მარინა მიზანდარი: "ვადასტურებ, რომ ჩემი გადაყენება საყდრისის თემას უკავშირდება" - კვირის პალიტრა

მარინა მიზანდარი: "ვადასტურებ, რომ ჩემი გადაყენება საყდრისის თემას უკავშირდება"

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მისი პირველი მოადგილის, მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც ჩვენთან საუბარში მარინა მიზანდარი აცხადებს, მინისტრის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის საყდრისის მაღაროსა და საკადრო პოლიტიკის საკითხებში უთანხმოება გახდა...

მარინა მიზანდარი:

– დიახ, ვადასტურებ, რომ ბატონმა გურამმა ჩემი მოხსნის საკითხი დააყენა. იმასაც გეტყვით, რომ სანამ ეს ინფორმაცია გავრცელდებოდა, მანამდე ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა და მინისტრი ჩემი თანამდებობიდან გადაყენებას აპირებდა. გურამ ოდიშარიამ თავად მითხრა, თუ არ შევიცვლიდი თვალსაზრისს და არ დავემორჩილებოდი, უკიდურეს ზომებს მიმართავდა.

– გავრცელებული ინფორმაციით, თქვენი თანამდებობიდან გადაყენება საყდრისის თემას უკავშირდება...

– დიახ, ვადასტურებ, რომ ასეა, მნიშვნელოვანწილად ამას უკავშირდება, თუმცა, არის სხვა საკითხებიც, მაგალითად, საკადრო პოლიტიკა...

– თუ პრემიერ-მინისტრი თქვენს გათავისუფლებას დათანხმდა, რას აპირებთ? და საყდისის თემას მიუვრუნდებით თუ არა?

– აუცილებლად, ზოგადად, კულტურის სფეროში აქტიურობას ვაპირებ. ეს ის სფეროა, სადაც ჩემი პოზიციის გამოხატვას არასდროს ვერიდებოდი... გათავისუფლების შემთხვევაში, დამოუკიდებლად გავაგრძელებ მუშაობას, კონკრეტულად, ევროკავშირის პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტის სტატუსით, სხვადასხვა ქვეყანას ვეწვევი სამუშაოდ. თუმცა, არც საქართველოს მოწყდები, – კულტურული მემკვიდრეობის ხაზით საქმიანობას ვგეგმავ. ხოლო თუ პრემიერმა გურამ ოდიშარიას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, კულტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტზე დავრჩები და ზუსტად იგივე პოზიციით გავაგრძელებ მუშაობას, რომელიც ახლა მაქვს. იმედი მაქვს, ასეც მოხდება.

– როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოხერხდა ოქროს შუალედის პოვნა საყდრისის თემასთან დაკავშირებით?

– ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ მოხერხდა. არადა, იმედი მქონდა, რომ ეს შესაძლებელი იყო...

– როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში გურამ ოდიშარიას შეუძლია საკითხის გადაწყვეტა თუ ეს საკითხი მინისტრის "ზემოთ" წყდება?..

–  მიმაჩნია, რომ მისი უშუალო მონაწილეობისა და მისი პოზიციის გათვალისწინების გარეშე, ეს საკითხი უბრალოდ ვერ გადაწყდებოდა. ამ შემთხვევაში მისი და სამინისტროს პოზიციის უგულებელყოფა შეუძლებელია...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)