადგან ლტოლვილი ერთი სახელმწიფოდან მეორეში გამოდევნილი პირების აღმნიშვნელია.

- მაშ რა არის ამ ადამიანების მდგომარეობის შესატყვისი?

- ალბათ, იძულებით გადაადგილებული პირები... ხომ არ ჯობია ეს ტერმინი დავამკვიდროთ-მეთქი, ისიც მსჯელობისთვის ვთქვი. გადაჭრით არ მითქვამს, ასე უნდა მოხდეს-მეთქი. დევნილი ვარო, რომ ამბობენ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ახლაც მისდევს ვინმე, გზაშია, კიდევ მოსდევს კუდში ვინმე?.. ანუ მე დევნილის არსში არ შევსულვარ და მათ უფლებებს არც შევხებივარ. ვიფიქრე, სიტყვა "ბეჟენცის" კალკი ხომ არ არის-მეთქი.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)