"აზრს ვერ ვხედავ პუტინისა და მარგველაშვილის შეხვედრაში... ვინ რას ეკითხება პრეზიდენტს?" - კვირის პალიტრა

"აზრს ვერ ვხედავ პუტინისა და მარგველაშვილის შეხვედრაში... ვინ რას ეკითხება პრეზიდენტს?"

"პრემიერ-მინისტრი უნდა შეხვდეს პუტინს, ის არის პირველი პირი საქართველოში. თუ მოსკოვი ვიღაც ისეთ ჩინოვნიკს გამოაგზავნის, რომელსაც მხოლოდ ტიტული აქვს, მაგრამ არაფერს ეკითხებიან, როგორც დღეს ჩვენი პრეზიდენტია, მაშინ შეხვდეს მარგველაშვილი"

"თუ გვინდა, რამე შედეგს მივაღწიოთ, არავითარ დეოკუპაციაზე არ უნდა ვისაუბროთ დასაწყისში"

"პუტინის შეთავაზება საქართველოსთვის შანსია, რომელზეც მხოლოდ სულელები ამბობენ უარს"

თითქმის ათწლიანი დუმილის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეიძლება შეხვედრა შედგეს. ცივი ომის ფორმატში არსებული მდგომარეობა, რომელიც 2008 წლის ზაფხულის თვეში შეიარაღებული დაპირისპირებით დასრულდა ანალიტიკოსების აზრით, ორივე ქვეყანას უმძიმებს სოციალურ, თუ პოლიტიკურ რეალობას. ამიტომ ისინი თვლიან, რომ შეხვედრა, თუნდაც შეხვედრისთვის უფრო მეტია, ვიდრე მუდმივი საინფორმაციო ომი, რომელიც წლებია უკვე გრძელდება. ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი სოსო ცინცაძე გვესაუბრება, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრას და რა ფორმატში უნდა ისაუბროს ქართულმა მხარემ.

- პუტინის შემოთავაზება მნიშვნელოვანია და იმედია, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ისეთ დონეზეა, რომ არ გვაქვს ფუფუნება, ულტიმატუმები წამოვაყენოთ და წინასწარ მოვითხოვოთ, რომ მაინცდამაინც დეოკუპაციაზე გვესაუბრონ.

- დეოკუპაციაზე საუბარი შეიძლება წინაპირობა იყოს იმის, რომ რუსეთმა საერთოდ არ გადაგვახვევინოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხებიდან.

- გუშინ "ნაციონალები" ამბობდნენ, რომ შეხვედრის წინ ქართულმა მხარემ მკაცრად უნდა მოითხოვოს, რომ საუბარი საქართველოს დეოკუპაციით დაიწყოს. "ნაციონალურ მოძრაობას" რაღაცა ეშლება, მაგათ დღემდე ჰგონიათ, რომ ომი რუსეთმა წააგო. დამარცხებული ქვეყანა ვართ და მოგვწონს თუ არა, რუსეთია უპირატეს მდგომარეობაში. თუ გვინდა, რამე შედეგს მივაღწიოთ, არავითარ დეოკუპაციაზე არ უნდა ვისაუბროთ დასაწყისში. მითუმეტეს არ უნდა ვისაუბროთ ულტიმატუმებით. როცა დიალოგი დაახლოვებს ამ ორ მხარეს, მაშინ თავისთავად წარმოიშობა ეს საკითხი.

- ვინ არის საქართველოში პირველი პირი, დღეს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. ისიც კი არ ვიცით, ვის ეკუთვნის პუტინთან შეხვედრა და ვინ უფრო გადამწყვეტი რგოლია პრეზიდენტი, თუ პრემიერი ქვეყანაში?

- სიმართლე გითხრა, აზრს ვერ ვხედავ პუტინისა და მარგველაშვილის შეხვედრაში. გეკითხებით, რა შედეგი უნდა მოჰყვეს მარგველაშვილის შეხვედრას მასთან, ვინ რას ეკითხება დღეს პრეზიდენტს, ძალიან მაინტერესებს?! პრემიერ-მინისტრი უნდა შეხვდეს პუტინს, ის არის პირველი პირი საქართველოში. თუ მოსკოვი ვიღაც ისეთ ჩინოვნიკს გამოაგზავნის, რომელსაც მხოლოდ ტიტული აქვს, მაგრამ არაფერს ეკითხებიან, როგორც დღეს ჩვენი პრეზიდენტია, მაშინ შეხვდეს და ამით არაფერი დაშავდება. მარგველაშვილი თქვენ რა, მართლა პრეზიდენტი ხომ არ გგონიათ?! ეს კაცი არის უბრალოდ მენეჯერი.

- საერთაშორისო საკითხები ჯერ კიდევ პრეზიდენტის კომპეტენციაა და არა პრემიერ მინისტრის, რომელსაც შიდა პოლიტიკის განსაზღვრა ევალება კონსტიტუციითაც.

- სტატუსებზე კი ნუ ვსაუბრობთ, არამედ გავიაზროთ, ვინ რას წარმოადგენს რეალურად. მაგალითად პუტინმა, რამე რომ შესთავაზოს მარგველაშვილს, როგორი იქნება მისი პასუხი თქვენი აზრით?! ის იტყვის, ჩავალ საქართველოში, შევეკითხები უფროსებს და მერე გეტყვითო. როგორ ფიქრობთ არასერიოზული პასუხი პრობლემად არ იქცევა ჩვენთვის?

- პუტინის დაანონსებული სურვილი იქნებ რუსეთის მორიგი სატყუარაა. მოგეხსენებათ, კარზე მოგვდგომია ზაფხული, როცა შეიძლება, საქართველომ ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულების დოცუმენტს...

- როდესაც რუსეთთან გვაქვს საქმე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მაგრამ დიპლომატიაც იმიტომ არსებობს, რომ სატყუარა გაარჩიო რეალობისგან.

- თუ რეალურად რამის შეთავაზებას მივიღებთ, გვიღირს ევროპულ არჩევანზე უარის თქმა?

- თუ პუტინმა დაგვისვა ულტიმატუმი, რომ თუ გინდათ ჯარები გავიყვანოთ, ნუ მოაწერთ ხელს ასოცირების ხელშეკრულებასო, ქართული მხარე იმავე წუთში არ უნდა დათანხმდეს, მაგრამ დიალოგის ახალი სივრცის გაჩენას ხელი არ უნდა შეუშალონ. მოკლედ, ამ შეხვედრას საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, თუმცა პუტინის შეთავაზება შანსია და შანსზე უარს მხოლოდ სულელები ამბობენ.

- ევროკავშირის ხელშეწყობა, რამდენად არის შანსი იმისთვის,, რომ საქართველომ ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს?

- ევროკავშირის დახმარებით დეოკუპაცია არასდროს მოხდება და მათი შუამავლობით უფრო შეგვეშლება ხელი ამ კონფლიქტების მოგვარებაში. რუსეთს არ მოსწონს მესამე მხარის ჩარევა და ის უფრო რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს ჩვენს წინააღმდეგ.

უტა ბიწაძე (სპეციალურად საიტისთვის)